სენსაცია ჰაიდფელდისგან

AutoSharing Option

გამოცდილმა გერმანელმა პილოტმა ნიკ ჰაიდფელდმა "ლოტუს-რენოში" ტრავმირებული რობერტ კუბიცას ადგილის დასაკავებლად დიდი ნაბიჯი გადადგა. ცნობილია, რომ ამ საჯინიბოს ხელმძღვანელობა პოლონელის შემცვლელს ეძებს და როგორც ჩანს, იპოვნა კიდეც. "ლოტუს რენოს" ახალი მანქანით წინა ორ დღეს ტესტებს რუსი ვიტალი პეტროვი ატარებდა, რომელსაც ორჯერ ავარია მოუვიდა და ათეულშიც ვერ შეაღწია, გერმანელმა კი პირველივე ჯერზე სწრაფად აუღო ალღო მისთვის უცხო ტექნიკას და ხერესის ტესტების მესამე დღეს მთელი ერთი წამით აჯობა რუსის მიერ წინა დღეს ნაჩვენებ დროს. შუადღის შესვენების შემდეგ კი სატესტო სესიის ბოლომდე პირველობა გაინაღდა.

 

ჰაიდფელდის დრო სულ რაღაც 0.009 წამით უარესი იყო წინა დღის ლიდერის - მიხაელ შუმახერის შედეგზე. აღსანიშნავია, რომ ნიკმა საუკეთესო შედეგი რვაწრიანი სერიის დასაწყისში დაამყარა, საიდანაც შეიძლება დავასკვნათ, რომ მის მანქანაში საწვავის ავზი ბოლომდე ცარიელი არ ყოფილა. კიდევ ერთი დასკვნა იმაში მდგომარეობს, რომ პეტროვი აშკარად აფერხებს "ლოტუს რენოს" წინსვლას. შარშანდელი გაუთავებელი შეცდომების შემდეგ გაუგებარია, რატომ დატოვა გუნდმა რუსი ძირითად პილოტად.

მეორე დრო აჩვენა ფერნანდო ალონსომ, რომელიც ჰაიდფელდს 0.132 წამით ჩამორჩა. "ფერარის" ესპანელმა პილოტმა ფელიპე მასა შეცვალა და გუშინ ყველაზე მეტი - 131 წრე გაიარა. ასევე გადაცდა ასწრიან ზღვარს მიხაელ შუმახერი. მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი მესამე იყო, რითაც დაადასტურა "მერსედესის" პროგრესი.

 

"მაკლარენმა" ბევრი დრო დაკარგა მანქანისთვის საჭირო დეტალების არქონის გამო. ამიტომაც ლუის ჰემილტონმა მხოლოდ 36 წრე გაიარა, თუმცა მეოთხე ადგილზე აღმოჩნდა. ისიც აღსანიშნავია, რომ ბრიტანელმა ეს დრო მოკლე სესიებისას დააფიქსირა.


გუშინ ტრასაზე მსოფლიოს ჩემპიონი სებასტიან ფეტელი ვიხილეთ. მას მეექვსე დრო ჰქონდა. "რედ ბულმა" ისევ წრეების გრძელ სერიებზე იმუშავა და სებამ სტაბილურად მაღალი საშუალო დრო აჩვენა.


* * *
ხერესის ტესტები გუშინ დასრულდა და ბოლო დღეს მაყურებელმა მოულოდნელი შედეგები იხილა. "უილიამსის" პილოტმა რუბენს ბარიკელომ ყველაზე მაღალი სიჩქარე განავითარა, თანაც უახლოეს მდევარს ძალიან ბევრი - 0.769 წამი მოუგო.


ალონსომ ზედიზედ მეორე დღეა კარგი შედეგი აჩვენა და ისევ საუკეთესო სამეულში მოხვდა. გულშემატკივრებს იმედები გაუცრუეს ჯენსონ ბატონმა და ფეტელმა, რომლებმაც დღის ლიდერებს კონკურენცია ვერ გაუწიეს.


III დღე
1. ჰაიდფელდი (ლოტუს-რენო) 1:20.361 (86)
2. ალონსო (ფერარი) +0.132 (131)
3. შუმახერი (მერსედესი) +0.693 (114)
4. ჰემილტონი (მაკლარენი) +0.738 (36)
5. კობაიაში (ზაუბერი) +0.881 (84)
6. ფეტელი (რედ ბული) +1.213 (98)
7. ბუემი (ტორო როსო) +1.320 (92)
8. კოვალაინენი (ლოტუსი) +1.350 (61)
9. ბარიკელო (უილიამსი) +1.866 (99)
10. დი რესტა (ფორს ინდია) +2.584 (64)
11. დ'ამბროზიო (ვირჯინი) +5.110 (72)

 

IV დღე
1. ბარიკელო (უილიამსი) 1:19.832 (104)
2. კობაიაში (ზაუბერი) +0.769 (86)
3. ალონსო (ფერარი) +1.242 (115)
4. ბუემი (ტორო როსო) +1.381 (90)
5. სენა (ლოტუს-რენო) +1.568 (68)
6. კოვალაინენი (ლოტუსი) +1.800 (43)
7. როსბერგი (მერსედესი) + 2.271 (45)
8. ფეტელი (რედ ბული) +2.39 (90)
9. ბატონი (მაკლარენი) +2.446 (70)
10. დ'ამბროზიო (ვირჯინი) +3.153 (45)
11. დი რესტა (ფორს ინდია) +3.279 (99).

 

 

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 1 /
პერტოვი, უცხო სიტყვაა და F1 ენაზე სპონსორს ნიშნავს :)
avtuko
14:42 14-02-2011
0

სიახლეები პოპულარული