კეისი ტიტულს მიუახლოვდა

AutoSharing Option
ავსტრალიელი კეისი სტოუნერი თანდათან უახლოვდება კარიერაში მეორე ტიტულს. "ჰონდას" მოტომრბოლმა ინდიანაპოლისის გრან-პრიზე ჯერ პოული მოიგო და შემდეგ კი რბოლაში შანსი არავის დაუტოვა.

თუმცა სტოუნერს თავიდან ჰქონდა მცირე პრობლემები, რადგან ყველაზე კარგი სტარტი დანი პედროსას გამოუვიდა და პირველი წრის შემდეგ ლიდერი გახდა. მას კვალში ედგნენ სტოუნერი და ხორხე ლორენსო. ასევე კარგი დასაწყისი გამოუვიდა ვალენტინო როსის, რომელიც მეათე ადგილზე გადავიდა. სტარტის მთავარი ხელმოცარული კი ბენ სპისი გახდა, ვინც რამდენიმე პოზიცია დაკარგა.

კეისი სტოუნერი მუდმივად ავიწროებდა პედროსას და 0.4 წამზე შორს არ უშვებდა
ესპანელ კონკურენტს. ავსტრალიელის ზეწოლამ შედეგი მე-20 წრეზე მოიტანა, როცა კეისის შედეგიანი შეტევა გამოუვიდა და ლიდერობა დაიბრუნა. მას შემდეგ, რაც სტოუნერი პელოტონს ჩაუდგა სათავეში, მას ერთი შანსიც აღარ მიუცია მეტოქეებისთვის და დამაჯერებლად დაიწყო უპირატესობის გაზრდა.

როცა რბოლის გამარჯვებულთან დაკავშირებით ყველაფერი გარკვეული იყო, უფრო საინტერესო გახდა ბრძოლა პოდიუმის სხვა ადგილებისთვის. ბენ სპისმა, რომელიც სტარტზე მეშვიდე ადგილამდე ჩამოქვეითდა, სერიოზულ პროგრესს მიაღწია: დამაჯერებლად გაუსწორდა ნიკი ჰეიდენს და ბრძოლა გაუმართა მარკო სიმონჩელისა და ანდრეა დოვიციოზოს. ამერიკელს მინიმალური დრო დასჭირდა მეოთხე პოზიციაზე გასასვლელად, რის შემდეგაც ხორხე ლორენსოს გამოეკიდა. მალე სპისმა მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა მოქმედ ჩემპიონთან, შემდეგ კი გაუსწრო მას. სანამ ლორენსო და სპისი არკვევდნენ, ვის დარჩებოდა მესამე ადგილი, სტოუნერმა და პედროსამ საკმარისი უპირატესობა მოიპოვეს იმისთვის, რომ მათ პოზიციებს არაფერი დამუქრებოდათ.

ინდიანაპოლისის გრან-პრი
1. კეისი სტოუნერი (ავსტრა, "ჰონდა") - 28 წრე; 2. დანიელ პედროსა (ესპ, "ჰონდა") - +4.828; 3. ბენ სპისი (აშშ, "იამაჰა") - +10.603; 4. ხორხე ლორენსო (ესპ, "იამაჰა") - +16.576; 5. ანდრეა დოვიციოზო (იტა, "ჰონდა") - +17.202; 6. ალვარო ბაუტისტა (ესპ, "სუძუკი") - +30.447...
საერთო ჩათვლა
1. კეისი სტოუნერი (ავსტრა, "დუკატი") - 243 ქულა; 2. ხორხე ლორენსო (ესპ, "იამაჰა") - 199; 3. ანდრეა დოვიციოზო (იტა, "ჰონდა") - 174; 4. დანიელ პედროსა (ესპ, "ჰონდა") - 130; 5. ბენ სპისი (აშშ, "იამაჰა") - 125; 6. ვალენტინო როსი (იტა, "იამაჰა") - 124...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული