კვალიფიკაცია
- ბრაზილიაში კვალიფიკაციიის მოგებით, ლუის ჰემილტონმა სეზონში მე-11 პოული მოიპოვა, რითაც შარშანდელი რეკორდი გაიმეორა. ეს იყო ბრიტანელის მე-60 პოულია კარიერაში. ბრიტანელი ამ მაჩვენებლით მესამეა ყველა დროის რეიტინგში აირტონ სენასა (65) და მიხაელ შუმახერის (68) შემდეგ.
- "მერსედესი" გახდა პირველი გუნდი, რომელმაც სეზონში 19 პოული მოიპოვა. ნიკო როსბერგი პირველი პილოტია ისტორიაში, ვინც 19-ჯერ აიღო სტარტი პირველი რიგიდან.
რბოლა
- ლუის ჰემილტონმა კარიერაში პირველად მოიგო რბოლა "ინტერლაგუშზე". ბრიტანელი პირველი პილოტია ისტორიაში, ვისაც 24 სხვადასხვა ტრასაზე მოუგია (წინა რეკორდსმენი იყო მიხაელ შუმახერი - 23 ტრასაზე გამარჯვება).
- ჰემილტონმა კარიერაში 52-ე რბოლა მოიგო და ახლა, ერთპიროვნულად უკავია მეორე ადგილი ყველა დროის რეიტინგში. ლუისი მხოლოდ მიხაელ შუმახერს (91) ჩამორჩება.
1. მიხაელ შუმახერი 91
2. ლუის ჰემილტონი 52
3. ალენ პროსტი 51
4. სებასტიან ფეტელი 42
5. აირტონ სენა 41
6. ფერნანდო ალონსო 32
7. ნაიჯელ მენსელი 31
8. ჯეკი სტიუარტი 27
9. ჯიმ კლარკი 25
9. ნიკი ლაუდა 25
11. ხუან-მანუელ ფანხიო 24
- "ინტერლაგუშზე" მოგება ლუის ჰემილტონისთვის მეცხრეა სეზონში - ამდენიმე გამარჯვება აქვს წელს ნიკო როსბერგს.
- ჰემილტონი კარიერაში მეცხრედ ლიდერობდა სტარტიდან ფინიშამდე - ამდენივე ჰქონდა მის თანამემამულეს ნაიჯელ მენსელს. ამ მაჩვენებლით ლიდერია - აირტონ სენა, რომელიც 19 რბოლაში ლიდერობდა სტარტიდან ფინიშამდე.
- ჰემილტონი და როსბერგი 39-ედ ავიდნენ ერთად პოდიუმზე, რითაც გააუმჯობესეს მიხაელ შუმახერისა და რუბენს ბარიკელოს რეკორდი - 38 ერთობლივი პოდიუმი.
- "მერსედესმა" ახალი რეკორდი დაამყარა კონსტრუქტორთა თასზე მოპოვებული ქულების რაოდენობით - 722 ქულა.
- დანიელ რიკარდომ და ნიკო როსბერგმა გაიმეორეს კიმი რაიკონენის 2012 წელს დამყარებული რეკორდი - სეზონში 19 რბოლაში მოიპოვეს ქულები.
- ბრაზილიის გრანპრის ბოლოსწინა წრეზე, დანიელ რიკარდომ ერთ სეზონში გავლილი დისტანციის მიხედვით ახალი რეკორდი დაამყარა. წელს, ავსტრალიელმა გაიარა სეზონის ყველა გრანპრის 99.91 პროცენტი ანუ 6086 კილომეტრი. წინა რეკორდი კიმი რაიკონენს ჰქონდა 2012 წელს - 6081 კილომეტრი.
- ბრაზილიის გრანპრის მე-40 წრეზე, "მერსედესი" გახდა პირველი გუნდი, რომელიც ერთ სეზონში 5 ათას კილომეტრზე მეტს ლიდერობდა.
- მაქს ფერსტაპენი გახდა ყველაზე ახალგაზრდა პილოტი, ვინც რბოლის საუკეთესო წრე გაიარა - 19 წლის, ერთი თვისა და 14 დღის. წინა რეკორდი ეკუთვნოდა ნიკო როსბერგს - 20 წელი, 8 თვე და 13 დღე.
- "ფორს ინდიამ" უკვე მოიპოვა უფრო მეტი ქულა, ვიდრე სხვა რომელიმე სეზონში თავის ისტორიაში - 163. წინა საუკეთესო მაჩვენებელი იყო - 155 ქულა 2014 წელს.
- მეცხრე ადგილზე გასვლით, ფელიპე ნასრმა სეზონში პირველი ქულები მოუტანა "ზაუბერს". პირველად 2009 წლის შემდეგ, ჩემპიონატის ყველა გუნდმა აიღო ქულა.
- "მაკლარენი" მეორე გუნდია "ფერარის" შემდეგ, რომელმაც ისტორიაში 800 გრანპრი ჩაატარა. "ფერარის" აქვს 928 მატჩი, "მაკლარენს" - 800 და "უილიამსს" - 681.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"