ჟენევის ავტოშოუს სპორტქარები: LaFerrari, Lamborghini Veneno, McLaren P1, Alfa Romeo 4C

AutoSharing Option
ფოტო
"ლელოში" ახალი რუბრიკა იღებს სტარტს. ამიერიდან კვირაში ერთხელ გაგაცნობთ სიახლეებს საავტომობილო სამყაროდან.

დღევანდელი თემა კი ჟენევის ავტოშოუა, სადაც რამდენიმე სპორტული ავტომობილის პრემიერა შედგა. მათგან ოთხი გამორჩეული იყო...

LaFerrari
განსაკუთრებული ყურადღება მიპყრობილი იყო ახალ "ფერარიზე". ახალმა მოდელმა მიიღო დასახელება - LaFerrari. ერთი შეხედვით, უცნაური სახელია, მაგრამ როგორც კომპანიაში ირწმუნებიან, ამ გზით სურდათ იმისთვის ხაზის გასმა, რომ LaFerrari - ეს არის იტალიური ბრენდის ყველა მიღწევის კვინტესენცია. მასში გაერთიანებულია ყველაფერი საუკეთესო, რაც "ფერარის" აქვს (იხილეთ ვიდეო).

ჰიბრიდული ჰიპერქარი, რომლის ძარა კარბონისგან არის შექმნილი,
შეზღუდული ტირაჟით გამოვა - 499 ეგზემპლარი. LaFerrari-ს შექმნაში მონაწილეობას იღებდნენ ფორმულა 1-ის საქარხნო გუნდის პილოტები - ფერნანდო ალონსო და ფელიპე მასა.

ავტომობილის ფასი დაახლოებით 1.2 მილიონი ევრო იქნება.

ახალი მოდელის ძალისმიერი სისტემა (საერთო სიმძლავრე 963 ცხენის ძალა) შედგება 6.3-ლიტრიანი V12-ისგან (800 ცხენის ძალა), 160 ცხენის ძალის ელექტროძრავისა და აკუმულატორის ელემენტებისგან. ბრუნვის მომენტი უკანა საბურავებს გადაეცემა შვიდსაფეხურიანი რობოტიზირებული ტრანსმისიით.

LaFerrari-მ მიიღო Brembo-ს კარბოკერამიკული მუხრუჭები, სტაბილიზაციის სისტემა და დიფერენციალის ბლოკირების სისტემა ელექტრონული მართვით.

ეს მანქანა საათში 100 კილომეტრს 3 წამში კრეფს, 200 კმ/სთ-ს - 7 წამში, ხოლო 300 კმ/სთ-ის მაჩვენებელს LaFerrari 15 წამში მიაღწევს. მაქსიმალური სიჩქარე შეზღუდულია 350 კმ/სთ-მდე.

Lamborghini Veneno
სწრაფი მანქანების მწარმოებელმა მეორე იტალიურმა კომპანიამ "ლამბორჯინიმ" ჟენევაში აჩვენა ჰიპერქარი - Veneno, რომელიც საზოგადოებამ არაერთგვაროვნად აღიქვა. მოდელის გამოშვება უკავშირდება "ლამბორჯინის" 50 წლისთავს (იხილეთ ვიდეო).

კომპანიის ლეგენდის მიხედვით, სახელწოდება Veneno ესპანური საბრძოლო ხარიდან მოდის, რომელმაც 1914 წელს ტორეადორი მოკლა.

Sportall.Ge

ამ ახალი მოდელის მეშვეობით, "ლამბორჯინიმ" აპოგეამდე აიყვანა ჰიპერქარების დაბალი ტირაჟით გამოცემის ტენდენცია: Veneno-ს მხოლოდ სამ ეგზემპლარად გამოუშვებენ. სამივე უკვე გაყიდულია და კლიენტების ვინაობა უცნობი დარჩა.

ავტომობილის დიზაინი საკმაოდ საკამათოა - "წყვეტილი" ფორმები, ბევრი აეროდინამიკური ელემენტი, მაგრამ ამის გამო "ლამბორჯინის" კრიტიკა არ მოგვისმენია, რადგან Veneno-ს შეძენის მსურველები უკვე გამოჩნდნენ. არადა, ჰიპერქარის ფასი 4 მილიონი დოლარია.

Veneno უკვე ცნობილი Lamborghini Aventador-ის პლატფორმაზეა შექმნილი. მანქანის შესაქმნელად ფართოდ არის გამოყენებული ნახშირწყალბადის ქსოვილები; საბურავების დისკებიც კი ამ მასალისგან არის წარმოებული.

მოდელი პლატფორმის "დონორზე" 125 კილოგრამით მსუბუქი გამოვიდა. Veneno-ს ძრავაა 6.5-ლიტრიანი V12 700 ცხენის ძალის სიმძლავრით. მანქანა 100 კმ/სთ სიჩქარეს 2.8 წამში აღწევს, მაქსიმალური სიჩქარე კი 355 კმ/სთ-ს უტოლდება.

McLaren P1
ბრიტანულმა "მაკლარენმა" იტალიელი კოლეგების სიახლეებს სუპერქარი McLaren P1-ით უპასუხა. ეს მოდელიც შეზღუდული ტირაჟით იქნება გამოშვებული - 375 ეგზემპლარი.

Sportall.Ge

"მაკლარენში" მიაჩნიათ, რომ ბევრი კლიენტისთვის სწორედ მოდელის "დეფიციტია" შეძენის დროს გადამწყვეტი ფაქტორი და არა დინამიკური მახასიათებლები. საინტერესოა, რომ ჟენევის ავტოსალონის პირველ დღეს ექვსი P1 გაიყიდა.

ეს მანქანა ჰიბრიდულია. მისი ძალისმიერი აგრეგატი ჯამში გამოიმუშავებს 916 ცხენის ძალის ტოლფას საერთო სიმძლავრეს. ის შედგება 3.8-ლიტრიანი ტურბირებული V8-ისგან, 179 ცხენის ძალის ელექტროძრავისა და აკუმულატორის ელემენტებისგან.

P1 საათში 100 კილომეტრს 2.5 წამში ანვითარებს, 200 კმ/სთ-ს - 7.5 წამში, 300 კმ/სთ-ს - 17 წამში, მაქსიმალური სიჩქარე - 350 კმ/სთ-ს უდრის. McLaren P1-ის ფასი დაახლოებით 1.2 მილიონი დოლარია.

Alfa Romeo 4C
კიდევ ერთმა იტალიურმა კომპანიამ - Alfa Romeo-მ წარმოადგინა სპორტკუპე 4C-ის სერიული ვერსია. ამ მოდელის პროტოტიპი ჯერ კიდევ 2011 წელს გვიჩვენეს და ახლა ლეგენდარული მარკა ბრუნდება სპორტული ავტომობილების ბაზარზე.

კუპე ძალიან მჩატე გამოვიდა - მანქანის მასა 925 კილოგრამს შეადგენს. 4C-ის ძრავა ისეთი "მრისხანე" არ არის, როგორც "ფერარისა" და "ლამბორჯინის" შემთხვევაში. ძალისმიერი აგრეგატი - 1.8-ლიტრიანი და ოთხცილინდრიანია, რომელიც 240 ცხენის ძალის ტოლფას სიმძლავრეს გამოიმუშავებს.

Sportall.Ge

მანქანა აღჭურვილია რობოტიზებული გადაცემათა კოლოფით და შესაძლებელია გადაცემის ხელით გადართვა.

მანქანის ძალიან დაბალი წონის პირობებში ასეთ ძრავას შეუძლია, 100 კმ/სთ 4.5 წამში განავითაროს. კუპეს მაქსიმალური სიჩქარე ელექტრონულად არის შეზღუდული 250 კმ/სთ-მდე.

ჟენევაში წარმოდგენილი იყო სპეციალური ვერსია - 4C Launch Edition, რომელიც მოდელის წარმოებაში ჩაშვებას მიეძღვნა. მისთვის ორი ფერია გამოყოფილი - თეთრი და წითელი. გარდა ამისა, სპეციალური ვერსია მიიღებს განსაკუთრებულ აეროდინამიკურ დაკიდებას, სპეციალურ ოპტიკასა და უკანა დიფუზორს.

ტრადიციულად მომხიბვლელი დიზაინის გარდა, Alfa Romeo 4C გვხიბლავს თავისი ფასით: მოდელი ევროპაში დაახლოებით 60 ათასი ევრო ეღირება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან სასიამოვნო და საინტერესო სიახლეა. მივესალმები ამ ახალ რუბრიკას. მცირე კორექტივებს შევიტან თუ შეიძლება. Lamborghini იკითხება, როგორც "ლამბორგინი" და არა, როგოორც "ლამბორჯინი" იტალიურ ენაში ასო g-ს თუ მოსდევს ასო "h"-მაშინ ის იკითხება როგორც "გ". გთხოვთ გაითვალისწინოთ აღნიშნული. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას, საინტერესო რუბრიკისთვის. გისურვებთ წარმეტებებს.
გიორგი
14:52 17-03-2013
0

სიახლეები პოპულარული