მიხაელ შუმახერიც სწრაფი ყოფილა

AutoSharing Option

ვალენსიას ტესტებზე არც ისე შთამბეჭდავი შედეგების შემდეგ "მერსედეს გრან-პრიმ" თავისი შესაძლებლობები ხერესის ტესტების მეორე დღეს აჩვენა. გუშინ წრეზე საუკეთესო დრო მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა მიხაელ შუმახერმა დააფიქსირა. საინტერესოა, რომ გერმანელმა ეს შედეგი 10-წრიანი სერიის პირველ წრეზე აჩვენა, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ მომენტისთვის შუმის მანქანა ცარიელი ავზით არ ყოფილა. თუმცა უფრო გრძელ სერიებზე მიხაელი დაახლოებით წამით ჩამორჩებოდა "რედ ბულის" ტემპს.

შუმახერის გარდა მხოლოდ წინა დღის ლიდერმა ფელიპე მასამ ("ფერარი")  შეძლო წრის წუთსა და 21 წამზე ნაკლებ დროში გავლა. სადილის შემდეგ "ფერარი"

სავსე ავზებით მუშაობაზე გადავიდა და მასას დრო 1.27-ის ფარგლებში იყო. გუშინ ბრაზილიელმა "ხერეს-დე-ლა-ფრონტერაზე" ყველაზე მეტი - 116 წრე გაიარა.

მესამე დროის ავტორი ჯენსონ ბატონი გახდა. დილით "მაკლარენი" მანქანის სხვადასხვა სისტემებისა და კვანძების შემოწმებით იყო დაკავებული, დღის მეორე ნახევარში კი ბატონი უფრო ხშირად ჩნდებოდა ტრასაზე, მაგრამ არც ერთ თავის სერიაში ექვს წრეზე მეტი არ გაუვლია. საბოლოო ოქმში მსოფლიოს 2009 წლის ჩემპიონის გვერდითაა ხაიმე ალგერსუარი "ტორო როსოდან". ესპანელმა ავარიაში მოხვედრაც მოასწრო - მეცხრე მოსახვევში გადავარდა ტრასიდან.

 

მეხუთე ადგილზე აღმოჩნდა მარკ უებერი, თუმცა "რედ ბულს" ეტყობოდა, რომ სულაც არ დასდევდა სწრაფ წამებს. ჩემპიონი გუნდი გრძელ სერიებზე იყო ორიენტირებული. ამ მხრივ კი ავსტრალიელი პილოტი საუკეთესო იყო. ასე მაგალითად, 19-წრიანი სერიისას "რედ ბულის" პილოტის საშუალო დრო 1.24 წამი იყო - არც ერთ სხვა პილოტს ასეთი სტაბილურობისთვის არ მიუღწევია.

 

გუშინდელი სატესტო დღე რამდენჯერმე შეწყდა წითელი დროშებით. ალგერსუარის გარდა, ამის მიზეზი გახდა სერხიო პერესი, რომელმაც თავის "ზაუბერს" წინა ნაწილი დაუზიანა. ტესტების დასრულებამდე ერთი საათით ადრე პასტორ მალდონადომ თავისი "უილიამსი" დაამტვრია. და კიდევ, ზედიზედ მეორედ მოუცურდა მანქანა "ლოტუს-რენოს" რუს პილოტ ვიტალი პეტროვს.

 

მეორე დღის შედეგები:


1. შუმახერი (მერსედესი) 1:20.352 (112)
2. მასა (ფერარი) + 0.061 (116)
3. ბატონი (მაკლარენი) +0.657 (69)
4. ალგერსუარი (ტორო როსო) +0.862 (72)
5. უებერი (რედ ბული) +1.261 (113)
6. სუტილი (ფორს ინდია) +1.428 (73)
7. პერესი (ზაუბერი) +1.505 (56)
8. გლოკი (ვირჯინი) +1.856 (57)
9. პეტროვი (რენო) +2.141 (65)
10. მალდონადო (უილიამსი) +2.239 (38)
11. ტრული (ლოტუსი) +2.864 (40).

 

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 1 /
თუ მერსედესმა ასე გააგრძელა შუმი ტიტულის დაბრუნებას შეძლებს, თუმცა სამუშაო უამრავიაქვთ კიდევ
avtuko
15:01 12-02-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული