![](https://sportall.ge/pictures/image5/655664384080b8f8ad8928bd8f08c098.jpg)
თუმცა სტარტზე სტოუნერის უკან ჩამოტოვება მოახერხა დანი პედროსამ და პირველ მოსახვევში ლიდერის რანგში შევიდა, შემდეგ კი რბოლაში სრული ქაოსი სუფევდა. რაღაც მომენტში მეორე ადგილზე გავიდა ვალენტინო როსი, მაგრამ "დოქტორის" ეს წარმატება გვიანი დამუხრუჭებით იყო გამოწვეული. იტალიელი იძულებული გახდა გარე რადიუსით გამოსულიყო მოსახვევიდან, რის გამოც ძალიან ბევრი პოზიცია დაკარგა - მეშვიდე ადგილამდე დაქვეითდა.
პედროსამ პირველივე წრეზე
ისე ჩანდა, რომ სტოუნერი მაშინვე გაექცეოდა პედროსას, მაგრამ ასე არ მოხდა. დანი აჰყვა გრანპრის ფავორიტის ტემპს, მეოთხე წრეზე კი ლიდერიც გახდა - მან ეს სასტარტო სწორი მონაკვეთის ბოლოს დამუხრუჭებისას შეძლო. სტოუნერმაც, თავის მხრივ, შორს არ გაუშვა თანაგუნდელი, მაგრამ საპასუხო შეტევის ნაცვლად მეორე ადგილის შენარჩუნება არჩია. ასეთმა ტაქტიკამ ნაყოფი გამოიღო - დანი მაქსიმალური ტემპის განვითარებას ცდილობდა და საბურავთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა.
მე-11 წრეზე სტოუნერი ლიდერი გახდა და ახლა უკვე საბოლოოდ, პედროსას პრობლემები კი გაგრძელდა. მან არათუ კონკურენცია ვერ გაუწია კეისის, არამედ ლორენსოსაც დაუტოვა ბრძოლის შანსი. ორ ესპანელს შორის მეორე ადგილისთვის პაექრობა ჩემპიონის გამარჯვებით დასრულდა.
რბოლა კიდევ რამდენიმე წრე რომ გაგრძელებულიყო, პედროსას, შესაძლოა, ანდრეა დოვიციოზოსთანაც წაეგო, რომელიც მთელი რბოლა მარკო სიმონჩელის ებრძოდა. დისტანციის დიდი ნაწილი წინ სწორედ სიმონჩელი იყო, მაგრამ დოვიციოზომ უფრო სტაბილური რბოლა ჩაატარა და შეძლო თანამემამულის დამარცხება.
რაც შეეხება ვალენტინო როსის, მან მეშვიდე ადგილი დაიკავა. პირველი წრის შემდეგ ის მეექვსე პოზიციაზე იყო, მაგრამ უკან მოსდევდა ძალიან სწრაფი ბენ სპისი, რომელსაც სტარტი არ გამოუვიდა. ამერიკელი ძალიან მალე დაეწია როსის და შემდეგ ორი შეტევა განახორციელა. თავიდან ის ფართოდ შევიდა პირველ მოსახვევში და ვალემ შეინარჩუნა პოზიციია, მაგრამ შემდეგი იერიში უფრო კარგად მომზადებული აღმოჩნდა. მრბოლელები პირველ ორ მოსახვევში ერთდროულად შევიდნენ, რის შემდეგაც სპისმა ხისტი მანევრით ჩამოიცილა კონკურენტი და წინ გაიჭრა. ამ დროს როსი კინაღამ დაეცა, მაგრამ შესანიშნავი კოორდინაცია გამოავლინა და რბოლა გააგრძელა.
ყატარის გრან-პრი
1. კეისი სტოუნერი (ავსტრა, "ჰონდა") - 22 წრე; 2. ხორხე ლორენსო (ესპ, "იამაჰა") - +3,440; 3. დანიელ პედროსა (ესპ, "ჰონდა") - +5,051; 4. ანდრეა დოვიციოზო (იტა, "ჰონდა") - +5,942; 5. მარკო სიმონჩელი (იტა, "ჰონდა") - +7,358; 6. ბენ სპისი (აშშ, "იამაჰა") - +10,468; 7. ვალენტინო როსი (იტა, "დუკატი") - +16,431; 8. კოლინ ედვარდსი (აშშ, "იამაჰა") - +26,293; 9. ნიკი ჰეიდენი (აშშ, "დუკატი") - +27,416...