მოტოგრანპრი "იამაჰას" დუბლით დაიწყო

AutoSharing Option
ყატარის გრანპრით გაიხსნა დოჰაში მოტოგრანპრის მსოფლიოს ჩემპიონატი. პირველი ეტაპი "იამაჰას" ტრიუმფით აღინიშნა, თუმცა კვალიფიკაციის შედეგების მიხედვით, რბოლის ასეთი დასასრული ნაკლებად იყო მოსალოდნელი. მართალია, მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ხორხე ლორენსომ პოული მოიპოვა, მაგრამ მისი თანაგუნდელი ვალენტინო როსი მხოლოდ მეხუთე ადგილზე იდგა სასტარტო ბილიკზე.

სტარტის შემდეგ ლორენსომ შეინარჩუნა ლიდერობა, მეორე ადგილზე კი გადავიდა "ჰონდას" ლიდერი დანი პედროსა, რომელმაც ისარგებლა კრატჩლოუს შეყოვნებით (ბრიტანელს დოვიციოზომ და როსიმაც გაუსწრეს). ასე რომ, პირველი წრე პილოტებმა ასეთი თანმიმდევრობით დაასრულეს: ლორენსო, პედროსა, დოვიციოზო, როსი, კრატჩლოუ, ბრადლი...

მეორე წრეზე როსი
დამუხრუჭებისას შეცდა და მეშვიდე ადგილამდე ჩამოქვეითდა. დოვიციოზომაც მესამე წრეზე დაკარგა რამდენიმე პოზიცია. ამასობაში, ჩაგდებული სტარტის შემდეგ, თანდათან მოვიდა გონს "ჰონდას" მეორე პილოტი, დებიუტატი მარკ ლოპესი - ის ძალიან მალე შევიდა პირველ სამეულში.

სიტუაცია ტრასაზე სტაბილური გახდა: წინ კომფორტული უპირატესობით მოძრაობდა ლორენსო, მას კი მისდევდნენ პედროსა, მარკესი და კრატჩლოუ. მეხუთე ადგილზე იმყოფებოდა როსი, რომელმაც დოვიციოზოსა და ბრადლს გაუსწრო.

შემდეგ კი დაიწყო როსის შოუ. კრატჩლოუს შეცდომის შემდეგ ის მეოთხე ადგილზე გადავიდა, შემდეგ გაუსწრო პედროსას, მოგვიანებით კი არც მარკესი დაინდო და მეორე პოზიციაზე აღმოჩნდა (მანამდე მარკესმა სწორ მონაკვეთზე გაუსწრო პედროსას, რითაც საბოლოოდ გაანაწყენა თავისი თანაგუნდელი).

სამწუხაროდ, ლორენსოსა და როსის დუელი არ შედგა, რადგან ხორხე დიდი მანძილით იყო წინ და მისი დაწევა შეუძლებელი გახლდათ.

ყატარის გრანპრი
1. ლორენსო (ესპ, Yamaha) 22 წრე
2. როსი (იტა, Yamaha) +5,990
3. მარკესი (ესპ, Honda) +6,201
4. პედროსა (ესპ, Honda) +9,473
5. კრატჩლოუ (ბრიტ, Yamaha) +18,764
6. ბაუტისტა (ესპ, Honda) +22,148
7. დოვიციოზო (იტა, Ducati) +24,355
8. ჰეიდენი (აშშ, Ducati) +24,920

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მოტოგრანპრი. 2013 წლის სეზონის წინ: "ჰონდა" თუ "იამაჰა"?
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგარი რბოლა იყო, რომ არა როსის ის შეცდომა მეორე წრეზე მოიგებდა ამ რბოლას... ტყუილად დაკარგა 2 წელი დუკატიში... მიდი ვალე...
TIGANA
12:03 09-04-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული