ჩემპიონმა ნავსი გატეხა

AutoSharing Option
მოტოგრანპრის მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგი ეტაპი "მიზანო ადრიატიკოს" ტრასაზე გაიმართა. ეს იყო სან მარინოს გრანპრი, რომელსაც ჩემპიონატის ლიდერი, ავსტრალიელი კეისი სტოუნერი ზედიზედ სამი მოგებით შეხვდა და ამ სერიის გაგრძელების იმედი ჰქონდა, მით უმეტეს, რომ "ჰონდას" მოტომრბოლმა შაბათს კვალიფიკაცია მოიგო და პირველი იდგა სასტარტო ბილიკზე.

მაგრამ პირველივე მოსახვევში სტოუნერს მოქმედმა ჩემპიონმა ხორხე ლორენსომ გაუსწრო. ასევე კარგი სტარტი გამოუვიდა ლეგენდარულ ვალენტინო როსის, რომელმაც რამდენიმე პოზიცია მოიგო და მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა, მაგრამ მოგვიანებით ის უკან ჩამოიტოვა მარკო სიმონჩელიმ.

ეს უკანასკნელი მეხუთე ადგილით არ
დაკმაყოფილდა და სულ მალე ანდრეა დოვიციოზოს შეუტია. იერიში წარმატებული გამოდგა და სიმონჩელი მეოთხე პოზიციაზე გადავიდა.

ამასობაში, სტოუნერმა მეორე ადგილიც დაკარგა. მას კარგა ხანი კვალში ედგა დანი პედროსა, რომელმაც, საბოლოოდ, ფინაშამდე ხუთი წრით ადრე გაუსწრო გენერალური კლასიფიკაციის ლიდერს.

ბრწყინვალე ბრძოლა გაიმართა ბოლო წრეზე მეოთხე ადგილისთვის. დოვიციოზო ბოლომდე ავიწროებდა სიმონჩელის, ამ იტალიურ დუეტს კი, თავის მხრივ, ამერიკელი ბენ სპისი ავიწროებდა. დიდი ბრძოლის მიუხედავად, მათი პოზიციები არ შეცვლილა.

გამარჯვება კი დიდხნიანი შესვენების შემდეგ ლორენსომ მოიპოვა და 35 ქულამდე შეამცირა სხვაობა სტოუნერთან, რაც ჩემპიონატის საინტერესო დასასრულს გვპირდება.

სან მარინოს გრან-პრი

1. ხორხე ლორენსო (ესპ, "იამაჰა") - 28 წრე; 2. დანიელ პედროსა (ესპ, "ჰონდა") - +7.299; 3. კეისი სტოუნერი (ავსტრა, "ჰონდა") - +11.967; 4. მარკო სიმონჩელი (იტა, "ჰონდა") - +17.353; 5. ანდრეა დოვიციოზო (იტა, "ჰონდა") - +17.390; 6. ბენ სპისი (აშშ, "იამაჰა") - +18.092; 7. ვ. ვალენტინო როსი (იტა, "დუკატი") - +23.703...

საერთო ჩათვლა

1. კეისი სტოუნერი (ავსტრა, "დუკატი") - 259 წრე; 2. ხორხე ლორენსო (ესპ, "იამაჰა") - 224; 3. ანდრეა დოვიციოზო (იტა, "ჰონდა") - 185; 4. დანიელ პედროსა (ესპ, "ჰონდა") - 150; 5. ბენ სპისი (აშშ, "იამაჰა") - 135; 6. ვალენტინო როსი (იტა, "იამაჰა") - 133...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული