დაკარი 2011 - ჯერ ბევრი გაურკვევლობა

AutoSharing Option

სულ უფრო ცოტა დრო რჩება დაკარის რალის დასრულებამდე და როგორც ჩანს, მანქანების კლასში ბოლო ეტაპამდე გაურკვეველი სიტუაცია იქნება. რაც უფრო ახლოვდება ავტომარათონის ფინიში, მით უფრო იძაბება სიტუაცია "ფოლკსვაგენის" პილოტებს - ნასერ ალ-ატიისა და კარლოს საინსს შორის.

 

ამჯერად ეტაპმა ესპანელი ავტომრბოლის უპირატესობით ჩაიარა. საინსი ყოველ საკონტროლო ნიშნულზე ზრდიდა უპირატესობას და დისტანციის შუაში სამ წუთზე მეტს იგებდა. ამას კატარელის "ფოლკსვაგენზე" საბურავის გასკდომამაც შეუწყო ხელი. შესაბამისად, კარლოსი სათავეში ჩაუდგა რბოლას და ახლა მას უწევდა გზის გაკვალვა. ამან შარშანდელი ჩემპიონის ტემპი დააგდო და ალ-ნასერმა ჩამორჩენის

შემცირება დაიწყო. ბოლომდე ამის გაკეთება ვერ შეძლო, მაგრამ ასეთი კონკურენციისას ყოველ წუთს დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომაც კატარელი კმაყოფილი უნდა იყოს ამ შედეგით. მას ახლა მხოლოდ სამწუთიანი უპირატესობა დარჩა, თუმცა შემდეგ ეტაპზე საინსი პირველი აიღებს სტარტს, შესაბამისად, ალ-ატიიას აქვს ჰანდიკაპის გაზრდის საშუალება.

მესამე ისევ ჟინიელ დე ვილიერსი იყო. სამხრეთაფრიკელი ღირსეულად გამოვიდა და ისევ გაუსწრო სტეფან პეტერანსელს. ეს უკანასკნელი გამარჯვებისთვის აღარ იბრძვის და უფრო საერთო ჩათვლაში მეოთხე ადგილის შენარჩუნებაზე ზრუნავს.


მოტოციკლების კლასში მესამე ეტაპი თავიდან ბოლომდე უცნაურობებით იყო სავსე. ამჯერად ათი პილოტისგან შემგარმა ჯგუფმა ერთად აიღო სტარტი, ასე რომ უპირატესობა არავის არ ჰქონია.

მთავარი სენსაცია კი ის იყო, რომ პირველ ექვსეულში ვერ მოხვდნენ საერთო ჩათვლის ლიდერები - მარკ კომა და სირილ დეპრე. ისინი პორტუგალიელი ელდერ როდრიგესის ინტუიციას ენდნენ და მასთან ერთად არასწორი მარშრუტი აირჩიეს. ამის გამო მათ ათ წუთზე მეტი დაკარგეს, შემდეგ კი ბევრს ეცადნენ სიტუაციის გამოსწორებას, მაგრამ საბოლოოდ დეპრემ გამარჯვებული ამერიკელი ჯონ სტრიტის დროს ექვსი წუთით ჩამორჩა, კომა - შვიდი წუთით. არადა, რომელიმე ლიდერი უფრო მიხვედრილი რომ ყოფილიყო, შესაძლოა, საერთო ჩათვლაში ბრძოლა სწორედ ამ ეტაპზე დასრულებულიყო. ასე კი დეპრემ მხოლოდ ის მოახერხა, რომ ერთი წუთი გააბათილა ლიდერთან და ახლა კომასთან რვა წუთს აგებს.


IX ეტაპი
მანქანები
1. საინსი (ესპანეთი, "ფოლკსვაგენი") - 2:14.39; 2. ალ ატიია (კატარი, "ფოლკსვაგენი") - +1.56; 3. დე ვილიერსი (ს. აფრიკა, "ფოლკსვაგენი") - +9.02; 4. პეტერანსელი (საფრანგეთი, BMW) - +11.14; 5. მილერი (აშშ, "ფოლკსვაგენი") - +14.52...
საერთო ჩათვლა
1. ალ ატიია (კატარი, "ფოლკსვაგენი") - 30:56.25; 2. საინსი (ესპანეთი, "ფოლკსვაგენი") - +3.18; 3. დე ვილიერსი (ს. აფრიკა, "ფოლკსვაგენი") - +55.51; 4. პეტერანსელი (საფრანგეთი, BMW) - +1:42.48; 5. მილერი (აშშ, "ფოლკსვაგენი") - +2:45.19...

მოტოციკლები
1. სტრიტი (აშშ, "იამაჰა") - 3:06.56; 2. ვერჰუვენი (ბელგია, BMW) - +3.38; 3. კასტო (საფრანგეთი, "შერკო") - +3.40; 4. ფარეს გელი (ესპანეთი, "აპრილია") - +4.30; 5. ვილადომსი (ესპანეთი, "იამაჰა") - +5.46...
საერთო ჩათვლა
1. კომა (ესპანეთი, KTM) - 35:32.56; 2. დეპრე (საფრანგეთი, KTM) - +8.14; 3. ლოპეს კონტადრო (ჩილე, Aprilia) - +23.33; 4. როდრიგესი (პორტუგალია, "იამაჰა") - +1:01.51; 5. ფარია (პორტუგალია, KTM) - +1:21.20...

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული