ზურაბ კაკაბაძე ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს

AutoSharing Option
22 ნოემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საპრესკონფერენციო დარბაზში საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა გაიმართა.

არჩევნებში ხმის მიცემის მქონე 22 დელეგატიდან 20 გამოცხადდა და ხელბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი აირჩია.

არჩევნებს დაესწრნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ლევან ყიფიანი და მისი მოადგილე თამაზ თევზაძე, ვინც დამსწრე დელეგატებს და ხელბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს სიტყვით მიმართეს, მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვეს და ახალი პრეზიდენტის არჩევამდე დარბაზი დატოვეს.

21 ნოემბრამდე ფედერაციის პერეზიდენტობისთვის 3 კანდიდატი იბრძოდა - ვახტანგ მეიფარიანი, ზურაბ კაკაბაძე და ზაზა კალანდაძე, თუმცა
არჩევნების წინა დღეს ორმა კანდიდატმა - ვახტანგ მეიფარიანმა და ზაზა კალანდაძემ კანდიდატურა მოხსნა, პრეზიდენტობის დარჩენილ კანდიდატს ზურაბ კაკაბაძეს კი 20 დელეგატიდან მხარი 19-მა დაუჭირა.

არჩეულმა პრეზიდენტმა ვიცე-პრეზიდენტებად იმედო ფხაკაძის, ვახტანგ მეიფარიანის და ელიზბარ არსენაშვილის დამტკიცება ითხოვა, რაზეც დელეგატებისგან მხარდაჭერა მიიღო.

დამტკიცებულ იქნა ახალი გენერალური მდივანიც - ეს თანამდებობა ქეთევან კობერიძემ დაიკავა.

ასევე, ფედერაციის საპატიო პრეზიდენტად დამტკიცდა ჯემალ ცერცავაძე და აღმასკომის რამდენიმე წევრი, მათ შორის, ლაშა სალუქვაძე, რომელიც ძირითადად მედიასთან ურთიერთობის კუთხით იმუშავებს.

აირჩიეს 20 დეკემბერს ოლიმპიური კომიტეტის არჩევნებზე წარსადგენი კანდიდატიც - ხელბურთის ფედერაციის სახელით არჩევნებს ფედერაციის ახალი პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე გააკეთებს.

msy.gov.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული