ფორმულა 1: "რენო" "დიდ ცირკში" ბრუნდება

AutoSharing Option
ოფიციალურად გამოცხადდა, რომ ფრანგულმა ავტოკონცერნმა "რენომ" ფორმულა 1-ის საჯინიბო "ლოტუსი" შეიძინა და 2016 წლის სეზონში საკუთარი გუნდით გამოვა. "რენო" 40 წელია "დიდ ცირკში" მოღვაწეობს - ან საკუთარი გუნდით იყო წარმოდგენილი ან ძრავებს აწვდიდა სხვა საჯინიბოებს.

გასულ სეზონში, "ლოტუსის" ღირსებას იცავდნენ ფრანგი რომენ გროსჟანი და ვენესუელელი პასტორ მალდონადო, რომლებიც პირად ჩათვლაში, შესაბამისად, მე-11 და მე-14 ადგილებზე გავიდნენ. თავად გუნდი კონსტრუქტორთა თასზე მეექვსე ადგილზე აღმოჩნდა.

ამ ამბის გამოცხადების შემდეგ, გერმანულმა გამოცემა Auto Motor und Sport-მა დაწერა, რომ "რენოს" ბიუჯეტი დაახლოებით 250 მილიონი
დოლარი იქნება. ცნობისთვის, სწორედ ეს თანხაა ბოლო ორი ჩემპიონატის საუკეთესო გუნდის - "მერსედესის" ბიუჯეტი.

"რენოს" გენერალურ დირექტორს კარლოს გონს მიაჩნია, რომ გუნდს სამი წელი დასჭირდება წარმატების მისაღწევად.

"იმის გათვალისწინებით, რამდენად მოტივირებულები არიან სხვა გუნდები, სამი წელი იქნება საჭირო იმისთვის, რომ კონკურენტუნარიანები გავხდეთ, - განაცხადა Autosport-თან კომენტარში გონმა. - გავაგრძელებთ ძრავების მიწოდებას, მაგრამ ამას ჩვენი გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე გავაკეთებთ.

"რენოს" მდიდარი ისტორია აქვს. 40 წელია მისი სახელი ფორმულა 1-ს უკავშირდება. ჩვენი გუნდი მეორეა მოგებებისა და ტიტულების რაოდენობით. ჩამოვრჩებით "ფერარის", მაგრამ ვუსწრებთ "მერსედესს".

"რედ ბული" და "რენო" ისევ ერთად არიან
ამასობაში, "რედ ბულმა" დაადასტურა, რომ 2016 წელს კვლავაც "რენოს" ძრავებს გამოიყენებს, ოღონდ TAG Heuer-ის მარკით. შესაბამისად, მომავალ სეზონში ავსტრიული საჯინიბოს სრული სახელწოდება იქნება - Red Bull Racing-TAG Heuer RB12.

"TAG Heuer და "რედ ბული" - ორი უჩვეულო ბრენდია, რომლებსაც რბოლებისადმი ლტოლვა და ყველაფრის სხვა სტილში კეთება ახასიათებთ. ეს უნიკალური თანამშრომლობა კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ TAG Heuer ყოველთვის იყო ლეგენდა ფორმულა 1-ის სამყაროში და მოხარულები ვართ, რომ მათ გადაწყვიტეს სპორტთან კავშირის გაგრძელება.

ჩვენ ასევე კმაყოფილი დავრჩით იმით, რომ "რენომ" დაადასტურა თავისი ერთგულება ფორმულა 1-ის მიმართ. და გვინდა მადლიერები გამოვხატოთ ამ კომპანიის მიმართ იმ წვლილისთვის, რომელიც მან 2007 წლიდან "რედ ბულის" განვითარებაში შეიტანა", - განაცხადა "რედ ბულ რეისინგის" ხელმძღვანელმა კრისტიან ჰორნერმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული