ფორმულა 1: ბატონი "მაკლარენში" დარჩა

AutoSharing Option
გუშინ, ბრიტანულმა საჯინიბომ "მაკლარენმა" დაადასტურა ჯენსონ ბატონის კონტრაქტი 2016 წლის სეზონისთვის.

"ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ჯენსონთან ერთად განვიხილავდით ჩვენს გეგმებს და კმაყოფილები ვართ იმით, რომ ამ მოლაპარაკებებმა დღევანდელ განცხადებამდე მიგვიყვანა.

2016 წლის სეზონში, ბატონი "მაკლარენში" მიმდინარე ორწლიანი კონტრაქტის პირობებით იასპარეზებს. ჯენსონი - ყველაზე გამოცდილია ფორმულა 1-ის მოქმედ პილოტებს შორის. მომდევნო წელს, ის მხოლოდ მესამე პილოტი გახდება ისტორიაში რუბენს ბარიკელოსა და მიხაელ შუმახერის შემდეგ, ვისაც კოლექციაში 300 გრან-პრი ექნება. ეს გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი გუნდისთვის, თან ის ბრწყინვალე ფორმაშია და როგორც
ყოველთვის, სწრაფი", - განაცხადა გუნდის ხელმძღვანელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა რონ დენისმა.

"არ ვმალავდი, რომ ბოლო თვეში სერიოზულად ვფიქრობდი საკუთარ მომავალზე. მაგრამ, "მაკლარენში" უკვე ექვსი წელია გამოვდივარ და ამ დროის განმავლობაში, კარგად გავიცანი რონ დენისი. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ინტენსიური მოლაპარაკებები გვქონდა, რომლის დროსაც ცხადი გახდა, რომ რონს სურს გუნდის დღევანდელი კრიზისიდან გამოყვანა. ამან დამაჯერებლობა შემძინა და ამიტომაც გადავწყვიტეთ თანამშრომლობის გაგრძელება.

ეს სეზონი მძიმედ მიმდინარეობს ჩვენთვის, მაგრამ ვიცით, რაც უნდა გავაკეთოთ, რომ სიტუაციაში გარდატეხა შევიტანოთ. უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში, "ჰონდასთან" ერთად დაძაბული მუშაობა გველოდება. უნდა დავრწმუნდეთ, რომ 2016 წლის სეზონი გაცილებით უკეთესი იქნება, ვიდრე 2015 წელს", - ასეთი კომენტარი გაუკეთა ახალ ამბავს ბატონმა.

ოფიციალურად: ჰაასმა გროსჟანი აიყვანა
ამერიკული საჯინიბო Haas F1-ის ხელმძღვანელობამ არაერთხელ დაადასტურა, რომ 2016 წლის სეზონისთვის გამოცდილი პილოტის აყვანა სურდა. და აი, გუშინ, გამოცხადდა, რომ გაისად, ამერიკული გუნდისთვის სადებიუტო სეზონში, "ჰაასის" ღირსებას დაიცავს რომენ გროსჟანი, რომელიც "ლოტუსის" მოქმედი პილოტია.

"ის, რასაც ჯინ ჰაასი და მისი გუნდი ქმნის, დიდ შთაბეჭდილებას ახდებს. და ამაყი ვარ, რომ ამ პროექტში მივიღებ მონაწილეობას. ფორმულა 1-ში დაუჯერებლად დიდი კონკურენციაა და წარმატების მიღწევის ერთადერთი ხერხია - სამუშაოს მიმართ ახალი მიდგომის მონახვა.

ამ გუნდში ჩემს წინაშე ახალი შესაძლებლობები ჩნდება, რადგან მას სრულიად განსხვავებული მიდგომა აქვს ფორმულა 1-ის მიმართ. მე მჯერა ამ პროექტის, ხოლო გუნდში ჩემი სჯერათ.

სეზონის დარჩენილ ხუთ რბოლაში ვაპირებ ასი პროცენტით დავიხარჯო "ლოტუსის" მანქანის საჭესთან, რადგან ამ გუნდში უკვე ხუთი წელია გამოვდივარ. თუმცა აღმაფრენას მაძლევს პერსპექტივები, რომელიც ჩემს წინაშე Haas F1-ში იშლება", - განაცხადა გროსჟანმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული