ისინი ლეგენდები იქნებიან - მარკ მარკესი

AutoSharing Option
დღეიდან ვიწყებთ რუბრიკას, რომელიც ახალი თაობის იმედისმომცემ სპორტსმენებს მიეძღვნება.

ისინი ხვალინდელი დღის ვარსკვლავები არიან. მომავალში მათზე ისედაც ბევრს დაწერენ, ჩვენი კი დღეს გაგაცნობთ პოტენციურ ლეგენდებს...

რუბრიკის პირველი სტუმარია ესპანელი მოტომრბოლელი, 19 წლის მარკ მარკესი. გასულ თვეში თინეიჯერ მრბოლელთან კონტრაქტი გააფორმა მძლავრმა "ჰონდა რეისინგ კორპორეიშენმა", რაც იმას ნიშნავს, რომ მარკესი გაისად მოტოგრანპრის ჩემპიონატში გამოვა. მარკმა მოტოსპორტში ყველაზე პრესტიჟულ სერიამდე დიდი გზა გაიარა, რომელიც ესპანეთის ქალაქ სერვერაში დაიწყო.

მარკ მარკესი: "ოთხი წლის ასაკიდან დავიწყე რბოლა. პირველი მოტოციკლი მამამ მიყიდა. უკან დამატებით ორი
საბურავი იყო დამაგრებული, წონასწორობის შესანარჩუნებლად. სხვანაირად ბალანსს ვერ ვიცავდი.

თანდათან უფრო სწრაფი ვხდებოდი და შემდეგ, როცა რვა წლის გავხდი, კატალონიის ჩემპიონატში მივიღე მონაწილეობა და ჩემპიონი გავხდი".

მარკესმა ძალიან ადრეულ ასაკში დაიწყო თავისი ნიჭის რეალიზება. მას 2008 წელს, 15 წლის ასაკში ჰქონდა დებიუტი მსოფლიოს ჩემპიონატზე 125 კუბური სანტიმეტრის კლასში. ორი წლის შემდეგ ამ სერიაში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და მოტო2-ის კლასში გადავიდა.

მარკის მენეჯერი გახლავთ 125 კუბური სანტიმეტრის კლასში მსოფლიოს 1999 წლის ჩემპიონი, ემილიო ალსამორა. მათი თანამშრომლობა მაშინ დაიწყო, როცა მარკესი 11 წლის იყო.

ემილიო ალსამორა: "მთავარი თვისება, რომელიც განასხვავებს მას სხვა მოტომრბოლელებისგან, ის არის, რომ ძალიან მონდომებულია. მან იცის, რომ დიდი შრომა და მსხვერპლის გაღებაა საჭირო წარმატების მისაღწევად. ასევე, გამოარჩევს ერთი კარგი თვისება: ყველა სასარგებლო რჩევას ითვალისწინებს. ის ყველას უსმენს და ეს ყველაზე დიდი ღირსებაა".

მარკესი წელს თავის მეორე სეზონს ატარებს მოტო2-ის კლასში. ესპანელი "ტიმ კატალუნია კაისა რეპსოლის" ღირსებას იცავს.

მოტო2 - მოტოგრანპრის ქვედა კლასია. აქ პელოტონში 32 მრბოლელია და თითოეული მათგანი ცდილობს მოტოგრანპრიში მოხვედრას. ყოველი მონაწილე 600 კუბური სანტიმეტრის კლასის მოტოციკლს იყენებს. ამიტომაც, ბევრი რამ მონაწილეთა თვისებებზეა დამოკიდებული.

მარკ მარკესი: "თანდათან ვიხვეჭდი გამოცდილებას მოტო2-ის კლასში, მიუხედავად იმისა, რომ შარშან, წლის დასაწყისში იქ ძალიან გამიჭირდა, რადგან სამჯერ დავეცი ტრასაზე. დრო მჭირდებოდა რიტმში ჩასაჯდომად და ტემპის საპოვნელად, მაგრამ ახლა უკან ვიხედები და ვხვდები, რომ ეს ჩვეულებრივი სასწავლო პროცესი იყო. მივხვდი, რომ საჭირო იყო ასი პროცენტით ვყოფილიყავი მზად ნებისმიერ სიტუაციაში..."

რთული პირველი სეზონის შემდეგ მარკმა წელს სრულად გამოავლინა თავისი შესაძლებლობები. განვლილ 11 ეტაპზე მან მოიგო ექვსი რბოლა, ერთხელ მეორე მოვიდა ფინიშთან და ორჯერ მესამეზე გავიდა. ესპანელმა მხოლოდ ორ ეტაპზე ვერ შეძლო პოდიუმზე ასვლა. მარკესი საერთო ჩათვლაში 48 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარს. 17-ეტაპიანი ჩემპიონატის დასრულებამდე ექვსი რბოლაა დარჩენილი.

19 წლის ესპანელი უკვე არაერთი რეკორდის ავტორია: 2010 წელს, მან 12 პოული მოიპოვა, რაც მოტოსპორტის ყველა კლასში აბსოლუტური რეკორდია. მარკმა გააუმჯობესა ლეგენდარული მიკ დუენის 1997 წელს დამყარებული რეკორდი.

იმავე 2010 წელს, 125 კუბური სანტიმეტრის კლასში, მარკი ათ რბოლაში მივიდა პირველი ფინიშთან, რაც ასევე რეკორდია. გარდა ამისა, მან ხუთი ეტაპი ზედიზედ მოიგო.

ის შარშანაც კომფორტულად ლიდერობდა ჩემპიონატს, მაგრამ მალაიზიაში, სეპანგის ავტოდრომზე პრაქტიკის დროს თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო, რის გამოც ჩემპიონატი მიატოვა და კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა მისი კარიერა.

მარკ მარკესი: "იმ დროს, როცა ტრავმირებული ხართ ან წარმატებას ვერ აღწევთ, ძალიან მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური სიმტკიცე. ეს გეხმარება იმაში, რომ საკუთარი თავის გამო იმედგაცრუება არ იგრძნო. ყოველთვის უნდა შეინარჩუნო სიმშვიდე. გამოცდილებამ მასწავლა, რომ წყობიდან გამოსვლა არასოდეს გეხმარება".

მარკს მექანიკოსების, ინჟინრებისა და მენეჯერების შეკრული გუნდი ჰყავს, რომელიც ყოველთვის ეხმარებოდა ესპანელს მისი კარიერის საუკეთესო და უარეს მომენტებში. ისინი დიდი ხანია, ერთად მოდიან და მარკესს იმედი აქვს, რომ მათთან ერთად არც მოტოგრანპრის კლასში გაუჭირდება.

მარკ მარკესი: "ისეთი გუნდი, რომელიც მე მოტო2-ის კლასში მყავს, რეალური პლუსია ჩემპიონატში. ეს ძალიან პროფესიული ჯგუფია: როცა მონდომებული მუშაობაა საჭირო - ბევრს ვმუშაობთ, როცა მოდუნება გვჭირდება - დასალევად და დროის გასატარებლად ერთად მივდივართ. ერთად ყველაფერს კარგად ვაკეთებთ".

მარკ მარკესს ყოველთვის სურდა ელიტურ სერიაში გადასვლა და ამ მხრივ გაუმართლა - მოტოგრანპრიში ყველაზე მდიდარმა და წარმატებულმა გუნდმა "ჰონდამ" ესპანელი მას შემდეგ ჩაიგდო ხელში, როცა დიდი სპორტიდან წასვლის შესახებ გამოაცხადა მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა კეისი სტოუნერმა.

მარკ მარკესი: "ეს მართლაც სიურპრიზი იყო ჩემთვის, მაგრამ მე პატივს ვცემ კეისის გადაწყვეტილებას. მას პირადი მიზეზები ჰქონდა ასეთი ნაბიჯის გადასადგმელად. მან ყველას დაუმტკიცა, რომ განსაკუთრებული მრბოლელია - ძალიან სწრაფი და ძალიან ნიჭიერი".

სტოუნერის წასვლის შემდეგ მოტოგრანპრის კლასში წამყვანი ძალა - მარკის თანამემამულე ესპანელები იქნებიან: ხორხე ლორენსო და დანი პედროსა. "იამაჰას" წევრი ლორენსო ამჟამად ლიდერობს ჩემპიონატს და 2010 წელს მოპოვებული ტიტულის დაბრუნების დიდი შანსი აქვს.

მარკ მარკესი: "ორივე ესპანელთან კარგი დამოკიდებულება მაქვს. ჩვენ ხშირად გვაქვს ურთიერთობა ეტაპების დროს. უფრო ხშირად მაინც პედროსასთან მიწევს კონტაქტი, რადგან ორივეს ერთი სპონსორი გვყავს - "რეპსოლი" და ხშირად ერთად ვესწრებით სარეკლამო აქციებს. მიმაჩნია, რომ ორივე დიდი პილოტია. რადგან მოტოგრანპრი საუკეთესო სერიაა მსოფლიოში, შესაბამისად, ისინი ყველაზე სწრაფები არიან ამ სპორტში".

2013 წელს მარკის კიდევ ერთი მეტოქე იქნება ლეგენდარული ვალენტინო როსი. მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონი მეორე სეზონს ატარებს "დუკატიში". ამ გუნდის მოტოციკლი მას გამარჯვების საშუალებას არ აძლევს და იტალიელი ყოველ ეტაპზე ცდილობს, ხუთეულში მაინც მოიპოვოს ადგილი. ცოტა ხნის წინ როსიმ გამოაცხადა, რომ მომავალ წელს "იამაჰაში" დაბრუნდება, სადაც მოტოგრანპრიში თავისი შვიდი ტიტულიდან ოთხი მოიგო.

მარკ მარკესი: "ვფიქრობ, ყველა რბოლა, რომელიც როსის აქვს მოგებული, მის უდიდეს ნიჭზე მეტყველებს. მისი ჩამოწერა არასდროს, არც ერთ სიტუაციაში არ შეიძლება. დროდადრო ის შესანიშნავ შედეგებს აჩვენებს, მიუხედავად იმისა, რომ კვალიფიკაციაში მაღალი დროის ჩვენება არ შეუძლია. მიმაჩნია, რომ თუ მას კონკურენტუნარიან მოტოციკლს მოუმზადებენ, ისევ შეეძლება რბოლების მოგებასა და ჩემპიონობის მოპოვებაზე პრეტენზიის გამოცხადება".

"ჰონდას" ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ისინი მარკ მარკესისგან არ ელიან თავიდანვე რბოლების მოგებას. ეს არის ერთგვარი მრავალწლიანი პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს გამოცდილების დაგროვებას და პოტენციალის თანდათანობით გამოვლენას.

მარკ მარკესი: "ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება სეზონისწინა ტესტებს. სწორედ აქ უნდა შევიტყო ბევრი რამ მოტოგრანპრის კლასზე, შევეჩვიო მოტოციკლს, მის თავისებურებებს. ნაწილობრივ, აქ გაირკვევა, რა შემიძლია პირველ სეზონში".

ნიჭი, მისწრაფება, ენთუზიაზმი, სავარაუდოდ, ესპანელს წელს ტიტულს მოუტანს მოტო2-ის კლასში. იგივე თვისებები უნდა გახდეს იმის გარანტია, რომ მომავალი სეზონი ახალი წარმატებული კარიერის დასაწყისი იქნება მოტოგრანპრის კლასში.

მარკ მარკესი: "არასოდეს იცით, რა იქნება მომავალში, მაგრამ იმედი მაქვს, მრავალი წლის განმავლობაში კონკურენტუნარიანი ვიქნები, რადგან რბოლებით ძალიან ვარ გატაცებული. ვაპირებ გავაგრძელო გამოსვლა იქამდე, სანამ არ მეტყვიან: "საკმარისია! უკვე აღარ ხართ ძველებურად სწრაფი და ძლიერი!"

დოსიე
მარკ მარკესი
ეროვნება: ესპანელი
დაიბადა: 17 თებერვალი, 1993, ქალაქი სერვერა
გუნდი: Team Catalunya Caixa Repsol
მოტოციკლის ნომერი: 93

კარიერა
125cc
წლები: 2008–10
ტიტული: 1 (2010)
სტარტი: 46
მოგება: 10
პოდიუმი: 14
პოული: 14
სწრაფი წრე: 9
ქულა: 467

Moto2
წლები: 2011–
ტიტული: 0
შარშან: მე-2 ადგილი (251 ქულა)
სტარტი: 26
მოგება: 13
პოდიუმი: 20
პოული: 13
სწრაფი წრე: 5
ქულა: 464

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული