ფორს ინდია წინსვლას გეგმავს

AutoSharing Option

მორიგი გუნდი, რომელმაც ახალი ბოლიდის პრეზენტაცია მოაწყო, ინდური საჯინიბო "ფორს ინდია" გახლავთ. ინდოელებმა VJM04-ის ონლაინ პრეზენტაცია შემოგვთავაზეს, რასაც გუნდის ხელმძღვანელთა კომენტარები მოყვა.

"წელს უფრო ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, - ამბობს გუნდის შეფი ვიჯეი მალია. - ჩვენთან სამი პილოტი ირიცხება, რომლებსაც ქულების, პოდიუმებისა და გამარჯვებების მოპოვების დიდი ამბიცია გააჩნიათ. გუნდს გამოცდილი ტექნიკური ჯგუფი ჰყავს, რომელიც იოლად უღებს ალღოს ტექნიკურ რეგლამენტში მუდმივ ცვლილებებს. გარდა ამისა, ისეთ კომპანიებთან თანამშრომლობა, როგორებიც არიან - McLaren Applied Technologies და Mercedes-Benz High Performance Engines, დამატებით შესაძლებლობებსა და რესურსებს

გვანიჭებს".
"ფორს ინდიას" ძლიერი შემადგენლობა ჰყავს - ძირითადი პილოტები: ადრიან სუტილი და პოლ დი რესტა, ტესტ პილოტი ნიკო ჰიულკენბერგი. შოტლანდიელი დი რესტა დებიუტანტია, რომელმაც სეზონისწინა ტესტებზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
"შედეგი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. უბრალოდ მინდა მუშაობაში პოზიტიური მიდგომა გამოვიყენო, რბოლებში ფინიშამდე მივაღწიო, სტაბილურად გამოვიდე და საერთო საქმეში შესამჩნევი წვლილი შევიტანო, რადგან კონსტრუქტორთა თასზე მაღალი ადგილის დაკავებას ვაპირებთ", - ამბობს დი რესტა.

შარშან "ფორს ინდიამ" კონსტრუქტორთა თასზე 68 ქულით მეშვიდე ადგილი დაიკავა - ეს გუნდის არსებობის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული