ცნობილი ამერიკელი ქალი ავტომრბოლის დანიკა პატრიკის პროგრესმა თვით ფორმულა 1-ის მთავარი პრომოუტერი ბერნი ექლსტოუნი დააინტერესა. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, ბერნი ეჭვის თვალით უყურებდა პატრიკის შესაძლებლობებს, მაგრამ ამერიკელმა 2008 წელს, იაპონიაში ინდიკარის სერიის ეტაპი მოიგო, 2009 წელს კი Indy 500-ის ლეგენდარულ რბოლაში მესამე ადგილი დაიკავა. სწორედ ამის შემდეგ შეიცვალა ექლსტოუნმა დანიკაზე წარმოდგენა.
სხვადასხვა დროს ბევრს ლაპარაკობდნენ დანიკა პატრიკის ფორმულა 1-ში მიწვევის შესახებ: თითქოს მას "ჰონდას" ტესტებში უნდა მიეღო მონაწილეობა, მოგვიანებით მის სახელს უკავშირებდნენ ფორმულა 1-ში არშემდგარ US F1-ის ამერიკულ პროექტს.
"შესაძლოა, ის ყველა დროის უძლიერესი ქალი ავტომრბოლია და გაოცებული ვარ, რატომ არავის მოაფიქრდა მისთვის კონტრაქტის შეთავაზება, - ამბობს ექლსტოუნი "დეილი სტარისთვის" მიცემულ ინტერვიუში. - ის ბევრს მუშაობს, შესანიშნავი გარეგნობა აქვს და რაც მთავარია, გამარჯვებებით იწონებს თავს. მაგრამ სამწუხაროდ, ფორმულა 1-ში მას სერიოზულად არავინ აღიქვამს. არადა, ეს ლამაზი ქალი "სამეფო რბოლებისთვის" შესანიშნავი რეკლამა იქნებოდა".
თუმცა დანიკა პატრიკი, რომელმაც წელს NASCAR-ის სერიაშიც მოსინჯა ძალები, ხვდება რამდენად რთული ამოცანების გადაჭრა მოუწევს ავტოსპორტის ყველაზე პრესტიჟულ სახეობაში გადასვლის შემთხვევაში: "ასეთი ტრანსფერი ძალიან რთული იქნება, თუმცა დარწმუნებული ვარ, შევძლებ ფორმულა 1-ში ადაპტირებას".