ვგულისხმობთ არა მაღალი სპორტული შედეგებით მსოფლიოს გაოცებას, - ამის გარანტი ვერანაირი სიმდიდრე ვერ იქნება ვერასდროს, არამედ ყველაზე ავტორიტეტული ასპარეზობების ჩატარების უფლების მოპოვებას და გამორჩეულად ხელგაშლით მასპინძლობას.
თუმცა ყველაფერი მთლად სურვილსა და მომხიბვლელ შესაძლებლობებზეც არ არის დამოკიდებული. ოლიმპიურ თამაშებზე ჯერ არ არის ლაპარაკი, ფეხბურთში 2022
აგერ, ახლა ხელბურთში ვაჟთა მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძლობს ეს ქვეყანა, გაისად კი სწორედ აქ ჩატარდება აზიის სპორტული თამაშები. სხვა ასპარეზობებზე აღარაფერს ვამბობთ. აქ ამჟამად მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველაფერში იგრძნობა მასპინძლების მცდელობა, ქვეყნისთვის დამახასიათებელი თავისებურებებით გაალამაზონ და დღესასწაულად აქციონ (რასაც გარკვეულწილად აღწევენ კიდეც) სპორტული ასპარეზობა და ამაში ნამდვილად არაფერია ცუდი, პირიქით.
ეკონომიკურად სად ჩვენ და სად ყატარი, მაგრამ ამ საკითხებზე ყურადღებას უფრო იმიტომ ვამახვილებთ, რომ მაღალი დონის ასპარეზობების, საქართველოში მოწვევის ამბიციები ჩვენც გაგვიჩნდა.
ბოლო ხანებში იმდენი ნდობა მოვიპოვეთ, ერთიმეორის მიყოლებით მოგვიწევს ჭადრაკში, ხელბურთში, ძიუდოში დიდი ასპარეზობების მასპინძლობა. აგერ, მთლად კარსაა მომდგარი 2015 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი.
აქ, დოჰაში, ჯერ ვერაფერს ვხედავთ ისეთს, რაც აღემატება ჩვენს შესაძლებლობებს ორგანიზაციის თვალსაზრისით. ეს არის მთავარი.
მეტიც, გვჯერა, რომ წვრილმანები, რასაც აქ წავაწყდით, ჩვენთან არ იქცევა პრობლემად. დოჰაში, მაგალითად, სტუმრებისთვის, მათ შორის, ჟურნალისტებისთვის გამოყოფილი ტრანსპორტი ძალიან კომფორტულიც არის, დროზეც გადის, მაგრამ დანიშნულების ადგილამდე მისვლაში მძღოლს ჩვენგან რომელიმე მგზავრი თუ არ დაეხმარა რუკით ხელმომარჯვებული, გზას ვერ იგნებს და ეს არ არის იშვიათი შემთხვევა.
სპორტულ დარბაზში მოხალისე ვოლონტიორებმა შეიძლება სექტორი, სუბპრესცენტრი ან შენობიდან გასასვლელი და ავტობუსების სადგომიც კი ვერ მიგასწავლონ. თუმცა მათი დახმარება ჩვენ აღარ გვინდა, უკვე მშვენივრად ვერკვევით უდაბნოში გამავალ გზებში და გზაჯვარედინებშიც კი.
საშეჯიბრო სპორტული ობიექტები, ერთის გარდა, საკმაოდაა დაშორებული ქალაქიდან. ხშირად გვიწევს საათნახევრიანი მგზავრობა მთავარ არენამდე და მთავარ პრესცენტრამდე. სამწუხაროდ, ბელორუს კომენტატორ ვლადიმერ ნოვიცკის რეპორტაჟი ჩაეშალა მომსახურე პერსონალის დაუდევრობით. გადახდილი 14 ათასი ევრო კი არ დაუბრუნეს, თუ შემდეგ ეტაპზე გააღწევთ, იქ გამოგიქვითავთო. გავლენ კი?..
გულდასმით ვაკვირდებით ყველაფერს, ნამდვილად დიდი ყურადღება გვმართებს ვოლონტიორების შერჩევა-მომზადებაში, რათა ჩვენთან გასამართ სპორტულ ღონისძიებებში მხედველობიდან არაფერი გამოგვრჩეს. ვამჩნევთ,ზოგიერთი რამ მასპინძლებს ან ყურადღების მიღმა დარჩათ, ან ჯერჯერობით მწირი გამოცდილების გამო ვერ გაითვალისწინეს.
დაბოლოს, დოჰადან ჩვენს პირველსავე პუბლიკაციას ასე გამოეხმაურა ერთი კეთილისმსურველი:
"რას დადიხარ, ძმაო, მეტი საქმე აღარ გაქვს ხომ?! აქეთ მიხედე, რა ხდება, ჩემო კარგო, ქართულ სპორტში".
მადლობა რჩევისთვის, მაგრამ მაქვს უფლება, ავტორს არ დავეთანხმო. ჯერ ერთი, თუ ნაჭუჭში ჩავიკეტებით და სხვათა გამოცდილებას არ გავიზიარებთ, შორს ვერ წავალთ. მით უფრო, რომ, ვიმეორებთ, მარტო 2015-18 წლებში არაერთი სოლიდური ასპარეზობის მასპინძლები ვართ.
ეს გამოცდილება არც ამ სტრიქონების ავტორს სჭირდება და არც გაზეთს, ქართულ სპორტს წაადგება საერთოდ. მეორეც - განა ვინმე იტყვის, რომ ჩვენი გაზეთი ყურადღებას აკლებს ქართულ სპორტს და მის პრობლემებს? მაშ, როგორ არის "ლელო" აღიარებული ქართული სპორტის მემატიანედ და ამაში არაფერია გადაჭარბებული.
"ლელოს" მთელი 80 წლის ისტორია ქართული სპორტის სამსახურია და ამ გაზეთის ყველა თაობის ეს დამსახურება სამართლიანად გვეამაყება.
ხელბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ორგანიზატორების ხარჯით ჩვენი მიწვევაც სწორედ რომ ამ უძველესი ქართული სპორტული გაზეთის დაფასებაა.
მს. ჩემპიონატი
სლოვენია-ბრაზილია 35:32
ჩილე-ბელორუსი 23:34
ყატარი-ესპანეთი 25:28
ირანი-ავსტრია 26:38
ბოსნია-ტუნისი 24:27
მაკედონია-ხორვატია 26:29
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ხო და კიდევ ერთი არაფრით ჩამოვრჩებით კიარა ინფრასტრუკტურა რომელიც აქ ბოლო 5 წლის განმავლობაში აშენდა ჩვენთან საუკუნის განმავლობაში ვერ ააშენებენ