ჩემპიონი გარკვეულია

AutoSharing Option
ვალენსიაში რიკარდო ტორმოს სახელობის ავტოდრომზე გაირკვა DTM-ის გერმანული სერიის ჩემპიონი.
სტარტი პოულიდან 2007 წლის ჩემპიონმა, ცნობილმა შვედმა მატიას ექსტრიომმა აიღო და საბოლოოდ, პირველი მივიდა ფინიშზე, ვადაზე ადრე კი ჩემპიონის ტიტული გერმანელმა მარტინ ტომჩიკმა მოიპოვა, რომელიც "აუდის" მანქანით გამოდის.

29 წლის მრბოლელი მესამე ადგილზე გავიდა, ხოლო საერთო ჩათვლაში მისი ერთადერთი კონკურენტი - ბრუნო შპენგლერი თავისი "მერსედესით" მეშვიდე პოზიციაზე აღმოჩნდა.

ძალთა საბოლოო გადანაწილება სამი კვირის შემდეგ გაირკვევა, როცა ფინალურ ეტაპს "ჰოკენჰაიმრინგი" უმასპინძლებს.

* * *
ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში შოტლანდიელმა დევიდ კულტჰარდმა კრიტიკულად
შეაფასა საკუთარი კარიერა DTM-ის ჩემპიონატში, სადაც ბრიტანელი მეორე წელია გამოდის.

"ზოგიერთი პილოტი უკეთ მართავს "ტურინგის" კლასის მანქანას, ვიდრე ფორმულა 1-ის ბოლიდს, ჩემზე კი შეიძლება ითქვას, რომ უკეთ გამომდის ფორმულა 1-ში რბოლა, - მიიჩნევს დევიდი. - თუმცა მე მომწონს DTM-ში მიღებული შთაბეჭდილება".

მართლაც, წლევანდელ სეზონში რვა ეტაპის შემდეგ კულტჰარდი საერთო ჩათვლაში მხოლოდ მე-14 ადგილს იკავებს - მას ერთადერთი ქულა "ნორისრინგზე" აქვს მოპოვებული. თუმცა ასეთი დაბალი შედეგები იმით აიხსენება, რომ დევიდის განკარგულებაში არ არის საუკეთესო მანქანა. DTM-ის ჩემპიონატში სტარტზე ერთდროულად გამოდის სხვადასხვა წელს გამოშვებული მანქანა. კულტჰარდს 2008 წლის AMG Mercedes C-Klasse მისცეს, ლიდერები კი უფრო თანამედროვე ტექნიკით მოძრაობენ.

მაგრამ ვალენსიას ეტაპზე კულტჰარდმა წარმატების შანსი მიიღო. ესპანეთში შოტლანდიელმა თავისი ძველი "მერსედესით" კვალიფიკაციისას მეოთხე ადგილი დაიკავა და მეორე რიგიდან სტარტის უფლება მოიპოვა. მისთვის გერმანიის ჩემპიონატში ეს საუკეთესო სასტარტო პოზიციაა.

თუმცა ბრიტანელს ამჯერადაც არ გაუმართლა - ის მესამე წრეზე ტექნიკური პრობლემების გამო ჩამოშორდა დისტანციას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული