ლუის ჰემილტონი: სენას ვერასოდეს გავუთანაბრდები

AutoSharing Option
ფორმულა 1-ში წლის შედეგების შეჯამებისას, ბევრმა სპორტულმა გამოცემამ "მერსედესის" ბრიტანელი ლუის ჰემილტონი სეზონის საუკეთესო პილოტად აღიარა.

მათ შორისაა ჟურნალი AutoHebdo. ფრანგული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში მსოფლიოს ჩემპიონმა სეზონის შედეგები შეაჯამა, აგრეთვე ილაპარაკა თავის გატაცებებზე, მუსიკაზე და ცხოვრებისეულ შეხედულებებზე...

- შეიძლება ითქვას, რომ წელს მოპოვებული ტიტული წინა ორზე მნიშვნელოვანია?
- არა, ის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც წინა ორი ტრიუმფი. თითოეული თავისებურად უნიკალურია და რთულია მათი რანგის მიხედვით დაყოფა. თუმცა ჩემთვის მართლაც სასიამოვნო იყო მესამე ტიტულის მოპოვება. ბავშვობაში აღფრთოვანებული ვიყავი აირტონ სენათი და არ
შემეძლო მეოცნება თუნდაც ერთ ტიტულზე, რომ არაფერი ვთქვათ სამზე.

- ალბათ, მცირე თავბრუსხვევას იწვევს აზრი იმის შესახებ, რომ შედეგებით აირტონ სენას გაუთანაბრდით?
- არ ვგრძნობ თავს სენას თანასწორად. ვერასოდეს გავუთანაბრდები მას, რადგან ის ავტოკატასტროფა რომ არა, გაცილებით მეტს შეძლებდა. სინამდვილეში, ისეთი გრძნობა მაქვს, რომ მისგან დროშა გადავიბარე და ამით წინ უნდა ვიარო.

- თქვენს ბევრ ტატუს რელიგიური მოტივები აქვს. როგორც აირტონი, თქვენც რელიგიური ადამიანი ხარ?
- ცოტა რამ ვიცი აირტონ რწმენის შესახებ. მე მორწმუნე ვარ, ვლოცულობ და შეძლებისდაგვარად, ეკლესიაში დავდივარ. ჩემთვის მნიშვნელოვანია რწმენა, მაგრამ ეს ძალიან პირადია.

- რაც მეტია ტიტული, მით მეტია დიდება. როგორ უმკლავდებით გაზრდილ პოპულარობას? მოგწონთ ეს?
- როცა სტევენეიჯელი პატარა ბიჭი ვიყავი და მამის დივანზე მეძინა, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთ ყურადღებას მივიპყრობდი. ეს ბედის ნამდვილი საჩუქარია და მიმაჩნია, რომ საწუწუნო არაფერი მაქვს.

მცირე უხერხულობები, რომელიც თან ახლავს დიდებას, ხელს ვერ შემიშლის სიამოვნება მივიღო პოპულარობისგან. ჩემი გულშემატკივრები იმდენ ენერგიას მაძლევენ! იმედი მაქვს, გარკვეულ წილად, შთაგონების წყარო გავხდები ბავშვებისთვის, რომლებსაც სურთ ცხოვრებაში განახორციელონ საკუთარი ოცნებები. ჩემი მაგალითი ამტკიცებს - არასოდეს არ უნდა დანებდე, მუდმივად მიზნისკენ უნდა იარო.

- იქმნება შთაბეჭდილება, რომ თავისუფალი დროის დიდ ნაწილს არტისტების, მოდელიერებისა და ჰოლივუდის ვარსკვლავების გარემოცვაში ატარებთ...
- როცა ფორმულა 1-ში იწყებთ გამოსვლას, ყოველთვის გაკერებენ რაღაც იარლიყს და მიგაკუთვნებენ ადამიანების ამა თუ იმ ჯგუფს. პრობლემა იმაშია, რომ მე არ ვექვემდებარები კლასიფიკაციას, რადგან ჩემი ინტერესები გაცილებით ფართოა.

შემთხვევითი არ არის, რომ ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარეობს - იქ აღმიქვამენ ისეთად, როგორიც ვარ და არ აინტერესებთ ჩემი სამუშაო. იქ ჩემზე ობიექტური აზრი აქვთ. არავინ ფიქრობს, რომ მიცნობს იქამდე, სანამ გამომელაპარაკება. შესაძლოა, ეს იმასაც უკავშირდება, რომ ფორმულა 1-ს აშშ-ში ნაკლებად იცნობენ. სწორედ ამიტომაც, ბოლო რამდენიმე წელია იქ შესანიშნავი მეგობრები შევიძინე.

- თქვენ რომ მარტო რბოლებით იყოთ დაკავებული, უფრო კონკურენტუნარიანი იქნებოდით?
- არ ღირს ამაზე ფიქრი და თეორიების აგება. მე ცხოვრების ასეთი სტილი მაქვს, ჩემს შემთხვევაში ის კარგად მუშაობს. ეს არის და ეს. ვაღწევ კარგ შედეგებს და ყველაფრით კმაყოფილი ვარ.

- მნიშვნელოვანია თქვენთვის - რაღაცნაირად გამოეთიშოთ ფორმულა 1-ს ორ რბოლას შორის შესვენებისას?
- თქვენ მეტად სქემატურად ხატავთ ყველაფერს - სინამდვილეში, საზღვარი არც ისეთი მკვეთრია. ავტოსპორტი - ეს ჩემი სამუშაოცაა და გატაცებაც. მუსიკას ან სხვა რამეს ჯერ სპორტზე არ გაუმარჯვია. სპორტი ბავშვობიდან ავსებდა მთელს ჩემს ცხოვრებას და ბევრს ვმუშაობდი, რომ აქ აღმოვჩენილიყავი. მომწონს რბოლები და დროთა განმავლობაში ეს გატაცება არ განელებულა.

თუ დავუბრუნდებით თქვენს კითხვას, ორ რბოლას შორის არ ვეთიშები ფორმულა 1-ს - ვაანალიზებ შედეგებს და ვმუშაობ ინჟინრებთან. ეს წარმატების ერთ-ერთი პირობაა, რომელიც არასოდეს არის შემთხვევითი. ვაგრძელებ ვარჯიშს და ა. შ. სხვაობა იმაშია, რომ სხვა საქმეც მჭირდება მოდუნებისთვის. სწორედ ამით ვარ დაკავებული.

- თქვენ მოგწონთ არა მხოლოდ მუსიკოსები, არამედ მთლიანად ხელოვანი ადამიანები. თქვენთვის ხელოვნების ნიმუშის შექმნის შანსი რომ მოეცათ, რას მიიღებდით?
- არ ვიცი. მართალი ხართ, ხელოვანი ადამიანი ვარ და მომწონს თვითგამოხატვის ხერხების ძიება. რა თქმა უნდა, აღფრთოვანებული ვარ არტისტებით, რომლებსაც შეუძლიათ იგრძნონ თავისუფლება და ექსპერიმენტები ჩაატარონ. მაგალითად, კანიე უესტი - ის საოცარი მუსიკოსია და მოდის სამყაროში წარმატებული მეწარმეც.

- პილოტი რომ არ გამოსულიყავით, ვინ იქნებოდა ლუის ჰემილტონი?
- ვფიქრობ, ხელოვნებას გავყვებოდიი, მაგრამ არ ვიცი რა სფეროში.

- შესაძლოა, მუსიკა გაძლევთ შესაძლებლობას - გაუზიაროთ თქვენი გამოცდილება სხვებს? თქვენ ხომ ამას წინათ, თაყვანისმცემლებს თქვენი სიმღერების ორი ფრაგმენტი აჩვენეთ...
- მუსიკა ყოველთვის იყო ჩემი ცხოვრების ნაწილი. 13 წლიდან გიტარაზე ვუკრავ. ეს ჩემი ნაწილია და ყოველთვის მინდოდა გამეზიარებინა გულშემატკივრებისთვის, რათა მათი აზრი გამეგო. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, აღმოვაჩინე მოდის სამყარო. უნდა ვაღიარო, რომ მას შემდეგ, ის მუდმივად მაოცებს.

- შესაძლოა, გსმენიათ ჩოგბურთელ იანიკ ნოაზე, რომელმაც 1983 წელს როლან გაროსი მოიგო. კარიერის დასრულების შემდეგ, ის წარმატებული მუსიკოსი გახდა. აპირებთ იგივე გზის გავლას?
- არა, ასე არ ვფიქრობ. არ განვიხილავ მუსიკას პროფესიული კარიერის ჭრილში. ეს შესანიშნავი ჰობია, გატაცება... ჩავწერე საკმაოდ ბევრი კომპოზიცია, მაგრამ მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის. თუ ორი მათგანი გულშემატკივრებს ვუჩვენე, ეს არ ნიშნავს, რომ მუსიკოსი უნდა გამოვიდე.

- თქვენთვის მნიშვნელოვანია აღიარება? AutoHebdo-მ ზედიზედ მეორედ დაგასახელათ "წლის მრბოლელად". როგორ უყურებთ ამას?
- აღიარებას არ ვეძებ, მაგრამ ის სიამოვნებას მანიჭებს. ჩემთვის ეს ნიშანია, რომ კარგად შევასრულე სამუშაო.

- ხშირად ხართ პარიზში. როგორც ჩანს, ეს ქალაქი აღმაფრენას გაძლევთ. რატომ?
- პარიზი - იშვიათი სილამაზის ცოცხალი და აქტიური ქალაქია. ის ხელოვნების სულით არის გამსჭვალული. და მე ეს განსაკუთრებით მომწონს. იქ ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი გავიცანი. ეს ქალაქი ძალიან ძვირფასია ჩემთვის.

- ბოლოს, თქვენს თანაგუნდელზე ვისაუბროთ. სავარაუდოდ, სეზონის ბოლოს ზედიზედ სამი მოგებით, ნიკო როსბერგი ფიქრობს, რომ თქვენ ეჭვი შეიტანეთ საკუთარ შესაძლებლობებში. ასეა?
- სინამდვილეში, სეზონის ბოლო სამი რბოლა - საუკეთესოა, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო. ის მახსენებს, რომ არ შეიძლება მიღწეულით დაკმაყოფილება, ამიტომაც კიდევ უფრო მეტად მინდა მომავალ სეზონში საუკეთესო გავხდე. დარწმუბული ვარ, ეს სამი გრან-პრი დამეხმარება ამის მიღწევაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული