ფეხბურთში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ყატარში ჩატარებასთან დაკავშირებით ორგანიზატორებს რაღაც სერიოზული ღონისძიება რომ ჰქონდათ ჩაფიქრებული, იქიდანაც ჩანდა, რომ მომენტით ისარგებლეს და ხელბურთელთა ჩემპიონატზე არამონაწილე ქვეყნების მრავლისმნახველი
ჟურნალისტებიც დაპატიჟეს.
ქალაქის ცენტრში, ცათამბჯენების უბანში, "ყატარი-2022"-ის საორგანიზაციო კომიტეტს გვაწვიეს მასმედიის წარმომადგენლები და 40-სართულიანი შენობის 29-ე სართულზე, საიდანაც თვალგასახარი პანორამა იშლება, გვიმასპინძლეს.
სხვათა შორის, ამავე ნაგებობაშია განთავსებული ყატარის ფეხბურთის ეროვნული ფედერაცია და ქვეყნის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი. უკეთესი რომ არ შეიძლება,
სპეციალურად ჩვენთვის გამართულ ამ შეკრებაზე ჩემპიონატის უკვე მშენებარე ობიექტების და ჯერაც მხოლოდ მაკეტებში თავმომწონე უნიკალური პროექტების სტადიონები და ინფრასტრუქტურა წარმოგვიდგინეს. იქვე გაგვაფრთხილეს, რომ ზოგიერთი პროექტი ჯერ გასაიდუმლოებულია და ჟურნალისტებს ფოტო-ვიდეოკადრები არ გადაგვეღო.
პრესკონფერენცია გაიმართა სხვა დარბაზში. პირველად ვნახეთ ასეთი ღონისძიება თეატრალურ, მაგრამ ძალიან უბრალო, შთამბეჭდავ სტილში ორგანიზებული, თავისი შესატყვისი ვიდეოკადრების თუ სარეკლამო რგოლების თანხლებით.
კონფერენსიე-მსახიობების დარად, სიტყვას ერთმანეთს გადასცემდნენ "ყატარი-2022"-ის საორგანიზაციო კომიტეტის სხვადასხვა სამსახურის, ანუ მიმართულების წარმომადგენლები.
საერთო შთაბეჭდილება ასეთი დაგვრჩა: ფეხბურთში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ყატარში ჩატარებასთან დაკავშირებით, ყველაფერი კარგად იქნება, რომ არ არსებობს მოუგვარებელი პრობლემები თვით ასე ყბადაღებული კლიმატის ჩათვლითაც კი. ოღონდ ეგაა, კლიმატის გამო ვადების შეცვლა დაგვაჩქარებინებს მზადყოფნის გამოცხადებას, თუმცა, პრობლემა არც ეს არის - ამბობენ მასპინძლები.
პრესკონფერენციაზე შეკითხვების დროც დადგა. ჟურნალისტები, ძირითადად, ისეთი საკითხებით დაინტერესდნენ, სადაც მსოფლიოს ეს უმდიდრესი ქვეყანა რიგიანად მაინცდამაინც ვერ გამოიყურება.
მაგალითად, თურმე უცხოეთიდან ჩამოსული ასობით მუშახელი იღუპება მშენებლობებზე და ა.შ.
პასუხი ასეთ შეკითხვებზე იუმორნარევი გაფრთხილებით, ყველას გასაგონად, მოკლე და კონკრეტული იყო: "თუ კრიტიკას აპირებთ, გირჩევთ, თავი შეიკავოთ ხელბურთში მიმდინარე ჩემპიონატის დამთავრებამდე და ამ ქვეყნის დატოვებამდე".
რაც შეეხება ხელბურთელთა ჩემპიონატს, უკვე გამოვლინდნენ მეოთხედფინალისტები.
მს. ჩემპიონატი
კაცები
ჩილე-ალჟირი 27:27
ირანი-ს. არაბეთი 26:22
ბოსნია-რუსეთი 28:42
ბელორუსი-ჩეხეთი 28:28
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"