პირველად პერუში

AutoSharing Option
პარიზში ლეგენდარული რალი-რეიდის - "დაკარის" 2012 წლის მარშრუტის პრეზენტაცია შედგა. ზედიზედ მეოთხედ ავტომარათონი სამხრეთ ამერიკის ტერიტორიაზე გაივლის, ოღონდ ამჯერად ტრადიციულ ქვეყნებს - არგენტინასა და ჩილეს პერუც დაემატება.

რბოლა სტარტს პირველ იანვარს არგენტინის ქალაქ მარ დელ პლატადან აიღებს, 14 დღის შედეგ ფინიში პერუს დედაქალაქ ლიმაშია დაგეგმილი. ასე რომ, მომავალი წლის დაკარი წყნარი ოკეანის სანაპიროდან დაიწყება და ატლანტიკის ოკეანის სანაპიროზე დასრულდება.
გაიზრდება მონაწილეთა რიცხვი - სტარტზე 465 მანქანა გავა, რაც შარშანდელთან შედარებით 15 პროცენტით მეტია.

მონაწილეთა სიაშია ლეგენდარული ფრანგი ავტომრბოლი სტეფან პეტერანსელი,
რომელსაც დაკარის რბოლა ცხრაჯერ აქვს მოგებული. ფრანგს 2012 წლის "დაკარში" ყველაზე მეტად პერუს ნაწილი მოსწონს, რადგან ეს ქვეყანა პირველად უმასპინძლებს რალი-რეიდის მონაწილეებს.
"ნებისმიერ შემთხვევაში - საინტერესო მარშრუტია. სიახლეა ის, რომ ფინიში პერუში დაიგეგმა. ჩემი აზრით, ყველაზე რთული ბოლო სამი ეტაპი იქნება, რადგან თითქმის მთელი მარშრუტი ქვიშაზე მოგვიწევს რბოლა. შესაძლოა, ეს ბევრს არ აწყობს, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან საინტერესო ბრძოლა მოგველის", - ამბობს პეტერანსელი.

დისტანციის საერთო სიგრძე დაახლოებით 8 300 კილომეტრია. "დაკარის" სპორტული დირექტორის დავიდ კასტერას განცხადებით, 2012 წლის მარშრუტი ძალიან რთული იქნება და ტრასის პროფილი ფაქტობრივად, ყოველი ეტაპის შემდეგ შეიცვლება. მისი თქმით, ფინიშამდე ისინი მიაღწევენ, რომლებიც სხვებზე უკეთ გადაანაწილებენ ძალებს ყველა ეტაპზე.

ტრადიციულად, "დაკარში" პირველობა ოთხ კატეგორიაში გაიმართება - ავტომობილებში, მოტოციკლებში, სატვირთოებსა და კვადროციკლებში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული