მსოფლიოს ჩემპიონატი: ავარია ჩემპიონის სასარგებლოდ

AutoSharing Option
მოტოგრანპრიში მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგი ეტაპი ჰოლანდიაში გაიმართა.

ისევე, როგორც წინა რბოლებში, ამჯერადაც პოული მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა კეისი სტოუნერმა მოიპოვა, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავდა, რადგან წინა სამ ეტაპზე ავსტრალიელმა სამივეჯერ წააგო დუელი ხორხე ლორენსოსთან.

რბოლის მთავარი მოვლენები დასაწყისშივე განვითარდა. დანი პედროსამ სტარტზე გაუსწრო სტოუნერს, ალვარო ბაუტისტამ კი პირველ მოსახვევში შეცდომა დაუშვა და ტრასიდან გადავარდა. რაც მთავარია, თან გაიყოლა გენერალური კლასიფიკაციის ლიდერი ლორენსო. პირველი წრის შემდეგ პელოტონი ასე გამოიყურებოდა: პედროსა, სტოუნერი, სპისი, დოვიციოზო, ბრადლი, როსი, ბარბერა, ჰეიდენი და კრატჩლოუ.

ამის შემდეგ
პილოტები ინტერესების მიხედვით ჯგუფებად დაიყვნენ: პირველი ჯგუფი შეადგინეს პედროსამ და სტოუნერმა, მეორე - სპისმა და დოვიციოზომ, მესამე - როსიმ, ბარბერამ, ჰეიდენმა და კრატჩლოუმ (ბრადლმა მეორე წრეზე პილოტირებაში შეცდომა დაუშვა და ბრძოლა შეწყვიტა).

სტოუნერი დიდი ხანი კვალში ედგა პედროსას და როცა ამ უკანასკნელმა მცირე შეცდომა დაუშვა (ფინიშამდე 10 წრით ადრე), კეისი წინ გავიდა. ავსტრალიელმა შანსი ხელიდან აღარ გაუშვა, სეზონში მესამე გამარჯვებას მიაღწია და რადგან ლორენსო ნაადრევად გამოეთიშა ბრძოლას, საერთო ჩათვლაში ესპანელს გაუთანაბრდა.

მესამე ადგილისთვის ბრძოლა ანდრეა დოვიციოზომ მოიგო: ბენ სპისთან პაექრობაში გადამწყვეტი გასწრება მან ბოლო წრეზე შეასრულა.

მეხუთეზე გავიდა კელ კრატჩლოუ, რომელიც ოთხპილოტიან ჯგუფში პირველი მივიდა ფინიშთან. თუმცა ეს ჯგუფი ფინიშთან ახლოს საბოლოოდ დაიშალა: ვალენტინო როსი თავისმა მოტოციკლმა დააღალატა და იტალიელს ბოქსებში შესვლა მოუწია, ნიკი ჰეიდენი და ექტორ ბარბერა კი, უბრალოდ, ჩამორჩნენ კრატჩლოუს.

ჰოლანდიის გრანპრი
1. კეისი სტოუნერი (Honda) - 26 წრე; 2. დანი პედროსა (Honda) - +4,965; 3. ანდრეა დოვიციოზო (Yamaha) - +11,994; 4. ბენ სპისი (Yamaha) - +14,775; 5. კენ კრატჩლოუ (Yamaha) - +22,074; 6. ნიკი ჰეიდენი (Ducati) - +31,660; 7. ექტორ ბარბერა (Ducati) - +59,107; 8. რენდი დე პუნიე (ART) - +1:04,441; 9. მიკელე პირო (FTR) - +1:06,980; 10. მატია პაცინი (ART) +1:25,087...

საერთო ჩათვლა
1. ხორხე ლორენსო (Yamaha) - 140 წრე; 2. კეისი სტოუნერი (Honda) - 140; 3. დანი პედროსა (Honda) - 121; 4. კენ კრატჩლოუ (Yamaha) - 77; 5. ანდრეა დოვიციოზო (Yamaha) - 76; 6. ვალენტინო როსი (Ducati) - 61; 7. ნიკი ჰეიდენი (Ducati) - 59; 8. ალვარო ბაუტისტა (Honda) - 58; 9. შტეფან ბრადლი (Honda) - 51;10. ბენ სპისი (Yamaha) - 48.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული