სპორტი ნომერი 2 შტატებში
ამერიკელებს უყვართ რბოლები. შესაძლოა, უფრო მეტად, ვიდრე ევროპაში. NASCAR-ის სერია ამერიკის შეერთებულ შტატებში პოპულარობით მხოლოდ ამერიკულ ფეხბურთს ჩამორჩება. ბოლო წლებში NASCAR-ში, ისევე, როგორც ფორმულა 1-ში, შეწუხებულნი არიან რეიტინგის დაცემით, მაგრამ აშშ-ში ეს პრობლემა ყველა სპორტის სხვა სახეობების სირთულეების ფონზე, NASCAR ცუდად სულაც არ ცხოვრობს. მართალია, Sprint Cup-ის რბოლების აუდიტორია 4 პროცენტით დაეცა, დაიტონასა და ატლანტას ეტაპების, აგრეთვე ჰოუმსტედში ფინალის რეიტინგები გაიზარდა. 2015 წელს, ტელეტრანსლიაციების საშუალო აუდიტორია 5 მილიონით გაიზარდა.
რბოლის დღეებში ტრიბუნებზე ათობით ათასი მაყურებელი იკრიბება: ვიღაც ოჯახთან ერთად მოდით, ვიღაც გასაშლელი სკამით და რადიომიმღებით, რათა არ გამორჩეს რბოლის არც ერთი დეტალი. რბოლები საკმაოდ მარტივი, მაგრამ სწრაფი და სამართავად რთული მანქანებით უკვე გახდა ამერიკული ცხოვრების წესის ნაწილი, ხოლო ოვალური ტრასის გარშემო ტრიბუნებზე დროის გატარება, არაფრით განსხვავდება მატჩის წინ ფეხბურთის ან ჰოკეის ფანების გართობისგან.
ასფალტის გლადიატორები
NASCAR-ის რბოლების პოპულარობის მთავარი საიდუმლო - სანახაობრივი მხარეა. ფორმულა 1-ის ბოლიდებისგან განსხვავებით, სტოკ-კარები ორჯერ მძიმეა და უფრო წვრილი საბურავების გამო, გაცილებით რთულია ტრაექტორიაზე მათი შენარჩუნება, თან იმ პირობებში, რომ მანქანები ბეტონის კედლისგან სანტიმეტრებით არიან დაშორებულნი. და ეს ყველაფერი ხდება საათში 300 კილომეტრ სიჩქარეზე (Sprint Cup ასეთი ტიპის მანქანებით რბოლებში ყველაზე სწრაფი სერიაა).რა თქმა უნდა, მაყურებელს იზიდავს სანახაობრივი ავარიები, რომელიც ხშირად, მაღალი სიჩქარის გადამკიდე, აპოკალიპტურ მასშტაბებს იღებენ. მაგრამ აქ უნდა შევაქოთ ტურნირის ორგანიზატორები: NASCAR-ში უსაფრთხოების ძალიან მაღალი დონეა და ყველაზე სერიოზულ ინციდენტებში ყველაზე უარესი, რაც შეიძლება მოხდეს, - ფეხის მოტეხილობაა. მოტორბოლებში, ფორმულა 1-ში და ინდიკარში ტრაგედიების ფონზე, სტოკ-კარების რბოლები, ამ მხრივ, გაცილებით უსაფრთხოა.
სასტარტო ბილიკზე 40 მანქანაა და თითოეული გულშემატკივარი იოლად პოულობს პილოტს, რომელსაც საქომაგოდაც არის მისული ავტოდრომზე. NASCAR-ში პილოტის კარიერა ორი ან სულაც სამი ათეული წელი შეიძლება გაგრძელდეს. მაგალითად, მარკ მარტინი 32 წელი გამოდიოდა, იქამდე, სანამ 54 წელი არ შეუსრულდა.
თუმცა წელს, NASCAR Sprint Cup-მა ორი ლეგენდა დაკარგა: ჯეფ გორდონმა დაასრულა კარიერა, ხოლო ტონი სტიუარტი კვადროციკლიდან გადმოვარდა და საავადმყოფოში მოხვდა. საუკეთესო შემთხვევაში, ის სეზონის მეორე ნახევარში დაბრუნდება ტრასაზე და წლევანდელი ჩემპიონატის შემდეგ ისიც დაასრულებს კარიერას.
ბოლო წლებში, Sprint Cup-ში შეაღწია ახალგაზრდა პილოტების მთელმა თაობამ, რომელიც ამ სპორტის სახეობის მომავალი უნდა გახდეს. მაგალითად, დებიუტანტი ჩეიზ ელიოტი, რომელმაც გორდონი შეცვალა "შევროლეში". სწორედ მან მოიგო "დაიტონას 500 მილის" კვალიფიკაცია.
კვლავაც პელოტონშია გამოცდილი მეტ კენსეტი - 2003 წლის ჩემპიონი. აქვეა აშშ-ის ყველაზე პოპულარული მრბოლელი დეილ ერნჰარდტ-უმცროსი და ქვეყნის ყველაზე საძულველი მრბოლელი კაილ ბუში - Sprint Cup-ის მოქმედი მფლობელი...
იმ 40 პილოტიდან, რომელიც ამ სეზონში სტარტზე გავიდა, თითოეულს აქვს ნებისმიერი ეტაპის მოგების რეალური შანსი. ეტაპზე ლიდერი ძალიან ბევრჯერ იცვლება და ბოლო მოსახვევშიც არ არის გარკვეული - ვინ მოიპოვებს გადამწყვეტ მომენტში გამარჯვებას. და, მართალია, ვიღაცეებს მიაჩნიათ, რომ რბოლები ასეთი ტიპის ტრასაზე ნაწილობრივ ლატარიაა, სინამდვილეში, ეს ასე არ არის. აქ გამარჯვებისთვის პილოტს უნდა გააჩნდეს ფილიგრანული ტექნიკა, უნდა იცოდეს ავარიის თავიდან აცილება, ზუსტად მუშაობდეს დრაფტზე და არჩევდეს ოპტიმალურ მომენტს შეტევისთვის. ერთად ყველა ეს თვისება - ნამდვილი ნიჭის ნიშანია.
წლევანდელ რეგულარულ ჩემპიონატში 26 ეტაპია, რის შემდეგაც გაირკვევა 16 ფინალისტი. სწორედ ისინი გაითამაშებენ ჩემპიონის ტიტულს გადამწყვეტ ათ რბოლაში.
Sprint Cup-ზე პლეი ოფის სერია ოთხ რაუნდად არის გაყოფილი. თითოეულიდან სამი პილოტი ვარდება. შედეგად, სეზონის ბოლო ეტაპზე ჰოუმსტედში რჩება ოთხი პილოტი. სწორედ მათ შორის ის, ვინც ყველაზე ადრე მივა ფინიშთან, ტიტულის მფლობელი გახდება. ასეთი სისტემა არც ერთ სხვა პირველობაზე არ არის და უკვე ორი წელია, დაუვიწყარ ბრძოლას სთავაზობს გულშემატკივრებს.
P. S. NASCAR Sprint Cup-ის პირველი ეტაპის - "დაიტონა 500"-ის გამარჯვებული დენი ჰამლინი გახდა, რომელმაც სულ რაღაც ერთი მეასედი წამი მოუგო მარტინ ტრუეკს (გამარჯვებული ფოტოფინიშით გამოავლინეს). სამეულში შევიდა კაილ ბუში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"