ნორვეგიელების პატარა სასწაული

AutoSharing Option
ქალ ხელბურთელთა მეოთხედფინალური ეტაპი, როგორც მოსალოდნელი იყო, დაძაბულ ორთაბრძოლებში წარიმართა. გამარჯვებულის ვინაობა ყველა შეხვედრაში ბოლო წუთებზე გაირკვა.

საკმაოდ საინტერესო გამოდგა ბრაზილიელებისა და ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის, ნორვეგიის დაპირისპირება. სამხრეთამერიკელებმა საკვალიფიკაციო ეტაპზე A ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს, მაგრამ B ჯგუფში მე-4 ადგილზე გასულ ნორვეგიელებთან ვერას გახდნენ და 19:21 წააგეს.

აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმი ბრაზილიელებმა 13:9 მოიგეს. წესით, ოთხქულიანი უპირატესობა მაღალი დონის გუნდისთვის საკმარისი პირობა უნდა იყოს საბოლოო გამარჯვების მოსაპოვებლად, თუმცა იმას, რაც ნორვეგიელებმა მეორე ტაიმში ჩაიდინეს, სასწაული ჰქვია. სკანდინავიელები საგრძნობლად გააქტიურდნენ,
დაცვაში ზედმიწევნით ყურადღებით გაისარჯნენ, შეტევაშიც ზუსტად ისროდნენ ბურთს და ტაიმი 12:6 მოიგეს.

ნორვეგიელთა შორის საუკეთესო მეგოლე 28 წლის ლინ-კრისტინ კორენი გახლდათ, რომელმაც ხუთი გოლი გაიტანა. ამდენივე გოლია ბრაზილიელი ალექსანდრა ნასიმენტოს ანგარიშზეც.

ტორირ ჰერგერისონი, ნორვეგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: "შესვენებისას, როცა მატჩის მსვლელობას ანალიზს ვუკეთებდით, მოთამაშეთა თვალებში პატარა სასწაულის მოხდენის მზადყოფნა დავინახე. მთავარი იყო, თამაშის სამი პრინციპი ბოლომდე ზედმიწევნით გაგვეხორციელებინა.

ესენია: დაცვაში მკაცრი თამაში, შეტევის მოთმინებით ორგანიზება და კონტრშეტევების მაქსიმალურად კარგად გამოყენება. სამივე პრინციპი განხორციელდა და თამაშიც მოვიგეთ".

მორტენ სოუბაკი, ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: "მეორე ტაიმში შეტევის ორგანიზებაში მოვიკოჭლეთ. ნორვეგიელების დაცვის კედელი ვერაფრით გადავლახეთ. მათი მეკარე შესანიშნავად გაისარჯა.

ეს, უწინარესად, ჩვენი ხელბურთელების ბრალია, ეგონათ, იოლად მოიგებდნენ, მაგრამ არ გამოვიდა".

ნორვეგიელები ნახევარფინალში სამხრეთ კორეის ნაკრებს დაუპირისპირდებიან, რომელმაც მეოთხედფინალში რუსეთის ნაკრები მინიმალური სხვაობით - 24:23 დაამარცხა. კორეელებმა პირველი ტაიმი სამი ქულით მოიგეს - 14:11 და მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში მის შენარჩუნებას ცდილობდნენ.

მართალია, რუსებმა მეორე ტაიმში თამაში საგრძნობლად გააუმჯობესეს, მაგრამ მეტოქემ თავისთვის სასურველი ანგარიშის შენარჩუნება მაინც შეძლო. კორეელთა შორის საუკეთესო მეგოლე 22 წლის გვონი იყო, რომელმაც მეტოქის კარი ექვსჯერ აიღო.

კიდევ ერთ მეოთხედფინალურ მატჩში A ჯგუფის მესამეადგილოსანმა ესპანეთის ნაკრებმა B ჯგუფის მეორე გუნდს, ხორვატიას 25:22 მოუგო. პირინეელთა გამარჯვება გუნდურად შესანიშნავ თამაშთან ერთად, მნიშვნელოვნად განაპირობა 31 წლის გამოცდილი გოლეადორის, ელისაბედ პინედოს შესანიშნავმა გარჯამ. მის ანგარიშზე შვიდი გოლია.

"ჯგუფურ ტურნირში პირველივე შეხვედრაში სამხრეთ კორეის ნაკრებთან განცდილი მარცხის შემდეგ გაოგნებულნი ვიყავით.

ამჟამად მეოთხედფინალში ზუსტად ისეთი დონის თამაში ვაჩვენეთ, როგორიც რეალურად შეგვიძლია. ეს სხვა თამაში იყო და ძალიან მიხარია, რომ საკმაოდ ძლიერ გუნდს თითქმის ყველაფერში ვაჯობეთ." - თქვა ნამატჩევს ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხორხე დუენიასმა.

ესპანელები ნახევარფინალში ჩერნოგორიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან, რომელმაც მეოთხედფინალში უმძიმეს ბრძოლაში მინიმალური სხვაობით სძლია საფრანგეთის ნაკრებს - 23:22.

ხელბურთი
ქალები
1/4-ფინალი
ბრაზილია-ნორვეგია 19:21 (13:9)
ბ: ნასიმენტო (5).
ნ: კორენი (5), ბრეივანგი (4).

ესპანეთი-ხორვატია 25:22 (12:13)
ე: პინედო საენსი (7)
ხ: ტატარი (5).

რუსეთი-ს. კორეა 23:24 (11:14)
რ: პოსტნოვა (5), ლევინა (5), ჟილინსკაიტე (4).
კ: გვონი (6), ვუ (5), რიუ (5).

საფრანგეთი-ჩერნოგორია 22:23 (13:13)
ს: სინატი (5).
ჩ: პოპოვიჩი (6), ბულატოვიჩი (6), რადიჩევიჩი (4).

1/2-ფინალი
9 აგვისტო
ნორვეგია-კორეა (20:00)
ესპანეთი-ჩერნოგორია (23:30)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული