დაკარი 2016: მეორე სიკვდილი არგენტინაში

AutoSharing Option
დაკარზე უკვე მეორე შემთხვევა დაფიქსირდა სასიკვდილო შედეგით. ამის შესახებ ორი დღის წინ გახდა ცნობილი.

არგენტინის ქალაქ კორდობაში ევაკუატორი ფრანგი პილოტის ლიონელ ბოდის ავტომობილით სხვა მანქანას შეეჯახა, რომლის დროსაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთმა სხვადასხვა ტრავმა მიიღო. ბოდის Mitsubishi Lancer ბუენოს აირესში გადაჰყავდათ, საიდანაც მანქანას გემით ევროპაში გაუშვებდნენ.

9 იანვარს, ლიონელ ბოდი, რომელიც ავტომობილების კლასში გამოდიოდა, მეშვიდე ეტაპის დროს 63 წლის გულშემატკივარს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ასე რომ, ეს უკვე მეორე სასიკვდილო შემთხვევაა 2016 წლის დაკარზე.

* * *
ამასობაში, გაიმართა
მეცხრე ეტაპი, რომელიც ერთ-ერთი განმსაზღვრელი უნდა ყოფილიყო, რადგან მონაწილეებს ისევ ელოდათ მარათონული მარშრუტი ქვიშებსა და გაუვალ გზებზე. ორგანიზატორებს გაუსაძლისი სიცხის გამო, ეტაპის სიგრძის 100 კილომეტრით შემცირება მოუწიათ.

მოტოციკლების კლასში ზედიზედ მეორე ეტაპი მოიგო KTM-ის წევრმა ტობი პრაისმა, ხოლო მისი მთავარი კონკურენტი პაულუ გონკალვეში ბრძოლას ჩამოშორდა რადიატორთან დაკავშირებული პრობლემების გამო. მეორე ადგილი დაიკავა "ჰონდას" კიდევ ერთმა პილოტმა კევინ ბენავიდესმა, რომელმაც პრაისთან შვიდი წუთი წააგო. მესამე დრო ჰქონდა KTM-ის წევრს სტეფან შვიტკოს. საერთო ჩათვლაში დამაჯერებლად ლიდერობს პრაისი, რომელიც უახლოეს მდევარს შვიტკოს 25 წუთით უსწრებს.

* * *
ავტომობილების კლასში ისევ შეიცვალა ლიდერი. წინა ეტაპებისგან განსხვავებით, ამჯერად, "პეჟოს" პილოტების დომინირება არ გამოვიდა. მართალია, პირველი ფინიშთან კარლოს საინსი მივიდა, მაგრამ ერთბაშად სამმა პილოტმა - ვან ლუნმა და ჰირვონენმა MINI-დან, აგრეთვე დე ვილიერსმა "ტოიოტადან" წუთზე ნაკლები წააგეს გამარჯვებულთან.

MINI-ს ლიდერმა ნასერ ალ-ატიიამ მეხუთე დრო აჩვენა - ორი წუთის ჩამორჩენით საინსთან. სტეფან პეტერანსელმა კი დღე მეშვიდე დროით დაასრულა - ფრანგმა ცხრა წუთი წააგო ესპანელთან.

შედეგად, საინსი გენერალური კლასიფიკაციის ლიდერი გახდა და ერთბაშად შვიდ წუთს უგებს პეტერანსელს. ალ-ატიია მესამეა 14-წუთიანი ჩამორჩენით, ჰირვონენი - მეოთხე, დე ვილიერსი - მეხუთე.

რაც შეეხება სებასტიან ლოებს, მერვე ეტაპზე მანქანის სერიოზულად დაზიანების მიუხედავად, ფრანგი სტარტზე მაინც გავიდა, მაგრამ ტემპი ძალიან დაბალი იყო. ამასთან, კლასიკურ რალიში მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონი რამდენჯერმე გაჩერდა, რადგან ავტომობილი ქვიშაში ჩაეფლო. საბოლოოდ, მან ერთი საათი დათმო საინსთან და ახლა, საერთო ჩათვლაში მასთან ორ საათზე მეტს აგებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული