ფორმულა 1: ოთხი თვე უნდა მოვიცადოთ

AutoSharing Option
2015 წელს, ტიტულის ბედი და კონსტრუქტორთა თასის მფლობელის ვინაობა ვადაზე ადრე გაირკვა, საფინალო რბოლაში კი ლოკალური ორთაბრძოლები გველოდა, მაგალითად, მეოთხე ადგილისთვის კიმი რაიკონენსა და ჯენსონ ბატონს შორის.

ვარჯიშებსა და კვალიფიკაციაში დომინირებდნენ "მერსედესის" პილოტები, რომლებმაც სასტარტო ბილიკის პირველი ხაზი დაიკავეს. ზედიზედ მეექვსედ პოული ნიკო როსბერგმა მოიპოვა. მეორე რიგიდან სტარტს იღებდნენ რაიკონენი და სერხიო პერესი, მესამედან - დანიელ რიკარდო და ვალტერი ბოტასი.

შაბათს, მსოფლიოს ორი ჩემპიონი გამოეთიშა ბრძოლას კვალიფიკაციის პირველ სესიაში: ფერნანდო ალონსო საბურავის დაზიანების, ხოლო სებასტიან ფეტელი - გუნდის სტრატეგიის გამო:
"ფერარიში" დარწმუნებულნი იყვნენ, რომ პირველ ცდაზე ნაჩვენები შედეგი საკმარისი იქნებოდა მეორე სესიაში გადასასვლელად.

რბოლის სტარტი საკმაოდ დაძაბული გამოვიდა: თუ პირველმა ოთხმა პილოტმა დაიცვა საკუთარი პოზიცია, უკან ცვლილებები მოხდა. პირველ ათეულში ყველაზე უკეთესი სტარტი ნიკო ჰიულკენბერგსა და კარლოს საინსს ჰქონდათ, რომლებმაც ორ-ორი პოზიცია მოიგეს, ბოტასი კი მეექვსედან მეცხრე პოზიციამდე ჩამოქვეითდა.

პელოტონის ბოლოში ავარია მოხდა, რომელიც ფელიპე ნასრის მიერ იყო ორგანიზებული. ბრაზილიელი პირველ მოსახვევში დამუხრუჭებისას ალონსოს შეეხო, რითაც ესპანელი პასტორ მალდონადოს შეეჯახა. ვენესუელელისთვის რბოლა დასრულებული იყო.

ბოტასმა საერთო ჩათვლაში მეოთხე ადგილისთვის ბრძოლის შანსი მეცხრე წრეზე დაკარგა. პიტსტოპის შემდეგ, მან სახიფათოდ ჩაუჭრა გზა ჯენსონ ბატონს. ამ ინციდენტის შემდეგ, ფინელს არა მხოლოდ წინა ანტიფრთა დაუზიანდა, არამედ ხუთწამიანი ჯარიმა მიიღო, რითაც პელოტონის ბოლოში აღმოჩნდა.

ამასობაში, ფეტელმა მე-15 პოზიციიდან აიღო სტარტი და პირველ პიტსტოპამდე არა მხოლოდ ქულათა ზონაში შევიდა, არამედ მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა.

რაც შეეხება პირველობისთვის ბრძოლას, კარგა ხანი როსბერგი კომფორტული უპირატესობით უგებდა თანაგუნდელს: ხანდახან სხვაობა 7 წამს აღწევდა, მაგრამ მეორე პიტსტოპის წინ, ჰემილტონი თითქმის უკვე კუდზე აჯდა გერმანელს. ლუისი უფრო გვიან შევიდა ბოქსებში - ფინიშამდე 14 წრით ადრე და შესაბამისად, რბოლის ბოლო ნაწილში ის თანაგუნდელზე სწრაფი უნდა ყოფილიყო.

მაგრამ ბრძოლა მაინც არ შედგა: ფინიშამდე ხუთი წრით ადრე, ლუისმა აღიარა, რომ ტემპი არ ჰყოფნიდა გერმანელთან მისაახლოებლად. როსბერგმა ისევ აჯობა ტაქტიკურად ბრიტანელს და ზედიზედ მესამე რბოლა მოიგო.

მესამე ადგილი რაიკონენმა დაიკავა. წარუმატებელი რბოლების სერიის შემდეგ, კიმისთვის ეს პოდიუმი მნიშვნელოვანი იყო. თან მან მეოთხე ადგილზე დაასრულა ჩემპიონატი.

დიდი იმედების მიუხედავად, "ფერარიმ" ვერ შეძლო "მერსედესისთვის" კონკურენციის გაწევა - ვერც აბუ დაბიში და ვერც მთელი სეზონის განმავლობაში. გერმანულმა საჯინიბომ სეზონი ზედიზედ ოთხი დუბლით დაასრულა, როსბერგმა კი კარიერაში მე-14 რბოლა მოიგო, რითაც გაუთანაბრდა გრემ ჰილსა და ჯიმ კლარკს. "მერსედესისთვის" ეს იყო 45-ე გამარჯვება ფორმულა 1-ში.

შემდეგი სეზონი სამეფო რბოლებში ოთხი თვის შემდეგ დაიწყება - 20 მარტს, პილოტები ავსტრალიის გრან-პრიზე გამოვლენ. მანამდე კი გველოდება დაძაბული ზამთრის შესვენება და ორი სატესტო სერია ბარსელონაში.

აბუ დაბი (55 წრე, 305.355 კმ)
1(1). ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) 1:38.30,175 (2 პიტსტოპი)
2(2). ლუის ჰემილტონი (მერსედესი, ბრიტანეთი) +8,200 (2)
3(3). კიმი რაიკონენი (ფერარი, ფინეთი) +19,400 (2)
4(15). სებასტიან ფეტელი (ფერარი, გერმანია) +43,700 (2)
5(4). სერხიო პერესი (ფორს ინდია, მექსიკა) +1.03,900 (2)
6(5). დანიელ რიკარდო (რედ ბული, ავსტრალია) +1.05,000 (2)
7(7). ნიკო ჰიულკენბერგი (ფორს ინდია, გერმანია) +1.33,600 (2)
8(8). ფელიპე მასა (უილიამსი, ბრაზილია) +1.37,700(2)
9(18). რომენ გროსჟანი (ლოტუსი, საფრანგეთი) +1.38,200 (2)
10(9). დანიილ კვიატი (რედ ბული, რუსეთი) +1.42,086 (2)

11(10). კარლოს საინსი (ტორო როსო, ესპანეთი) +1.43,171 (2)
12(12). ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) 1 წრე (2)
13(6). ვალტერი ბოტასი (უილიამსი, ფინეთი) 1 წრე (3)
14(17). მარკუს ერიქსონი (ზაუბერი, შვედეთი) 2 წრე (2)
15(14). ფელიპე ნასრი (ზაუბერი, ბრაზილია) 1 წრე (3)
16(11). მაქს ფერსტაპენი (ტორო როსო, ჰოლანდია) 1 წრე (3)
17(16). ფერნანდო ალონსო (მაკლარენი, იტალია) 1 წრე (4)
18(19). უილ სტივენსი (მანორი, ბრიტანეთი) 2 წრე (2)
19(20). რობერტო მერი (მანორი, ესპანეთი) 4 წრე (1)
20(13). პასტორ მალდონადო (ლოტუსი, ვენესუელა) 55 წრე

საერთო ჩათვლა
1. ლუის ჰემილტონი - 381 (10 მოგება); 2. ნიკო როსბერგი - 322 (6); 3. სებასტიან ფეტელი - 278 (3); 4. კიმი რაიკონენი - 150; 5. ვალტერი ბოტასი - 136; 6. ფელიპე მასა - 125; 7. დანიილ კვიატი - 95; 8. დანიელ რიკარდო - 92; 9. სერხიო პერესი - 78; 10. ნიკო ჰიულკენბერგი - 58; 11. რომენ გროსჟანი - 49; 12. მაქს ფერსტაპენი - 48; 13. ფელიპე ნასრი - 27; 14. პასტორ მალდონადო - 26; 15. კარლოს საინსი - 18; 16. ჯენსონ ბატონი - 16; 17. ფერნანდო ალონსო - 11; 18. მარკუს ერიქსონი - 9.

კონსტრუქტორთა თასი
1. მერსედესი - 703; 2. ფერარი - 428; 3. უილიამსი - 257; 4. რედ ბული - 187; 5. ფორს ინდია - 136; 6. ლოტუსი - 78; 7. ტორო როსო - 67; 8. ზაუბერი - 36; 9. მაკლარენი - 27.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული