ჩემპიონი საქმეს შეუდგა

AutoSharing Option
სებასტიან ლოებმა სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ფრანგი ჩემპიონი ერთადერთი პილოტი აღმოჩნდა, ვინც მექსიკაში სერიოზული პრობლემები აიცილა თავიდან.

თუ ლოების მცირეხნიან ლიდერობას არ ჩავთვლით, სამივე დღეს პირველობას ინარჩუნებდა სებასტიან ოჟიე. საერთო ჯამში "სიტროენი" კვლავ მაღალ დონეს აჩვენებდა, "ფორდის" პილოტები - მიკო ჰირვონენი და იარი-მატი ლატვალა კი ფინალური დღისთვის წუთზე მეტს აგებდნენ ლიდერთან და არც ჰქონდათ ამ ჩამორჩენის დაძლევის იმედი. ამ დუეტის ანგარიშზე პირველი ორი დღის განმავლობაში ერთი მოგებული სპეცმონაკვეთი იყო.

კვირას ლიდერმა ოჟიემ ლოებზე უპირატესობის გაზრდა სცადა, მაგრამ თავისი შესაძლებლობები ვერ
გათვალა და საბოლოოდ, მისი "სიტროენი" საბურავის გარეშე დარჩა, რამაც ახალგაზრდა ფრანგს წარმატების ყოველგვარი იმედი გადაუწურა. ბუნებრივია, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი ასეთ საჩუქარზე უარს ვერ იტყოდა და მშვიდად მივიდა ფინიშამდე. ამით ლოებმა მექსიკის ქვაღორღიან გზებზე კარიერაში მეხუთე გამარჯვებას მიაღწია.

ოჟიეს ავარიის შემდეგ ლოები არ რისკავდა, რითაც "ფორდის" პილოტებს ორი სპეცმონაკვეთის მოგების საშუალება მისცა. საბოლოოდ ჰირვონენმა და ლატვალამ ეტაპზე მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს. დანარჩენ პილოტებზე კი ლაპარაკიც არ ღირს. მაგალითად, მეოთხეადგილოსანმა პეტერ სოლბერგმა ლოებთან მთელი შვიდი წუთი წააგო.

ამ ეტაპზე მეორე ადგილის წყალობით ჰირვონენმა შეინარჩუნა ლიდერობა საერთო ჩათვლაში, მაგრამ მოდუნება არ არგებს: მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა ლოებმა უკვე სერიოზულად მოჰკიდა საქმეს ხელი. ოჟიე იმ ავადსახსენებელი ავარიის შემდეგ მეექვსე ადგილამდე ჩამოქვეითდა.

II ეტაპი. მექსიკის რალი
1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, "სიტროენი") - 3:53.17,0; 2. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, "ფორდ ფიესტა") - +1.38,4; 3. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, "ფორდ ფიესტა") - +2.23,9; 4. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, "სიტროენი") - +7.18,4; 5. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, "ფორდ სტობარტი") - +8.43,5; 6. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, "ფორდი") - +9.50,0...

საერთო ჩათვლა
1. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, "ფორდ ფიესტა") - 46 ქულა; 2. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, "სიტროენი") - 37; 3. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, "ფორდ ფიესტა") - 31; 4. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, "ფორდ სტობარტი") - 28; 5. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, "სიტროენი") - 24; 6. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, "სიტროენი") - 15; 7. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, "ფორდი") - 8; 8. პერ-გუნარ ანდერსონი (შვედეთი, "ფორდ ფიესტა") - 6; 9. ნასერ ალ-ატიია (კატარი, "ფორდი") - 68; 10. კიმი რაიკონენი (ფინეთი, "სიტროენი") - 4...

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული