პირველი წრის ბოლოსთვის ლიდერთა მდგომარეობას ვერ იცნობდით. ბოლო მოსახვევში მოტომრბოლები ასეთი თანმიმდევრობით შევიდნენ: ლორენსო, პედროსა, დოვიციოზო, სიმონჩელი, სპისი...
ორი წრის შემდეგ დოვიციოზომ პედროსას გაუსწრო და მეორე ადგილზე გადავიდა, შემდეგ სერიოზულად მიხედა საქმეს კეისი სტოუნერმა. ავსტრალიელმა თითქმის შეუძლებელი შეძლო: ორი წრის განმავლობაში სამი მეტოქე ჩამოიტოვა უკან და
ამის შემდეგ პილოტებმა მცირე პაუზა აიღეს, რომელიც პირველმა პედროსამ დაარღვია, როცა მე-9 წრის დასაწყისში სწორედ მონაკვეთზე გაუსწრო დოვიციოზოს. სტოუნერმა სცადა ლორენსოსთან დიდი ჰანდიკაპის შექმნა, მაგრამ არ გამოუვიდა. რბოლის ბოლოსკენ კეისიმ საბურავის დაზოგვა გადაწყვიტა და ლორენსომ ამით მე-14 წრეზე კარგად ისარგებლა, მით უმეტეს, რომ მისი "იამაჰა" მოსახვევებში კარგად გამოიყურებოდა. უფრო მეტიც, მე-16 წრეზე ხორხეს პედროსამაც მიბაძა და საფინიშო სწორზე კარგად შესვლის ხარჯზე გაასწრო სტოუნერს. სამი ლიდერი იმდენად სწრაფ ტემპს აჩვენებდა, რომ სიმონჩელი და დოვიციოზო კარგა მანძილით ჩამორჩნენ და თან ამ დუეტს სპისი წამოეწია.
მაგრამ ლორენსოს ლიდერობა დიდი ხანი არ გაგრძელებულა. ფინიშამდე რვა წრით ადრე პედროსამ ასი პროცენტით გამოიყენა თავისი "ჰონდას" სიმძლავრე და უპრობლემოდ გაუსწრო მოქმედ ჩემპიონ ლორენსოს. ხორხე თავდაპირველად ვერც კი მიხვდა, სინამდვილეში რა მოხდა. კიდევ სამი წრის შემდეგ კი ესპანელმა სტოუნერის შეტევას ვერ გაუძლო. ავსტრალიელი მეორე ადგილზე გადავიდა და პედროსას გამოეკიდა, მაგრამ ამ უკანასკნელმა დამაჯერებლად გააკონტროლა სიტუაცია და სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. საბოლოოდ ყველაფერი ასე დასრულდებოდა, ბოლო წრეზე ხორხე ლორენსოს თითქმის ბოლომდე გაცვეთილი საბურავებით საპასუხო შეტევა არ წამოიწყო და კიდევ ერთხელ ჩამოიტოვებინა უკან სტოუნერი.
ცალკე უნდა მოვყვეთ ვალენტინო როსის შესახებ. ლეგენდარულმა იტალიელმა სტარტი მე-16 პოზიციიდან აიღო, მესამე წრისთვის ხუთი პოზიცია მოიგო, მაგრამ შემდეგ მისი წინსვლა შეფერხდა. ვალენტინომ ბევრი დრო დახარჯა კოლინ ედვარდსთან და ალვარო ბაუტისტასთან ბრძოლაში და ეტაპი მე-9 ადგილზე დაასრულა. სამწუხაროა, რომ "დუკატი" კვლავაც ვერ ახერხებს იტალიელისთვის კარგი მოტოციკლის შეთავაზებას.
გენერალურ კლასიფიკაციაში ხორხე ლორენსომ კიდევ ცოტათი შეამცირა სხვაობა კეისი სტოუნერთან, პედროსა კი მეხუთე ადგილზე გადავიდა. თუმცა რაღაც სასწაული უნდა მოხდეს, რომ დანიმ შეძლოს ჩემპიონობისთვის ბრძოლა.
გერმანიის გრან-პრი
1. დანიელ პედროსა (ესპ, "ჰონდა") - 41.12,482 (30 წრე); 2. ხორხე ლორენსო (ესპ, "იამაჰა") - +1,477; 3. კეისი სტოუნერი (ავსტრა, "ჰონდა") - +1,568; 4. ანდრეა დოვიციოზო (იტა, "ჰონდა") - +10,513; 5. ბენ სპისი (აშშ, "იამაჰა") - +10,719; 6. მარკო სიმონჩელი (იტა, "ჰონდა") - +10,923; 7. ალვარო ბაუტისტა (ესპ, "სუძუკი") - +27,451; 8. ნიკი ჰეიდენი (აშშ, "დუკატი") - +27,510; 9. ვალენტინო როსი (იტა, "დუკატი") - +27,576...
საერთო ჩათვლა
1. კეისი სტოუნერი (ავსტრა, "დუკატი") - 168 ქულა; 2. ხორხე ლორენსო (ესპ, "იამაჰა") - 153; 3. ანდრეა დოვიციოზო (იტა, "ჰონდა") - 132; 4. ვალენტინო როსი (იტა, "იამაჰა") - 98; 5. დანიელ პედროსა (ესპ, "ჰონდა") - 94; 6. ბენ სპისი (აშშ, "იამაჰა") - 85...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"