დათა ქაჯაიას გუნდში იტალიელი ქალი მრბოლელი გამოჩნდა

AutoSharing Option
ძალიან საინტერესო სიახლე TCR-ის საერთაშორისო სერიიდან: ქართულ გუნდს, GE-FORCE-ს, რომლის ღირსებას, როგორც იცით, დათა ქაჯაია და სერბი დუშან ბორკოვიჩი იცავენ, კიდევ ერთი, მესამე მრბოლელი შეუერთდა.
და რაც ყველაზე საინტერესოა, ახალი მრბოლელი ქალია!

ეს გახლავთ გამოცდილი იტალიელი, 30 წლის მიკელა ჩერუტი, რომელიც TCR-ის საერთაშორისო სერიის წინა სეზონშიც ასპარეზობდა - ასევე "ალფა რომეოთი". ჩერუტიმ შარშან 11-დან მხოლოდ 5 ეტაპში მიიღო მონაწილეობა, შარშანწინ კი ერთ ეტაპზე გამოვიდა.

მიკელა ჩერუტი "რომეო ფერარისის" გუნდის წევრია და გასულ შაბათ-კვირას რუსთავშიც იმყოფებოდა - ოღონდ გულშემატკივრის რანგში. ჩერუტიმ
ერთ-ერთმა პირველმა მიულოცა დათა ქაჯაიას გამარჯვება და სიხარულისგან ცრემლებს ვერ იკავებდა.

გადაწყვეტილია, რომ TCR-ის მეორე ეტაპზე, რომელიც ბაჰრეინში 14-16 აპრილს გაიმართება, სწორედ მიკელა ჩერუტი მიუჯდება იმ მესამე "ალფა რომეო ჯულიეტას" საჭეს, რომელსაც რუსთავის ეტაპზე ჩვენი ავტოდრომის მფლობელი შოთა აფხაზავა მართავდა. შესაბამისად, GE-FORCE ბაჰრეინის ეტაპზეც სამი მრბოლელით იქნება წარმოდგენილი - დათა ქაჯაია (38 ქულა), დუშან ბორკოვიჩი (14 ქულა) და მიკელა ჩერუტი.

"მართალია, საჭესთან არ ვიჯექი, მაგრამ რუსთავში უდიდესი სიამოვნება მივიღე. "ალფა რომეო" ჩემი უდიდესი სიყვარულია და მთელი გულით ვქომაგობდი ქაჯაიას და ბორკოვიჩს. უბედნიერესი ვიყავი, როცა დათამ ფინიშის ხაზი პირველმა გადაკვეთა.

"ალფა რომეო ჯულიეტა" ჩემი "ბავშვია", მეც მაქვს შეტანილი წვლილი მის დაბადებასა და გაზრდაში", - აცხადებს იტალიელი, რომელმაც TCR-ის ახლო აღმოსავლეთის სერიაში (დუბაი, იანვარი) პოდიუმზე ასვლა მოახერხა.

"დუბაიში პოდიუმზე ასვლის შემდეგ და მას მერე, რაც ქაჯაიამ და ბორკოვიჩმა რუსთავში შესანიშნავად იასპარეზეს, მივხვდი, რომ ძალიან მომენატრა რბოლა და მინდა, კიდევ ერთხელ ვცადო ბედი. თავს არ დავზოგავ და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ბიჭებს დავეხმარო და გუნდს ქულები შევმატო", - დასძენს ქაჯაიას თანაგუნდელი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

შალვა ბუაჩიძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული