საქართველო-ლიტვა 26:23 - მოვიგეთ კიდევ ერთი, რიგში ფინეთია [PHOTO]

AutoSharing Option
ეს იყო 1999 წელს - საქართველოს ხელბურთელ ვაჟთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის სამივე საშინაო მატჩი მოიგო. და აი, ჩვენმა ბიჭებმა 15 წლის შემდეგ მსოფლიოს საკვალიფიკაციო ტურნირშიც მიაღწიეს მსგავს წარმატებას.

8 იანვარს ქართველებმა თბილისის სპორტის სასახლეში ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერი ლიტვა დაამარცხეს - 26:23 და სტუმრად წაგებისთვის რევანში აიღეს.

მასპინძელთა პირველივე იერიში გოლით დაგვირგვინდა, მაგრამ ბალტიისპირელებმა მალევე ხელთ იგდეს ინიციატივა და 3:1 დაწინაურდნენ, რასაც ქართველთა ოთხგოლიანი სპურტი მოჰყვა - 5:3. ამის შემდეგ მასპინძლებს მატჩის სადავეები ხელიდან არ გაუშვიათ და პირველი ტაიმი
15:12 მოიგეს.

ტრავმირებული ირაკლი ჩიქოვანის ნაცვლად, კარგად შეეწყო გუნდს აკაკი ტალახაძე, რომელმაც თითქმის შეუცვლელად იასპარეზა გამთამაშებლისა და მარცხენა გარემარბის პოზიციებზე.

იერიშებისას შედეგიანად გაისარჯნენ რატი მსხვილიძე, ვლადიმერ რუსია, რევაზ ჭანტურია და სერგო დათუკაშვილი. იმის მიუხედავად, რომ მაღალი სიცხე ჰქონდა, ჩვენებურთაგან ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ საქართველოს კარის დარაჯი შოთა თევზაძე, რომელმაც რამდენჯერმე გოლისგან იხსნა თანაგუნდელები.

შესვენების შემდეგ იყო მომენტები, როცა სტუმრებს შეეძლოთ შეხვედრაში გარდატეხის შეტანა - ანგარიშში სხვაობა ერთ ბურთამდეც შეამცირეს (18:19, 21:22), თუმცა მეტი ვეღარ მოახერხეს და საბოლოოდ ჯგუფში პირველი მარცხი (23:26) იწვნიეს.

გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანეს გულშემატკივრებმაც - ჩვენს ბიჭებს მთელი მატჩის განმავლობაში მათი ქომაგობა არ მოჰკლებიათ...

8 იანვარსვე თურქეთმა ფინეთს 25:19 სძლია, რის შემდეგაც საქართველოს ნაკრებმა მეორე ადგილი გაინაღდა, პირველ ადგილზე კი იმ შემთხვევაში გავა, თუ 11 იანვარს ფინეთში სუომელებს აჯობებს, ხოლო 12 იანვარს ლიტვა შინ თურქეთთან წააგებს.

მსოფლიოს ჩემპიონატის კვალიფიკაცია
ევროპის I ჯგუფი. 8 იანვარი.
თბილისის სპორტის სასახლე
საქართველო-ლიტვა 26:23
საქართველო: თევზაძე, მსხვილიძე (7 გოლი), რუსია (5), ჭანტურია (5), დათუკაშვილი (4), გვაზავა (2), გამზარდია (2), ტალახაძე (1), მაისურაძე, სიმონია, ტორონჯაძე, აბრამიშვილი, გოგალაძე. ამირანაშვილი, წითელიშვილი. მთავარი მწვრთნელი ჯორჯე რასიჩი.
ლიტვა: ვასკევიჩუსი, რასიმასი, პაზემეცკასი, პეტრეიკისი (7), სტრაზდასი (5), იასინსკასი (4), პ. ბაბარსკასი (3), სტანკევიჩუსი (2), გ. ბაბარსკასი (1), ვორობიოვასი (1), დუმჩუსი, გროსასი, ფეოკტისტოვასი, სტროპუსი, დრევინსკასი, გერვე.
მსაჯები: სიმონე ძენდალი, სტეფანო რიელო (ორივე - იტალია),
დელეგატი: ვასილი ფეგირი (უკრაინა).

სატურნირო მდგომარეობა ბოლო ტურის წინ:

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
ლიტვა 5 3 1 1 113:106 7
საქართველო 5 3 0 2 125:120 6
თურქეთი 5 2 0 3 120:124 4
ფინეთი 5 1 1 3 107:115 3

ჯორჯე რასიჩი: "გუნდში, ფაქტობრივად, ლაზარეთი გვაქვს. თურქებთან წინა მატჩში ნაკრების ერთ-ერთმა საუკეთესო ხელბურთელმა ირაკლი ჩიქოვანმა თითი მოიტეხა და იგი ვერც ფინელებთან პაექრობაში დაგვეხმარება.

რამდენიმე მოთამაშეს ვირუსი შეეყარა და ოთხი მათგანი დღეს სიცხიანი გავიდა მოედანზე. ამის მიუხედავად, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ კვლავ გაგვეხარებინა ქომაგები და პროგრამა-მინიმუმი შეგვესრულებინა - სამივე საშინაო მატჩი მოგვეგო".


ლიტვის ნაკრები ძლიერი გუნდია, თანაბრად დაბალანსებული: ბალტიისპირელები საკუთარი კარის მისადგომებსაც კარგად იცავენ და შედეგიანადაც უტევენ. შემთხვევითი არ არის, რომ ისინი ჯგუფს ლიდერობენ, თუმცა წინა ტურში ჩვენს კონკურენტს ფორტუნამაც გაუღიმა.

როგორც იცით, შინ ფინელებთან პაექრობისას საფინალო სასტვენამდე წუთით ადრე აგებდნენ შეხვედრას.

დარჩენილ დროში ორი ბურთი გაიტანეს, თანაც, გამარჯვების გოლი მაშინ შეაგდეს, ორთაბრძოლის დამთავრებამდე 6 წამი რომ იყო დარჩენილი. 8 იანვარს ჩვენი გამარჯვების მიუხედავად, ჯგუფის ფავორიტი მაინც ლიტვის ნაკრებია - პლეი ოფში გასასვლელად მას ბოლო ტურში შინ თურქებთან ფრეც ხელს აძლევს.

შოთა თევზაძე: "ლიტვის ნაკრებთან გამარჯვებამ ძალიან გაგვახარა. მარტო ის რად ღირს, რომ ქომაგები, რომლებსაც ამ წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვით, არ გავაწბილეთ. საერთაშორისო სარბიელზე ერთად თამაშის მეტი გამოცდილება რომ გვქონოდა, ამ შესარჩევ ტურნირში მომდევნო ეტაპზე გასასვლელად უფრო თამამ განაცხადს გავაკეთებდით, თუმცა შანსი არც ახლა დაგვიკარგავს, ბოლო ტურში ყველაფერი შეიძლება მოხდეს".

ზურაბ კაკაბაძე, საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი: "წლების განმავლობაში ჩვენთან ხელბურთი გერის როლში იყო. მსოფლიოს ჩემპიონატის ამ შესარჩევ ტურნირში ყველამ დაინახა, რომ მაღალი დონის მოთამაშეები გვყავს, მოდის ნიჭიერი თაობა, რომელსაც ხელშეწყობა სჭირდება. იმედია, სახელმწიფო ხელბურთის განვითარებას მეტ ყურადღებას მიაქცევს. მით უმეტეს, რომ წინ არანაკლებ მნიშვნელოვანი შეჯიბრებები გველის, უპირველესად, ალბათ, 2015 წელს თბილისში ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალი, ორი წლის შემდეგ კი, ასევე საქართველოს დედაქალაქში 19-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპი...

ასე რომ, ქართული ხელბურთი ცოცხლობს და იმარჯვებს".


იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

* * *

აქვე გაუწყებთ ევროპის სხვა შესარჩევ ჯგუფებში გამართულ შეხვედრათა ანგარიშებსა და სატურნირო მდგომარეობას:

II ჯგუფი
რუმინეთი - იტალია 34:29, კვიპროსი - სლოვაკეთი 18:20.
რუმინეთი - 10 / სლოვაკეთი - 8, იტალია - 2, კვიპროსი - 0 ქულა.

III ჯგუფი
უკრაინა - 7 / სლოვენია - 6, შვეიცარია - 3, ლუქსემბურგი - 0 ქულა.
9 იანვარი. 18:45. უკრაინა - ლუქსემბურგი, 23:00 შვეიცარია - სლოვენია.

IV ჯგუფი
საბერძნეთი - ჰოლანდია 24:19, ისრაელი - ბელგია 27:25.
ისრაელი - 6 (+7) / საბერძნეთი - 6 (+2), ჰოლანდია - 4 (-2), ბელგია - 4 (-7) ქულა.

V ჯგუფი
ბოსნია - ესტონეთი 28:26, ლატვია - პორტუგალია 24:26.
ბოსნია - 10 / პორტუგალია - 6, ლატვია - 4 , ესტონეთი - 0 ქულა.

შეგახსენებთ, რომ პლეი ოფში მხოლოდ ჯგუფების გამარჯვებულები გადიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული