ლუის ჰემილტონმა, რომელმაც პირველ ორ გრანპრიზე პოული მოიპოვა, ამჯერად ვერ შეძლო ბრძოლა - ტექნიკური პრობლემის გამო, მან ერთი სწრაფი წრეც ვერ გაიარა და ბოლო პოზიციიდან მოუწია სტარტის აღება. პოული კი მისმა თანაგუნდელმა ნიკო როსბერგმა მოიპოვა, რომელსაც მოგებული ჰქონდა სეზონის პირველი ორი რბოლა და უპირატესობის გაზრდის კარგი შანსი მიიღო.
სტარტზე მეორე იყო დანიელ რიკარდო, რომელმაც როსბერგთან ნახევარი წამი წააგო. მეორე რიგი დაიკავეს კიმი რაიკონენმა და სებასტიან ფეტელმა, მესამედან დაიწყეს რბოლა
* * *
სტარტი შანხაის ტრასაზე გიჟური გამოვიდა: რიკარდოს ბრწყინვალე რეაქცია ჰქონდა სასტარტო სიგნალზე და პირველ მოსახვევში ლიდერის რანგში შევიდა.
ამასობაში, "ფერარის" პილოტებმა - ფეტელმა და რაიკონენმა პირველ ვირაჟზე გზა ვერ გაიყვეს: გერმანელი ფინელის მანქანის უკანა ნაწილს შეეხო და ის ტრაექტორიიდან გადააგდო, ამით კი საკუთარი წინა ანტიფრთა დააზიანა. რბოლის შემდეგ, ფეტელმა ამ ინციდენტში რუსი დანიილ კვიატი დაადანაშაულა.
ამავდროულად, პელოტონის ბოლო რიგებში კონტაქტი ვერ აიცილეს თავიდან რომენ გროსჟანმა, ჰემილტონმა და ფელიპე ნასრმა, რის შემდეგაც, ისინი იძულებულნი გახდნენ პიტ-სტოპზე შესულიყვნენ.
მესამე წრის შემდეგ, პირველი ათეული ასე გამოიყურებოდა: რიკარდო, როსბერგი, კვიატი, პერესი, ჰიულკენბერგი, საინსი, ფეტელი, ბატონი, მასა, ბოტასი...
მესამე წრის ბოლოს, რიკარდოს ბოლიდზე დაზიანდა უკანა მარცხენა საბურავი, თუმცა ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ავსტრალიელს როსბერგმა გაუსწრო "მერსედესის" ძრავის სიმძლავრის წყალობით. ასე რომ, რბოლის ახალი ლიდერი როსბერგი გახდა, "რედ ბულის" პილოტი კი მე-18 ადგილამდე დაქვეითდა.
მეოთხე წრეზე გამოჩნდა უსაფრთხოების მანქანა, რათა ტრასა ნამსხვრევებისგან გაეწმინდათ. როგორც ჩანს, სწორედ ეს ნამსხვრევები გახდა რიკარდოს საბურავის გასკდომის მიზეზი.
რესტარტი მეცხრე წრეზე შედგა, ტოპ-ათეულის მდგომარეობა კი ასეთი იყო: როსბერგი, მასა, ალონსო, კვიატი, ვერლიაინი, გუტიერესი, პერესი, პალმერი, ბოტასი, ბატონი...
ძალიან მალე, კვიატი, რომელმაც პიტსტოპი უსაფრთხოების მანქანის რეჟიმში შეასრულა, მეორე ადგილზე გადავიდა - გაუსწრო ალონსოსა და მასას.
მე-16 წრისთვის ფეტელი, რიკარდო და ჰემილტონი უკვე პირველ ათეულში იყვნენ, შესაბამისად, მეოთხე, მერვე და მეათე ადგილებზე.
მომდევნო 13-14 წრის განმავლობაში, ტრასაზე უამრავი გასწრება იყო, რაც გამოწვეული იყო საბურავების სტრატეგიის მრავალფეროვნებით: მრბოლელები, რომლებიც ტრასაზე გაცვეთილი საბურავებით მოძრაობდნენ, წინააღმდეგობას ვერ უწევდნენ პილოტებს ახალი საბურავებით. სხვათა შორის, ფელიპე მასამ იწინასწარმეტყველა ასეთი სიტუაცია ეტაპის წინ, როცა განაცხადა, რომ რბოლის დროს ბევრი "ფეიკ-გასწრება" იქნებოდა.
ტოპ-ათეული 30 წრის შემდეგ ასე გამოიყურებოდა: როსბერგი, კვიატი, ფეტელი, მასა, ბოტასი, რიკარდო, საინსი, რაიკონენი, ჰემილტონი, ფერსტაპენი...
36-ე წრეზე კვიატი და ფეტელი ერთდროულად შევიდნენ ბოქსებში: რუსის მანქანაზე "მედიუმის" საბურავები დააყენეს, ფეტელს კი "სოფტი" მისცეს. უფრო რბილ საბურავებზე "ფერარის" სიჩქარე ფანტასტიკური იყო და კვიატმა სწორ მონაკვეთზე წინ გაუშვა გერმანელი.
43-ე წრეზე ჰემილტონი მეოთხე ადგილზე მყოფ მასას უკან გაიჭედა. ამით ისარგებლა რიკარდომ, რომელიც ამ დუეტს მიუახლოვდა და თანმიმდევრობით ჩამოიტოვა უკან ჯერ ლუისი, შემდეგ მასა.
რიკარდო შექებას იმსახურებს, რადგან მაქსიმალურად გაწელა ბოქსებში შესვლა, რათა რბოლის ბოლო ნაწილში კონკურენტებზე უფრო ახალი საბურავები ჰქონოდა. ამ სტრატეგიამ ასი პროცენტით გაამართლა.
სანამ ჰემილტონი მასასთან წვალობდა, მას რაიკონენი მიუახლოვდა. ფინელმა "სოფტით" დამაჯერებელი მანევრი შეასრულა, შემდეგ კი, რიკარდოს მსგავსად, მასას გასწრებაც შეძლო.
ნიკო როსბერგი კი იშვიათად ხვდებოდა ტელეკამერების ობიექტივებში. გერმანელი პირველობისთვის ბრძოლაში არავის შეუწუხებია და მან ზედიზედ მეექვსე ეტაპი მოიგო. გერმანელი მხოლოდ მეოთხე ადამიანია ისტორიაში, ვინც ზედიზედ შეძლო მინიმუმ ხუთ ეტაპზე პირველობის მოპოვება. წელს, ნიკოს ჯერ არ ჰქონია სერიოზული წინააღდეგობა - ალბათ, როსბერგი არ ელოდა სეზონის სტარტზე ასეთ საჩუქრებს.
კოშმარული სტარტის შემდეგ, ფეტელმა მაინც მოიპოვა მეორე ადგილი, რისი წყალობითაც, "ფერარი" პოდიუმის გარეშე არ ტოვებს წლევანდელ რბოლებს. მესამეზე გავიდა კვიატი, ხოლო ზედიზედ მესამე რბოლაში მეოთხე ადგილზე რიკარდო აღმოჩნდა.
სამი ეტაპის ჯამში, ქულათა მაქსიმუმი აქვს როსბერგს - 75. ლუის ჰემილტონი ისევ მეორეა, მაგრამ თანაგუნდელს უკვე 36 ქულით ჩამორჩა, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის გრანპრის შედეგების მიუხედავად, ნიკო პირველ ადგილს შეინარჩუნებს. რბოლა სოჭში პირველ მაისს გაიმართება.
ჩინეთის გრანპრი (56 წრე, 305.066 კმ)
1(1). ნიკო როსბერგი (გერ) Mercedes 1:38.53,891 25
2(4). სებასტიან ფეტელი (გერ) Ferrari +37,776 18
3(6). დანიილ კვიატი (რუს) Red Bull +45,936 15
4(2). დანიელ რიკარდო (ავსტრა) Red Bull +52,688 12
5(3). კიმი რაიკონენი (ფინ) Ferrari +1.05,872 10
6(10). ფელიპე მასა (ბრა) Williams +1.15,511 8
7(22). ლუის ჰემილტონი (ბრიტ) Mercedes +1.18,230 6
8(9). მაქს ფერსტაპენი (ჰოლ) Toro Rosso +1.19,268 4
9(8). კარლოს საინსი (ესპ) Toro Rosso +1.24,127 2
10(5). ვალტერი ბოტასი (ფინ) Williams +1.26,192 1
11(7). სერხიო პერესი (მექ) Force India +1.34,283
12(11). ფერნანდო ალონსო (ესპ) McLaren +1.37,253
13(12). ჯენსონ ბატონი (ბრიტ) McLaren +1.41,990
14(18). ესტებან გუტიერესი (მექ) Haas 1 წრე
15(13). ნიკო ჰიულკენბერგი (გერ) Force India 1 წრე
16(15). მარკუს ერიქსონი (შვედ) Sauber 1 წრე
17(17). კევინ მაგნუსენი (დან) Renault 1 წრე
18(21). პასკალ ვერლიაინი (გერ) Manor 1 წრე
19(14). რომენ გროსჟანი (საფ) Haas 1 წრე
20(16). ფელიპე ნასრი (ბრა) Sauber 1 წრე
21(20). რიო ჰარიანტო (ინდოენეზ) Manor 1 წრე
22(19). ჯოლიონ პალმერი (ბრიტ) Renault 1 წრე
საერთო ჩათვლა
1. ნიკო როსბერგი 75 (3)
2. ლუის ჰემილტონი 39
3. დანიელ რიკარდო 36
6. სებასტიან ფეტელი 33
4. კიმი რაიკონენი 28
6. ფელიპე მასა 22
7. დანიილ კვიატი 21
8. რომენ გროსჟანი 18
კონსტრუქტორთა თასი
1. მერსედესი 114
2. ფერარი 61
3. რედ ბული 57
4. უილიამსი 29
5. ჰაასი 18
6. ტორო როსო 17
7. ფორს ინდია 6
8. მაკლარენი 1
საერთო ჩათვლა
1. ნიკო როსბერგი 75 (3)
2. ლუის ჰემილტონი 39
3. დანიელ რიკარდო 36
6. სებასტიან ფეტელი 33
4. კიმი რაიკონენი 28
6. ფელიპე მასა 22
7. დანიილ კვიატი 21
8. რომენ გროსჟანი 18
9. მაქს ფერსტაპენი 13
10. ვალტერი ბოტასი 7
11. ნიკო ჰიულკენბერგი 6
12. კარლოს საინსი 4
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"