უნგრეთისა და ისლანდიის ნაკრებების დაპირისპირებაში გამარჯვებულის გამოსავლენად ორი ოვერტაიმის გამართვა გახდა საჭირო.
საბოლოოდ გამარჯვებას უნგრელებმა მიაღწიეს მინიმალური სხვაობით - 34:33. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, 27:27 დასრულდა. ნახევარფინალისტის ვინაობა ვერც პირველმა ოვერტაიმმა გამოავლინა.
გუნდებმა სამ-სამჯერ აიღეს ერთმანეთის კარი. მეორე დამატებით დროში კი უნგრელებმა იყოჩაღეს.
ისლანდიელებმა, რომლებიც პეკინის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელები არიან, ისევ სამი გოლის გატანა მოახერხეს, რაზეც მეტოქემ ოთხით უპასუხა.
მატჩის საუკეთესო მეგოლე ლასლო ნადი გახდა, რომელმაც მოწინააღმდეგის კარის აღება ცხრაჯერ შეძლო.
ლაიოშ მოკშაი, უნგრეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: "ეს ერთგვარ ლატარიას ჰგავდა, თუმცა საქმე აქამდე არ უნდა მიგვეყვანა. 55 წუთის განმავლობაში სულ ჩვენ ვიგებდით. მერე დამატებით დროშიც ოთხჯერ გავუშვით მატჩის ჩვენს სასარგებლოდ დამთავრების შანსი.
ისლანდიელებთან ბოლო ორი შეხვედრა ჩვენი მარცხით დასრულდა. მატჩის წინ ვთქვით, რომ საკმარისია - ახლა ჩვენი დროა. ვიცოდით, ისლანდიის ნაკრები რას შემოგვთავაზებდა და ყველაფერი ვიღონეთ, რათა მათ ბევრი შეცდომა დაეშვათ.
გადამწყვეტი როლი ჩვენმა დაცვამ ითამაშა. მოთამაშეებმა ზუსტად შეასრულეს დავალება და მეტოქის წამყვანი ხელბურთელების - ოლაფურ სტეფანსონისა და არონ პალმარსონის განეიტრალება შეძლეს".
გუდმუნდურ გუდმუნდსონი, ისლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: "ეს წარმოუდგენელი სანახაობა იყო.
ვფიქრობ, რომ ამ თამაშის მოგება შეგვეძლო. ძალიან გვინდოდა პეკინის ოლიმპიადაზე ნაჩვენები შედეგის განმეორება, სადაც ვერცხლის მედალი მოვიპოვეთ, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. ვერაფერს ვიზამთ, ეს სპორტია, ხან წააგებ, ხან მოიგებ."
არანაკლებ დაძაბული გამოდგა ესპანეთისა და საფრანგეთის ნაკრებების დაპირისპირება. თუმცა პირველი მეოთხედფინალური მატჩისგან განსხვავებით, ეს შეხვედრა ძირითად დროში დასრულდა. გამარჯვება პეკინის ოლიმპიადის ოქროსმედალოსან საფრანგეთის ნაკრებს დარჩა - 23:22.
მატჩის საუკეთესო მეგოლე ფრანგთა 24 წლის ბომბარდირი ვილიამ აკამბრეი იყო, რომელმაც ესპანელთა კარი შვიდჯერ დალაშქრა.
კიდევ ერთ მეოთხედფინალურ მატჩში სკანდინავიური დერბი გაიმართა. შვედეთის ნაკრებმა ხელბურთის ფუძემდებლებს - დანიელებს ორი ქულის სხვაობით, 24:22 მოუგეს. შვედთაგან საუკეთესო დალიბორ დოდერი იყო, რომელმაც ექვსი გოლი მიითვალა. ამდენივეჯერ აიღო მეტოქის კარი დანიელთა ვეტერანმა ჰანს ლინგბერგმა.
ხელბურთი
კაცები. 1/4-ფინალი
ისლანდია-უნგრეთი 33:34 (დ.დ.)
ი: სიგურდსონი (8), პალმარსონი (7), პეტერსონი (6), გუნარსონი (5), ატლასონი (4).
უ: ნადი (9), ივანჩიკი (5), ჰარსანი (5), პუტიჩი (4).
ესპანეთი-საფრანგეთი 22:23 (12:9)
ე: ტომას გონსალესი (6), აგინაგალდე აკისუ (5), მაკედა პენო (4).
ს: აკამბრეი (7), სორენდო (4).
შვედეთი-დანია 24:22 (11:9)
შ: დოდერი (6), კალმანი (4), ეკბერგი (4), პეტერსენი (4).
დ: ლინდბერგი (6), ჰანსენი (4).
ხორვატია-ტუნისი
1/2-ფინალი
10 აგვისტო
უნგრეთი-შვედეთი
საფრანგეთი-ხორვატია
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"