ასტრონავტი ლორენსო

AutoSharing Option

ამერიკის ლაგუნა-სეკაზე მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი საინტერესო რბოლა გაიმართა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი გამოდგა მსოფლიოს ჩემპიონატის მეცხრე ეტაპის სტარტი, რომელშიც ტრადიციული სურათი ვიხილეთ. მართალია, ესპანელმა დანი პედროსამ მეოთხე პოზიციიდან აიღო სტარტი, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მისთვის ლიდერობის მოპოვებაში. მეორე ადგილისთვის კი ძალიან დაძაბული ბრძოლა წარიმართა. თავიდან ამერიკელმა ბენ სპისმა რამდენიმე სანტიმეტრით აჯობა კეისი სტოუნერს, მაგრამ ნაკლებად მომგებიან რადიუსზე იმყოფებოდა და ავსტრალიელი წინ გაუშვა. სპისი მესამე იყო, მის უკან კი ჩემპიონატის ლიდერი ხორხე ლორენსო აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ სტარტზე პირველი პოზიცია ეჭირა.

რბოლის

წინ ჩემპიონატის დებიუტანტმა სპისმა განაცხადა, რომ საკუთარი პუბლიკის წინაშე პოდიუმზე ასვლა ჰქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ მის ოცნებას ასრულება არ ეწერა. ისევე როგორც წინა რბოლებში, ბენმა კვლავ დაიწყო პოზიციების დაკარგვა. თავიდან ლორენსო გაატარა, რამდენიმე წრის შემდეგ კი შეცდომა დაუშვა და ანდრეა დოვიციოზოს, ვალენტინო როსისა და თანამემამულე ნიკი ჰეიდენის უკან აღმოჩნდა. სპისი ამის შემდეგ მეშვიდე ადგილამდე ჩამოქვეითდა, მაგრამ ტემპი არ დაუგდია და მალე წამოეწია კონკურენტებს.
ლიდერთა ჯგუფში ორი მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა. მეხუთე წრეზე ლორენსომ სტოუნერს გაუსწრო და პედროსას გამოეკიდა. დაწინაურებულებს შორის სხვაობა სტაბილური იყო, მაგრამ საქმეში დანის წაქცევა ჩაერია - სტარტის გმირმა მოტოციკლი ვერ დაიმორჩილა და ტრასის მიღმა გადავარდა. ლორენსო სეზონში მორიგი გამარჯვებისკენ გაეშურა - სტოუნერმა ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია ლიდერს და მეორე ადგილით დაკმაყოფილდა.

ავსტრალიელის უკან კი სერიოზული ბრძოლა გაიმართა მესამე ადგილისთვის. ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ სპისმა ჯერ ჰეიდენს გაუსწრო, შემდეგ კი როსის წამოეწია. ამან ლეგენდარულ იტალიელს ტემპის მომატება აიძულა და ვალენტინომ არამარტო შეინარჩუნა მეოთხე პოზიცია, არამედ დოვიციოზოსთან მესამე პოზიციისთვის ბრძოლის საშუალება მიიღო. ფინიშამდე ხუთი წრით ადრე ვალენტინომ შეძლო ბოლო მოსახვევში თანამემამულის გასწრება. დოვიციოზომ კონტრშეტევა სცადა, მაგრამ როსიმ იოლად დაიცვა მოპოვებული პოზიცია. ამ ბრძოლაში ფინიშამდე აღარაფერი შეცვლილა. ტრავმის შემდეგ დაბრუნებული მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი ნელნელა მიიწევს წინ - ვალენტინო წინა რბოლაში მეოთხე ადგილზე გავიდა, ამჯერად კი პოდიუმზე ასვლა შეძლო.
სპისმა კი მეხუთე ადგილიც დაკარგა - მან ისევ დაუშვა შეცდომა და ჰეიდენს წინ გასვლის საშუალება მისცა.

ლორენსომ მეექვსე ეტაპი მოიგო სეზონში. ესპანელი ფინიშის შემდეგ ასტრონავტის ფორმაში გამოეწყო და მთვარაზე დაშვების იმიტაცია მოახდინა. "თავი გამოიჩინეს" რბოლის ორგანიზატორებმაც - დაჯილდოების ცერემონიისას მათ ჰიმნები აურიეს. ხორხე ლორენსო გაკვირვებული დარჩა, როცა  მის საპატივცემულოდ იტალიის ჰიმნი ჩართეს. საბედნიეროდ, შეცდომა ხუთ წამში გამოსწორდა და ლაგუნა სეკაზე ესპანეთის ჰიმნი აჟღერდა.

აშშ-ის გრან-პრი
1. ხორხე ლორენსო (ესპ, "იამაჰა") - 43.54,873; 2. კეისი სტოუნერი (ავსტრა, "დუკატი") - +3,517; 3. ვალენტინო როსი (იტა, "იამაჰა") - +13,420; 4. ანდრეა დოვიციოზო (იტა, "ჰონდა") - +14,188; 5. ნიკი ჰეიდენი (აშშ, "დუკატი") - +14,601; 6. ბენ სპისი (აშშ, "იამაჰა") - +19,037...
საერთო ჩათვლა
1. ხორხე ლორენსო (ესპ, "იამაჰა") - 210 ქულა; 2. დანიელ პედროსა (ესპ, "ჰონდა") - 138; 3. ანდრეა დოვიციოზო (იტა, "ჰონდა") - 115; 4. კეისი სტოუნერი (ავსტრა, "დუკატი") - 103; 5. ვალენტინო როსი (იტა, "იამაჰა") - 90; 6. ნიკი ჰეიდენი (აშშ, "დუკატი") - 89...

ლელო

მკითხველის კომენტარები / 1 /
აუ ახლა ამასთან ჩამახუტა.
0

სიახლეები პოპულარული