ხელბურთში მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩემპიონი საფრანგეთი გავარდა

AutoSharing Option
ესპანეთში მიმდინარე მამაკაცებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე მეოთხედფინალური ეტაპი დასრულდა და ტურნირი მოქმედი ჩემპიონის, საფრანგეთის ნაკრების გარეშე დარჩა...

ხორვატია-საფრანგეთი 30:23 (13:12)
ამ წყვილში ყველაზე დიდი ანგარიში დაფიქსირდა, მაგრამ ამან არ უნდა დაგვაბნიოს:

გუნდებმა დიდი ბრძოლა გამართეს, რაზეც მეტყველებს ხორვატთა რიგებში მატჩის ბოლომდე გაძევება უკვე 41-ე (!) წამზე. ცხადია, რომ ამ მომენტით ფრანგებმა ისარგებლეს და 2:0 დაწინაურდნენ, მაგრამ ხორვატები გაბრაზდნენ, რასაც მათი ზედიზედ ოთხი შედეგიანი შეტევა მოჰყვა. ამის შემდეგ, სწორედ ბალკანელები ინარჩუნებდნენ კომფორტულ უპირატესობას, თუმცა ფრანგებს ორჯერ მისცეს ერთი ბურთით მიახლოების საშუალება.

შესვენების შემდეგ, ხორვატებმა კიდევ უფრო გააძლიერეს თამაში და მეტოქეს ბევრი შეცდომა დააშვებინეს. ამან სხვაობის ოთხ ბურთამდე გაზრდა გამოიწვია (18:14 მერვე წუთზე). და ისევ, საფრანგეთმა საბრძოლო ჟინის წყალობით მინიმუმამდე შეამცირა ჩამორჩენა, რასაც... კვლავ ხორვატიის ოთხი ბურთით წინ გასვლა მოჰყვა. ამის შემდეგ, სხვაობა მხოლოდ იზრდებოდა და მალე ცხადი გახდა - მსოფლიოს ჩემპიონები შინ გაამგზავრეს.

სლოვენია-რუსეთი 28:27 (14:13)
დრამატულ ორთაბრძოლაში სლოვენიელებმა პირველად მოიპოვეს მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში თამაშის უფლება. რუსებმა უფრო დამაჯერებლად დაიწყეს შეხვედრა და მეშვიდე წუთისთვის 5:2 დაწინაურდნენ.

სიტუაცია არც ტაიმის შუაში შეცვლილა და სლოვენია ხუთი ბურთით ჩამორჩა - 5:10. მაგრამ ამის შემდეგ, სერიოზული ჩავარდნა ჰქონდა რუსეთის ნაკრებსა და მის მწვრთნელს ოლეგ კულეშოვს - დროის ერთ-ერთი მონაკვეთი სლოვენიამ 6:1 მოიგო და მწვრთნელმა ტაიმ-აუტიც არ აიღო. შედეგად, სლოვენიამ პირველი ტაიმი თავის სასარგებლოდ დაასრულა.

მეორე ტაიმის დასაწყისიდან რუსები მდევრის როლში იყვნენ და შეძლეს არა მხოლოდ ანგარიშის გათანაბრება, არამედ წინ გასვლა - 18:17. მაგრამ, ცუდ დროს მიიღო წითელი ბარათი სერგეი გორბოკმა, მისი პარტნიორები ანერვიულდნენ და ზედიზედ ექვსი ბურთი გაუშვეს ისე, რომ თავად ერთხელაც არ აუღიათ მეტოქის კარი - 18:23. რუსები უხეშობაზე გადავიდნენ და ჩიპურინმა სამი გაძევებისთვის წითელი ბარათი მიიღო. ტაიმის ბოლოსკენ იყო პერიოდი, როცა რუსები საერთოდ ოთხნი დარჩნენ ექვსის წინააღმდეგ. და მაინც, თამაშის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა და უფრო იღბლიანი სლოვენია აღმოჩნდა - 28:27.

ესპანეთი-გერმანია 28:24 (12:14)
სლოვენიელთა მეტოქე არანაკლებ საინტერესო მატჩში ირკვეოდა. შეხვედრის დასაწყისში თანაბარი ანგარიშის მიუხედავად, გერმანელთა დაცვა სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა ესპანელებს: მასპინძლების რეალიზაცია სერიოზულად მოიკოჭდებლდა. და თუ ესპანეთმა თამაშის დასაწყისში მოახერხა 5:7-ზე ზედიზედ სამი გოლის გატანა და წინ გასვლა, ტაიმის ბოლოს დაღლა დაეტყო და კიდევ ერთხელ გაექცა მეტოქე - 12:14.

მეორე ტაიმში დაცვაში ტაქტიკის შეცვლისა და საიმედო თამაშის წყალობით, ესპანეთმა ორბურთიანი ჩამორჩენა ორბურთიან უპირატესობად აქცია, რამაც, შესაძლოა, მასპინძლები მოადუნა და გერმანელებმა ისევ გაათანაბრეს ანგარიში. თამაშის კვანძი სირენამდე დაახლოებით 7-8 წუთით ადრე გაიხსნა, როცა გერმანელები შედრკნენ და 21:21-დან მოყოლებული ექვსწუთიანი მონაკვეთი 0:5 წააგეს. მასპინძელს აღარ გასჭირვებია ამ უპირატესობის შენარჩუნება.

დანია-უნგრეთი 28:26 (18:11)
ისე ჩანდა, რომ ეს იქნებოდა ყველაზე პროგნოზირებადი მეოთხედფინალი, მაგრამ ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა გვარიანად ინერვიულა უნგრეთის წინააღმდეგ. 3:0, 7:2, 13:5 დაწინაურების შემდეგ, სკანდინავებმა შესვენებისთვის კომფორტული უპირატესობა დააფიქსირეს - 18:11. და ამის შემდეგ, დანიამ მოახერხა ამ უპირატესობის განიავება. უნგრელებმა ჯერ ტაიმის შუა ნაწილისთვის სამ ბურთამდე შეამცირეს სხვაობა. სირენამდე წუთნახევრით ადრე კი ბრწყინვალე ლასლო ნადმა მინიმუმამდე დაიყვანა დანიელთა უპირატესობა - 26:27.

და მაინც, არაზუსტი შეტევების გაცვლის შემდეგ, ფავორიტმა მოახერხა გადამწყვეტი გოლის გატანა, რასაც უნგრელებმა ვეღარ უპასუხეს.

ნახევარფინალებში ითამაშებენ:
ესპანეთი-სლოვენია
დანია-ხორვატია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ევროპულ ქალთა ხელბურთს ახალი ლიდერი ჰყავს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული