ამ ფორუმში ვიდეოკონფერენციის რეჟიმში მონაწილეობა მიიღო ფორმულა 1-ის მენეჯმენტის ხელმძღვანელმა ბერნი ექლსტოუნმა.
მან განაცხადა, რომ ძალიან მალე, ჩემპიონატის აქციონერთა შემადგენლობაში ცვლილებები იქნება.
"ფორმულა 1-ის აქციონერები დღეს ისეთ მდგომარეობაში არიან, რომ მალე უნდა შეელიონ ჩემპიონატის ფასიან ქაღალდებს. ინტერესი ძალიან დიდია. მე ვიტყოდი, რომ ამ მომენტისთვის არსებობს სამი მხარე, რომელიც ამ აქციებზე პრეტენზიას აცხადებს. ცვლილებებს, შესაძლოა, უკვე ამ წელს უნდა ველოდოთ",
უკვე დიდი ხანია დადის ჭორები იმის შესახებ, რომ ფორმულა 1-ის ჩემპიონატის აქციათა 35 პროცენტის მფლობელი საინვესტიციო ფონდი CVC Capital Partners საკუთარი წილის გაყიდვას აპირებს. ამა წლის ზაფხულში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, გარიგების მიმართ დაინტერესებას ერთობლივად გამოთქვამენ ამერიკელი მილიარდერის სტივენ როსის ფონდი RSE Ventures და ყატარის ფონდი Qatar Sports Investments. უფრო ადრე, ექლსტოუნმა როსს ფორმულა 1-ის თანამფლობელობაზე სერიოზული პრეტენდენტი უწოდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"