მიხაელ შუმახერის სამწლიანი ბრძოლის ქრონიკა - ფუჭად დახარჯული 16 მილიონი?

AutoSharing Option
ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის მიხაელის შუმახერის ოჯახმა სამი წლის განმავლობაში 16 მილიონი ევრო დახარჯა პილოტის მკურნალობაზე. ამის შესახებ წერს გამოცემა The Daily Mirror.

საერთო ჯამში, შუმახერის მდგომარეობას აკვირდება 15 სპეციალისტი. პერსონალის მომსახურება და სამედიცინო აპარატურის არენდა კვირაში დაახლოებით 130 ათასი ევრო ღირს. ხარჯების დასაფარად, მიხაელის ოჯახმა გაყიდა სახლი ნორვეგიაში და პილოტის პირადი თვითმფრინავი.

ამ მომენტისთვის, 48 წლის პილოტი არ არის მიჯაჭვული საწოლს და შეუძლია, მაგალითად, სავარძელში ჯდომა. შუმახერი ცნობს ნათესავებს, მაგრამ არ ლაპარაკობს, რადგან სახის კუნთები ატროფირებული აქვს.

ზუსტად
სამი წლის წინ, შვეიცარიის ალპებიდან შოკისმიმგვრელი ახალი ამბავი გავრცელდა: მიხაელ შუმახერმა თხილამურებით სრიალისას თავის ტვინის ტრავმა მიიღო და ერთ-ერთ ადგილობრივ ჰოსპიტალში კომაში იმყოფება.

გარკვეული დროის შემდეგ, ექიმებმა გერმანელი პილოტი კომატოზური მდგომარეობიდან გამოიყვანეს, მაგრამ იქედან მოყოლებული, პრაქტიკულად არანაირი ინფორმაცია არ არსებობს "წითელი ბარონის" ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. დღეისთვის მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ შუმახერი ცოცხალია, მაგრამ ძველებურად არ შეუძლია დგომა სხვისი დახმარების გარეშე და სრულფასოვან ცხოვრებაში მხოლოდ სასწაული თუ დააბრუნებს.

გავიხსენოთ მიხაელის ბრძოლის მესამე წლის ქრონიკა.

* * *
2015 წლის დეკემბრის ბოლოს, ფრანგულმა პრესამ დაწერა, რომ შუმახერის ოჯახი მიხაელის მკურნალობაზე თვეში 500 ათას ევროს ხარჯავს. Le Parisien-ის ინფორმაციით, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის ნათესავებმა გასაყიდად გამოიტანეს საკოლექციო "ფერარი" FXX 11.2 მილიონი ევროს ღირებულებით.

ჯერჯერობით ნაადრევია შუმახერების ოჯახის კეთილდღეობაზე ნერვიულობა. იგივე Le Parisien-ის ცნობით, ფორმულა 1-ში 20-წლიანი კარიერისას, მიხაელმა 715 მილიონი ევრო გამოიმუშავა, ხოლო In Auto News-ის მონაცემებით, შუმახერი ისევ შედის შვეიცარიის ყველაზე მდიდარ ადამიანებს შორის, რომლებიც სპორტს უკავშირდებიან.

შუმახერის ჯანმრთელობა არასოდეს ყოფილა მხოლოდ ფორმულა 1-ის საქმე - ეს არის მთელი მსოფლიოს ტრაგედია. 2016 წლის იანვრის შუა რიცხვებში, ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა ჟან ტოდტმა განაცხადა, რომ მიხაელის ჯანმრთელობაზე თვით რომის პაპი ლოცულობს.

"ყველამ იცის, როგორი ახლოა ჩემთვის მიხაელი. ის ჩემი ოჯახის ნაწილი გახლავთ. ვთხოვე პაპს - თუ მოისურვებს, ილოცოს მიხაელისთვის. და ის სიხარულით დათანხმდა. პაპი იცნობს შუმახერს და იცის ინციდენტის შესახებ", - თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში ტოდტმა.

მიუხედავად იმისა, რომ ტრაგედიიდან სამი წელი გავიდა, შუმახერის მდგომარეობის შესახებ ჭორები დღესაც რეგულარულად ვრცელდება, არადა, ამას თითქოს მკაცრად ებრძვის პილოტის მენეჯმენტი და ნათესავები. "მე მაქვს ახალი ამბები, მაგრამ, სამწუხაროდ, არც ისე სასიხარულო", - განაცხადა "როიტერთან" ინტერვიუში ლუკა დე მონტეძემოლომ. თუმცა, მოგვიანებით, "ფერარის" ექს-შეფმა დაამატა, რომ დარწმუნებულია მიხაელის გამოჯანმრთელებაში: "ეჭვი არ მეპარება, რომ ის დაბრუნდება. მიხაელს აქვს თვისება - მოერგოს გარემოებებს".

მაისში, რამდენიმე ევროპულ გაზეთში გაჩნდა საგანგაშო შეტყობინებები იმის შესახებ, რომ არანაირი პროგრესი არ არსებობს და შუმახერი ვერასოდეს დაუბრუნდება სრულფასოვან ცხოვრებას.

"მას სასწაული ესაჭიროება, რომ უბრალოდ ცოცხალი დარჩეს", - მოჰყავდათ ჟურნალისტებს ანონიმურ წყაროდ ერთ-ერთი ის ექიმი, რომლებიც შუმახერთან მუშაობს.

"ის ძალიან რთულ სიტუაციაში იმყოფება და სჭირდება სასწაული, რომ პუბლიკის წინაშე ვიხილოთ", - განაცხადა "მერსედესის" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა გერდ კრამერმა გერმანულ ტელეარხთან ინტერვიუში. მოგვიანებით, ესპანურმა "მარკამ" ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით გამოაცხადა, რომ ეს მხოლოდ ჭორებია, ხოლო პილოტის მდგომარეობა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში არ შეცვლილა.

* * *
ყოველი მსგავსი სტატიის გამოჩენას თან ერთვოდა შეტევა შუმახერის მენეჯმენტის მხრიდან. "კარგად იცით, რომ არ შემიძლია მოგიყვეთ მისი ფიზიკური მდგომარეობის შესახებ. პატივი უნდა ვცეთ ოჯახის სურვილს, რომელსაც სურს მისი ჯანმრთელობის შესახებ ცნობები კონფიდენციალურად დატოვოს, - მკაცრად თქვა საბინა კემმა. - მეც და მიხაელის ოჯახიც გარანტიას ვიძლევით, რომ მისი ლეგენდა არ გაქრება. დღეს ისეთი რთული სიტუაციაა, რომ რაიმე განცხადებების გაკეთება მიუღებელია. ვფიქრობ, ყველას ესმის, როგორია სიტუაცია".

კორინა შუმახერი და საბინა კემი მაქსიმალურად ინდომებენ, რომ ყველა ინფორმაცია პილოტის ჯანმრთელობის შესახებ, საიდუმლოდ შეინახონ. ბევრი ამას უკვე შეეგუა, მაგრამ უცნაურად მოჩანს ყოველგვარი ოფიციალური ინფორმაციის დეფიციტის ფონზე მათი ამგვარი მონდომება.

"ვფიქრობ, შუმახერის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია უნდა იყოს. მიხაელის მრავალრიცხოვანი ფანები მადლიერნი იქნებოდნენ საკუთარ კერპზე რაიმე ინფორმაციის გავრცელებისთვის, - მიაჩნია მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის ყოფილ მენეჯერს ვილი ვებერს. - კარგი იქნებოდა, თუ საქმის კურსში ჩააყენებენ იმ ადამიანებს, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდნენ მიხაელთან, მაგრამ შუმახერების ოჯახი ამას რატომღაც არ აკეთებს".

ამასობაში, სექტემბერში გერმანიის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შუმახერის ოჯახმა უნდა მიიღოს მორალური ზარალის ანაზღაურება იმ ინფორმაციის გამო, თითქოს მიხაელმა სიარული დაიწყო. ლაპარაკია ტაბლოიდ Bunte-ს პუბლიკაციაზე. 2015 წლის დეკემბერში, პირველ გვერდზე დაიბეჭდა, რომ შუმახერმა რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და ხელიც ასწია ზემოთ. სწორედ მაშინ, სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას, მიხაელის იურისტმა ფელიქს დამმა განაცხადა, რომ შუმახერი კვლავაც ვერ დადის და მხოლოდ სპეციალური ექიმის დახმარების დგება ფეხზე.

წლის ბოლოს კი მოხდა მოვლენა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ გერმანელი მოსამართლეები სწორ გადაწყვეტილებებს იღებენ. ტელეარხმა RTL-მა გამოაცხადა, რომ უცნობები ერთი მილიონ ევროდ სთავაზობდნენ შუმახერის ფოტოს, რომელიც მასთან ექიმების მუშაობისას იყო გადაღებული. გერმანიის პროკურატურამ უკვე დაიწყო გამოძიება. ის ეძებს უცნობებს, რათა პასუხისგებაში მისცეს ისინი შუმახერების ოჯახის პირად ცხოვრებაში ჩარევისთვის.

"მიხაელი ჩვენს გვერდით არ არის და ის ძალიან გვაკლია. ყველას ვიცით, რაც მოხდა, მაგრამ არაფრის შეცვლა არ შეგვიძლია. უნდა მივიღოთ ეს მდგომარეობა, მოთმინება შევინარჩუნოთ და იმედი ვიქონიოთ, რომ ოდესმე, ის ისევ ჩვენს გვერდით იდგება. რბოლები მისი ცხოვრება იყო და არავის სურს აქ ყოფნა მასზე უფრო მეტად", - განაცხადა კემმა მარბურგში, სადაც გაიმართა შუმახერის "ფერარიში" დებიუტის 20 წლისთავისადმი აღსანიშნავი ღონისძიება.

სამი წელია შუმახერი არ გამოჩენილა პუბლიკის წინაშე და მას შემდეგ, არავის, გარდა მისი ახლობლებისა და ექიმებისა, ცოცხლად პილოტი არ უნახავს.

მაგრამ მისი ლეგენდა გრძელდება, "ინსტაგრამში", "ფეისბუქსა" და "ტვიტერში" გაჩნდა მისი ოფიციალური გვერდები, პილოტის მენეჯმენტმა კი შექმნა პროექტი Keep Fighting (გააგრძელე ბრძოლა), რომელიც მოტივაცია იქნება სხვა ადამიანებისთვის - არ დანებდნენ რთულ წუთებში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შუმახერი ჩვენთანაა და ის ბრძოლას აგრძელებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყველაფერი კარგად იქნება
0

სიახლეები პოპულარული