ჩემპიონის ფიასკო

AutoSharing Option
რალი-რეიდ "დაკარის" მე-11 ეტაპმა კიდევ უფრო მოაახლოვა მიმდინარე ლიდერთა ტრიუმფი. მანქანების კლასში, ალბათ, უკვე მილოცვებს იღებს "ფოლკსვაგენის" პილოტი ნასერ ალ-ატიია. მისმა კონკურენტმა და ჯერ კიდევ მოქმედმა ჩემპიონმა კარლოს საინსმა მიიჩნია, რომ მეორე ადგილი მას არ შეეფერებოდა, ამიტომაც მე-11 ეტაპზე ვა-ბანკზე წავიდა და ამისთვის დაისაჯა კიდეც - ესპანელი გზიდან გადავარდა და მის "ფოლკსვაგენს" წინა დაკიდება გაუტყდა. პრობლემის გამოსასწორებლად საათზე მეტი დაიკარგა და ეს ყველაფერი საინსს გენერალურ კლასიფიკაციაში პირველი ადგილის დაკარგვად დაუჯდა. 

ეტაპი კი ალ-ატიიამ მოიგო, რომლის უახლოესი მდევარი საერთო ჩათვლაში მეორე
თანაგუნდელი ჟინიელ დე ვილიერსი გახდა, ოღონდ სამხრეთაფრიკელი დიდი ხანია აღარ მიიჩნევა კატარელის კონკურენტად, რადგან მათ შორის სხვაობა 51 წუთს შეადგენს. 

ასე რომ, ალ-ატიიას შეუძლია არ გარისკოს და მშვიდად ჩავიდეს ბუენოს აირესში, სადაც პირველად იზეიმებს დაკარზე გამარჯვებას.  

მოტოციკლთა კლასში ისევ ორი ლიდერის - მარკ კომასა და სირილ დეპრეს დომინირება შეიმჩნეოდა. ფრანგი დეპრე არ ნებდება და ყველანაირად ცდილობს წინა ეტაპებზე დაკარგულის ანაზღაურებას, თუმცა კომა შეცდომებს არ უშვებს. ესპანელს სწორი ტაქტიკა აქვს არჩეული - არ რისკავს და მშვიდად მიიწევს დაკარზე თავისი მეორე ტრიუმფისკენ. 

დეპრემ მოიგო მე-11 ეტაპი, მაგრამ საერთო ჩათვლაში თავის ჩამორჩენას მხოლოდ 2 წუთი და 11 წამი ჩამოაკლო. ასე რომ, ახლა კომასა და დეპრეს შორის სხვაობა 16 წუთს უდრის.


მე-11 ეტაპი ტრაგიკული შემთხვევით აღინიშნა. წლევანდელი რალის პირველი მსხვერპლი გახდა 42 წლის პილოტი მარსელო რეალესი, რომლის მანქანასაც კონკურენტის ავტომობილი შეეჯახა და ეს ავარია არგენტინელისთვის ფატალურად დასრულდა. 

"ინციდენტი ფინიშამდე 30 კილომეტრით ადრე მოხდა, - წერენ ოფიციალურ განცხადებაში ორგანიზატორები. - პილოტი ადგილობრივ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მაგრამ სამწუხაროდ, ექიმებმა ვერ შეძლეს მისი გადარჩენა." 


XI ეტაპი
მანქანები

1. ალ ატიია (კატარი, "ფოლკსვაგენი") - 4:17.27; 2. პეტერანსელი (საფრანგეთი, BMW) - +1.13; 3. დე ვილიერსი (ს. აფრიკა, "ფოლკსვაგენი") - 4.52; 4. ჰოლოვჩიკი (პოლონეთი, BMW) - +13.17; 5. ლეალ დოს სანტოსი (პორტუგალია, BMW) - +27:13...
საერთო ჩათვლა
1. ალ ატიია (კატარი, "ფოლკსვაგენი") - 38:16.01; 2. დე ვილიერსი (ს. აფრიკა, "ფოლკსვაგენი") - +51.49; 3. საინსი (ესპანეთი, "ფოლკსვაგენი") - +1:27.27; 4. პეტერანსელი (საფრანგეთი, BMW) - +1:40.45; 5. ჰოლოვჩიკი (პოლონეთი, BMW) - +4:02.54...

მოტოციკლები
1. დეპრე (საფრანგეთი, KTM) - 4:33.13; 2. კომა (ესპანეთი, KTM) - +2.11; 3. ლოპეს კონტადრო (ჩილე, Aprilia) - +6.19; 4. როდრიგესი (პორტუგალია, "იამაჰა") - +7.44; 5. დუკლო (საფრანგეთი, Aprilia) - +10.03...
საერთო ჩათვლა
1. კომა (ესპანეთი, KTM) - 43:14.55; 2. დეპრე (საფრანგეთი, KTM) - +15:59; 3. ლოპეს კონტადრო (ჩილე, Aprilia) - +49.24; 4. როდრიგესი (პორტუგალია, "იამაჰა") - +1:35.10; 5. პედრედო გარსია (ესპანეთი, KTM) - +2:42.55...

 

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული