ისევ კარლოს საინსი და სირილ დეპრე

AutoSharing Option

"დაკარის" მეორე ეტაპზე პრაქტიკულად იგივე შედეგები დაფიქსირდა, რაც პირველ ეტაპზე ვიხილეთ. მანქანების კლასში ზედიზედ მეორე გამარჯვებას მიაღწია მოქმედმა ჩემპიონმა, ესპანელმა კარლოს საინსმა, რომელმაც წუთით აჯობა კატარელ ნასერ ალ-ატიიასა და წუთნახევრით - ფრანგ სტეფან პეტერანსელს. სამხრეაფრიკელი ჟინიელ დე ვილიერსის ჩამორჩენამ ხუთნახევარი წუთი შეადგინა, ლიდერთა შორის სიმჭიდროვის გათვალისწინებით კი ეს საკმაოდ დიდი დროა.

ამასთან, არ შეიძლება იმის თქმა, რომ საინსს კონკურენტებისგან განსხვავებით ყველაფერი წესრიგში ჰქონდა. ფინიშის შემდეგ ესპანელმა მცირე ტექნიკური პრობლემების გამო დაიჩივლა. "ნელა სიარული მომიწია, - ამბობს საინსი. - ძალიან განაწყენებული

ვარ. სავარაუდოდ, ბევრი დრო დავკარგე. არ ვიცი, რატომ აქვს ჩემს მანქანას პრობლემები, მექანიკოსებმა ხომ გუშინ ყველაფერი შეამოწმეს?!"

პრობლემები ჰქონდა ალ-ატიიასაც - ისევე როგორც წინა დღეს, ბოლო 100 კილომეტრზე მისმა ძრავამ სიმძლავრე დაკარგა. თუმცა ეს არაფერია "ფოლკსვაგენის" კიდევ ერთი პილოტის მარკ მილერის გასაჭირთან. ამერიკელის "ტუარეგი" ამოტრიალდა და სერიოზულად დაზიანდა. ხანგრძლივი რემონტის შემდეგ მილერმა ბრძოლა გააგრძელა, მაგრამ ახლა მისივე სიტყვებით, მომდევნო ეტაპებზე მხოლოდ დანარჩენ სამ "ფოლკსვაგენს" გაუწევს დახმარებას. მილერი საერთო ჩათვლაში მე-16 ადგილზეა და საინსს 56 წუთით ჩამორჩება.

ზედიზედ მეორე ეტაპი ჩააგდო რობი გორდონმა. მან "ჰამერით" მოზრდილ ქვას გადაუარა და თითქმის საათი არემონტებდა მანქანას, რამაც ის 21-ე ადგილამდე ჩამოაქვეითა.


* * *
მოტოციკლისტთა კლასში ასევე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა სირილ დეპრემ. ფრანგმა სოლიდური უპირატესობით - ორი წუთით აჯობა მარკ კომას. კიდევ ერთმა ცნობილმა "დაკარელმა მებრძოლმა" დავიდ კასტომ თანამემამულესთან თითქმის ოთხი წუთი წააგო. პირველი ეტაპის ექს-ტრიუმფატორმა რუბენ ფარიამ ღირსეული მეხუთე ადგილი დაიკავა და ჯერ არ აპირებს ლიდერთა ჯგუფთან გამომშვიდობებას.

დეპრემ თავიდანვე მოიპოვა ლიდერობა, კომა კი ასეთივე წარმატებული არ ყოფილა და ერთი პირობა კასტოსთან მოუწია ბრძოლა. მაგრამ ბოლოს ესპანელმა დაძლია პრობლემები და მეორე ადგილი შეინარჩუნა.

რაც შეეხება ფარიას, რომელსაც პირველი ეტაპზე მოპოვებული გამარჯვება ჩამოართვეს, თავიდან პორტუგალიელი ჩრდილში მოექცა და პირველ საკონტროლო მონაკვეთზე მხოლოდ მე-19 დრო აჩვენა. ამის შემდეგაც ის სტაბილურად აგებდა ლიდერებთან, მაგრამ სხვები უფრო მეტად ჩამორჩებოდნენ დაწინაურებულებს, რისი წყალობითაც რუბენი მეხუთე ადგილზე აღმოჩნდა და ამან საერთო ჩათვლაში მესამე პოზიცია მოუტანა.

II ეტაპი
მანქანები
1. კარლოს საინსი (ესპანეთი, "ფოლკსვაგენი") - 3:11.28; 2. ნასერ ალ ატიია (კატარი, "ფოლკსვაგენი") - +1.03; 3. სტეფან პეტერანსელი (საფრანგეთი, BMW) - +1.34; 4. ჟინიელ დე ვილიერსი (ს. აფრიკა, "ფოლკსვაგენი") - +5.43; 5. ორლანდო ტერანოვა (არგენტინა, BMW) - +8.14...

საერთო ჩათვლა
1. კარლოს საინსი (ესპანეთი, "ფოლკსვაგენი") - 5:30.00; 2. სტეფან პეტერანსელი (საფრანგეთი, BMW) - +3.05; 3. ნასერ ალ ატიია (კატარი, "ფოლკსვაგენი") - +3.19; 4. ჟინიელ დე ვილიერსი (ს. აფრიკა, "ფოლკსვაგენი") - +10.49; 5. კშიშტოფ ჰოლოვჩიკი (პოლონეთი, BMW) - +16.04...

მოტოციკლები
1. სირილ დეპრე (საფრანგეთი, KTM) - 3:19:11; 2. მარკ კომა (ესპანეთი, KTM) - +1:49; 3. დავიდ კასტო (საფრანგეთი, Sherco) - +3:46; 4. ფრანსისკო ლოპეს კონტადრო (ესპანეთი, Aprilia) - +4:06; 5. რუბენ ფარია (პორტუგალია, KTM) - +5:42...

საერთო ჩათვლა
1. სირილ დეპრე (საფრანგეთი, KTM) - 5:17:42; 2. მარკ კომა (ესპანეთი, KTM) - +2:35; 3. რუბენ ფარია (პორტუგალია, KTM) - +6:13; 4. ფრანსისკო ლოპეს კონტადრო (ესპანეთი, Aprilia) - +6:51; 5. პაულუ გონკალვეში (პორტუგალია, BMW) - +9:28...

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული