ბერნი ოპოზიციამ დაამარცხა

AutoSharing Option
ოფიციალურად დადასტურდა, რომ ფორმულა 1-ის ახალი ჩემპიონატის პირველი ეტაპი - ბაჰრეინის გრან-პრი ქვეყანაში არეული პოლიტიკური სიტუაციის გამო გაუქმდა. თანაც ეს გადაწყვეტილება არა ფორმულა 1-ის ბოსმა ბერნი ექლსტოუნმა, არამედ ბაჰრეინის მთავრობამ მიიღო. გასაგებია, რომ ქვეყანაში, სადაც არ წყდება ანტისამთავრობო გამოსვლები, ავტოსპორტისთვის არ სცხელათ.

სახალხო მღელვარება, რომელმაც აზიისა და აფრიკის მთელი რიგი ქვეყნები მოიცვა, ბაჰრეინსაც გადაედო. თუმცა აქ განსაკუთრეული სპეციფიკა არსებობს - არეულობა რელიგიურ ნიადაგზე მოხდა, მაგრამ ფორმულა 1-სთვის მსგავსი აღმოსავლური თავისებურებები საინტერესო არ არის. უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ამ ქვეყანაში უსაფრთხოება
იყოს დაცული. დემონსტრაციები, მასობრივი საპროტესტო აქციები, სისხლიანი შეტაკებები, სროლა ქუჩებში, მსხვერპლი... ამ ყველაფრის მოწმენი გასულ კვირას GP2 Asia-ს სერიის მონაწილეები გახდნენ.

მიუხედავად ამისა, GP2 Asia-ს ეტაპის ორგანიზატორები ბოლო მომენტამდე წელავდნენ რბოლის გაუქმების გადაწყვეტილებას - ხუთშაბათს დილით ერთი დღით გადადეს თავისუფალი პრაქტიკა, ხოლო რბოლა რამდენიმე საათის შემდეგ გააუქმეს. ისიც ფორმალური მიზეზით - საჰირის ავტოდრომზე სამედიცინო პერსონალი არ იყო. ექიმები ბაჰრეინის საავადმყოფოებში არიან გადანაწილებულნი.

ექლსტოუნმა ფორმულას გრან-პრის გარშემო არსებული პრობლემები ორი დღით ადრე დაადასტურა: "წარმოდგენა არ მაქვს, რა ხდება იქ, მაგრამ საფრთხე აშკარაა". ბერნის გასაჭირი გასაგებია - სასტარტო გრან-პრის გაუქმება მას დიდ თანხად დაუჯდება, მაგრამ თავის მოტყუება და ბაჰრეინში გამგზავრება დიდ რისკთან იყო დაკავშირებული. ადგილობრივ რადიკალებს თავისუფლად შეეძლოთ ფორმულა 1-ის ეტაპის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება. მაყურებლებსა თუ გუნდების პერსონალს შორის მსხვერპლი საშინელი დარტყმა იქნებოდა "დიდი ცირკის" პრესტიჟისთვის. ასე რომ, ექსლტოუნი ბაჰრეინის მთავრობისგან სრული უსაფრთხოების გარანტიას ითხოვდა ან იმის დადასტურებას, რომ მათ არ შეეძლოთ ასეთი გარანტიის მიცემა.


* * *
ამასობაში, სიტუაცია სულ უფრო იძაბებოდა. თავიდან ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ (სწორედ ამ ქვეყანაში აქვთ ფორმულა 1-ის მონაწილე გუნდების უმრავლესობას ბაზები) დაბეჯითებით ურჩია თავის მოქალაქეებს თავი შეეკავებინათ ბაჰრეინში მგზავრობისგან. შემდეგ გუნდებმა გადაწყვიტეს ბაჰრეინში 3-6 მარტს დანიშნული ტესტების გაუქმება (მოგვიანებით ტესტების დასკვნითი სერია 8-11 მარტს ბარსელონაში დანიშნეს). იმ მომენტისთვის გრანპრის ჩატარების ალბათობა 10 პროცენტით ფასდებოდა. ორშაბათს კი ეს შანსი ნული პროცენტი გახდა.

"მიგვაჩნია, რომ დღეს ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია მთელი ყურადღება იმ პრობლემების მოგვარებაზე გადაიტანოს, რომელიც სახელმწიფო ინტერესებს უკავშირდება", - განაცხადა ბაჰრეინის გრან-პრის შეფმა და მემკვიდრე პრინცმა სალმან ბინ ჰამად ბინ ისა ალ ჰალიფმა. 41 წლის პრინცი ახლა ოპიზიციასთან მოლაპარაკებებით არის დაკავებული და რბოლებისთვის არ სცალია - ძალაუფლება აქვს შესანარჩუნებელი. ეს ექლსტოუნსაც კარგად ესმის. მან პრინცს კონფლიქტის სწრაფად მოგვარება და ბაჰრეინში რბოლების დაბრუნება უსურვა.


* * *
ასე რომ, 2011 წლის ჩემპიონატი ორი კვირის დაგვიანებით - 27 მარტს მელბურნში დაიწყება. საგულისხმოა, რომ მრავალი წლის განმავლობაში სწორედ ავსტრალიური ეტაპი ხსნიდა ფორმულა 1-ის სეზონს, მაგრამ 2006 წელს ეს უფლება ჯერ დროებით დაუთმო ბაჰრეინს (თანამეგობრობის თამაშების გამო), ხოლო 2010 წლიდან - სამუდამოდ. ამბობდნენ, რომ ბაჰრეინმა კალენდარში პრესტიჟული ადგილისთვის დიდი ფული გადაიხადა.

არ არის გამორიცხული, საჰირის ავტოდრომზე რბოლა წელს მაინც გაიმართოს. ისევ და ისევ კომერციული მოსაზრებით. ეს შეიძლება სეზონის მეორე ნაწილში მოხდეს. არის 20 ნოემბრის ვარიანტი - საემიროებისა და ბრაზილიის ეტაპებს შორის. თუ, რა თქმა უნდა, ქვეყანაში პოლიტიკური პრობლემები მოგვარდება.

მაყურებელი სულაც არ დარჩენილა აღფრთოვანებული დამატებითი ორკვირიანი მოლოდინის გამო, სამაგიეროდ, კმაყოფილნი არიან გუნდები და პილოტები. ახლა მათ არ მოუწევთ სიცოცხლის გარისკვა ან ეტაპის თვითნებური ბოიკოტი, რაც ბერნისგან მკაცრ ფინანსურ სანქციებს გამოიწვევდა.


2011 წლის კალენდარი
27 მარტი - ავსტრალიის გრან-პრი
10 აპრილი - მალაიზიის გრან-პრი
17 აპრილი - ჩინეთის გრან-პრი
8 მაისი - თურქეთის გრან-პრი
22 მაისი - ესპანეთის გრან-პრი
29 მაისი - მონაკოს გრან-პრი
12 ივნისი - კანადის გრან-პრი
26 ივნისი - ევროპის გრან-პრი
10 ივლისი - ბრიტანეთის გრან-პრი
24 ივლისი - გერმანიის გრან-პრი
31 ივლისი - უნგრეთის გრან-პრი
28 აგვისტო - ბელგიის გრან-პრი
11 სექტემბერი - იტალიის გრან-პრი
25 სექტემბერი - სინგაპურის გრან-პრი
9 ოქტომბერი - იაპონიის გრან-პრი
16 ოქტომბერი - კორეის გრან-პრი
30 ოქტომბერი - ინდოეთის გრან-პრი
13 ნოემბერი - აბუ დაბის გრან-პრი
27 ნოემბერი - ბრაზილიის გრან-პრი.





.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული