რალი "ფორდის" ტრიუმფით დაიწყო

AutoSharing Option

გასულ კვირას რალიში მსოფლიოს ახალი ჩემპიონატი დაიწყო. სეზონი შვედეთის რალითა და "ფორდის" ტრიუმფით დაიწყო - პირველი სამი ადგილი ახალმა Fiesta RS WRC-მა დაიკავა. გამარჯვება იზეიმა ფინელმა მიკო ჰირვონენმა, რომელმაც სულ რაღაც ექვსი წამით აჯობა ნორვეგიელ მადს ოსტბერგს. სამეულში მოხვდა "ფორდის" მეორე პილოტი, ასევე ფინელი იარი-მატი ლატვალა.

შვედეთის რალი ძალიან დაძაბული გამოვიდა. ბოლო დღის წინ პირველ ხუთეულს - ჰირვონენს, ოსტბერგს, ლატვალას, პეტერ სოლბერგსა და სებასტიან ოჟიეს მხოლოდ 15 წამი ჰყოფდათ ერთმანეთთან, მაგრამ მაინც ჩემპიონატის პირველ ეტაპზე უფრო ძლიერები "ფორდის" პილოტები აღმოჩდნენ,

"სიტროენის" რიგებში კი საუკეთესო ოჟიე გახდა, რომელმაც სამი ბონუსქულაც მიითვალა "სატელევიზიო" სპეცმონაკვეთზე გამარჯვებისთვის.

"სიტროენის" კიდევ ერთი პილოტი სოლბერგი, რომელიც კვირას დილიდან მესამე ადგილს ინარჩუნებდა, საბოლოოდ მეხუთე პოზიციამდე ჩამოქვეითდა. საინტერესოა, რომ ეტაპის ბოლოსკენ ნორვეგიელმა ადგილი გაუცვალა თავის შტურმანს, კრის პატერსონს, რომელიც Citroen DS3 WRC-ის საჭეს მიუჯდა და ნელ ტეპში მიიყვანა მანქანა ფინიშამდე. შესაძლოა, "მისტერ ჰოლივუდმა" (სოლბერგის მეტსახელი) ეს გუნდური ტაქტიკის გამო გააკეთა, რათა მეოთხე ადგილი ოჟიესთვის დაეთმო.

მსოფლიოს ჩემპიონი სებასტიან ლოები შვედეთში ვერ ბრწყინავდა. თოვლიან ტრასაზე ლეგენდარულმა ფრანგმა თავი კომფორტულად ვერ იგრძნო, თანაც პარასკევს ორჯერ საბურავის დაზიანებისთვის ბევრი დრო დაკარგა. საბოლოოდ, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა მეექვსე ადგილი დაიკავა.

ფორმულა 1-ის ყოფილმა ჩემპიონმა კიმი რაიკონენმა შვედეთის რალი მერვე პოზიციაზე დაასრულა და ქულათა ზონაში შევიდა. ფინელმა ახალი გუნდის - ICE 1 Racing-ის რიგებში "სიტროენის" მანქანით დამაჯერებელი გამოსვლა აჩვენა, სერიოზული შეცდომები აიცილა თავიდან, რამდენიმე სპეცმონაკვეთზე კი საუკეთესო ექვსეულშიც შეაღწია. გამარჯვებულს რაიკონენი შვიდი წუთით ჩამორჩა. შემდეგი ეტაპი 4-6 მარტს მექსიკაში გაიმართება.

I ეტაპი. შვედეთის რალი
1. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, "ფორდ ფიესტა") - 3:23.56,6; 2. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, "ფორდ სტობარტი") - +6,5; 3. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, "ფორდ ფიესტა") - +34,0; 4. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, "სიტროენი") - +47,7; 5. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, "სიტროენი") - +1.31,6; 6. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, "სიტროენი") - +2.30,3; 7. პერ-გუნარ ანდერსონი (შვედეთი, "ფორდ ფიესტა") - +6.22,0; 8. კიმი რაიკონენი (ფინეთი, "სიტროენი") - +7.02,3; 9. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, "ფორდ ფიესტა") - +10.11,5; 10. ხალიდ ალ-ქასიმი (საემიროები, "ფორდი") - +10.31,1...

საერთო ჩათვლა
1. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, "ფორდ ფიესტა") - 25; 2. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, "ფორდ სტობარტი") - 18; 3. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, "ფორდ ფიესტა") - 16; 4. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, "სიტროენი") - 15; 5. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, "სიტროენი") - 10; 6. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, "სიტროენი") - 10; 7. პერ-გუნარ ანდერსონი (შვედეთი, "ფორდ ფიესტა") - 6; 8. კიმი რაიკონენი (ფინეთი, "სიტროენი") - 4; 9. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, "ფორდ ფიესტა") - 2; 10. ხალიდ ალ-ქასიმი (საემიროები, "ფორდი") - 1...

 

 

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული