ფორმულა 1. ბრაზილიის გრან-პრი: ინტრიგა თითქმის აღარ დარჩა

AutoSharing Option
როგორც 2014 წელს, წლევანდელი სეზონი ბრაზილიის ეტაპით არ სრულდებოდა, არამედ წინ უძღოდა აბუ დაბის დასკვნით რბოლას. მაგრამ თუ ერთი წლის წინ, ტიტულის ბედი დასკვნით ეტაპზე ირკვეოდა, 2015 წელს, ლუის ჰემილტონმა ჯერ კიდევ აშშ-ის გრან-პრიზე გაიფორმა ჩემპიონობა.

თუმცა გენერალურ კლასიფიკაციაში სხვა პოზიციებისთვის ბრძოლა გრძელდებოდა, ასე რომ, ბრაზილიურ ეტაპს ბევრისთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა.

შაბათს, ნიკო როსბერგმა ზედიზედ მეხუთედ მოიპოვა პოული. "მერსედესები" პირველი რიგიდან იღებდნენ სტარტს, "ფერარი" - მეორედან. სებასტიან ფეტელმა სეზონში მეთხუთმეტედ აჯობა კვალიფიკაციაში კიმი რაიკონენს.

რბოლის სტარტი საკმაოდ მშვიდი გამოვიდა: პირველმა
ოთხეულმა შეინარჩუნა საკუთარი პოზიციები, მეხუთეზე გასვლა კი ვალტერი ბოტასმა მოახერხა.

პიტსტოპების პირველი სერიის შემდეგ, ყველა დაწინაურებული საკუთარ პოზიციაზე დარჩა. ლიდერობისთვის ბრძოლა მე-19 წრეზე დაიძაბა, როცა ჰემილტონი ძალიან მიუახლოვდა როსბერგს. თითქოს ისე ჩანდა, რომ გერმანელს მუხრუჭებთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ლუისს DRS-ის გამოყენებამაც ვერ უშველა გასწრების განსახორციელებლად.

რბოლის ბოლომდე, ლიდერთა შორის გლობალური ცვლილებები არ მომხდარა. ნიკომ შეინარჩუნა ჰემილტონთან კომფორტული სხვაობა და უპრობლემოდ მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე.

გერმანელმა კარიერაში მე-13 გრან-პრი მოიგო და ამ მაჩვენებლით გაუთანაბრდა ალბერტო ასკარისა და დევიდ კულტჰარდს. რაც მთავარია, გუშინდელი რბოლის შემდეგ, როსბერგმა 31 ქულით გაუსწრო ფეტელს და გაინაღდა ვიცე-ჩემპიონის ტიტული.

ლუის ჰემილტონმა რბოლა მეორე ადგილზე დაასრულა - რვა წამით მოუგო ფეტელს. რაიკონენმა თანაგუნდელთან ნახევარ წუთზე მეტი წააგო, მაგრამ მაინც დაიკავა მეოთხე ადგილი. ხუთეული შეავსო ვალტერი ბოტასმა.

სეზონის ბოლო რბოლაში ყურადღება მიპყრობილი იქნება ბოტასის, რაიკონენისა და მასას მისამართით, რომლებიც მეოთხე ადგილისთვის იბრძვიან და მათ შორის სხვაობა მხოლოდ 15 ქულაა.

გუშინ, გაირკვა მესამე პრიზიორი კონსტრუქტორთა თასზე. "მერსედესსა" და "ფერარის" გარანტირებული ჰქონდათ პირველი და მეორე ადგილი, ხოლო ბრინჯაოს მედალი გაინაღდა "უილიამსმა". მეოთხე ადგილი "რედ ბულს" დარჩება, მეხუთე - "ფორს ინდიას".

ფინალური რბოლა აბუ დაბიში ორი კვირის შემდეგ გაიმართება.

სან პაულუ (71 წრე, 305.909 კმ)
1(1). ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) 1:31.09,090 (3 პიტ სტოპი)
2(2). ლუის ჰემილტონი (მერსედესი, ბრიტანეთი) +7,756 (3)
3(3). სებასტიან ფეტელი (ფერარი, გერმანია) +14,244 (3)
4(4). კიმი რაიკონენი (ფერარი, ფინეთი) +47,543 (2)
5(7). ვალტერი ბოტასი (უილიამსი, ფინეთი) 1 წრე (2)
6(5). ნიკო ჰიულკენბერგი (ფორს ინდია, გერმანია) 1 წრე (2)
7(6). დანიილ კვიატი (რედ ბული, რუსეთი) 1 წრე (2)
8(8). ფელიპე მასა (უილიამსი, ბრაზილია) 1 წრე (3)
9(14). რომენ გროსჟანი (ლოტუსი, საფრანგეთი) 1 წრე (3)
10(9). მაქს ფერსტაპენი (ტორო როსო, ჰოლანდია) 1 წრე (3)

11(15). პასტორ მალდონადო (ლოტუსი, ვენესუელა) 1 წრე (2)
12(19). დანიელ რიკარდო (რედ ბული, ავსტრალია) 1 წრე (3)
13(11). სერხიო პერესი (ფორს ინდია, მექსიკა) 1 წრე (3)
14(13). ფელიპე ნასრი (ზაუბერი, ბრაზილია) 1 წრე (2)
15(16). ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) 1 წრე (3)
16(20). ფერნანდო ალონსო (მაკლარენი, იტალია) 1 წრე (3)
17(12). მარკუს ერიქსონი (ზაუბერი, შვედეთი) 2 წრე (3)
18(18). უილ სტივენსი (მანორი, ბრიტანეთი) 4 წრე (2)
19(17). ალექსანდერ როსი (მანორი, აშშ) 4 წრე (2)
20(10). კარლოს საინსი (ტორო როსო, ესპანეთი) 71 წრე

კონსტრუქტორთა თასი
1. მერსედესი - 660; 2. ფერარი - 401; 3. უილიამსი - 257; 4. რედ ბული - 178; 5. ფორს ინდია - 120; 6. ლოტუსი - 73; 7. ტორო როსო - 66; 8. ზაუბერი - 36; 9. მაკლარენი - 27.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული