22-28 მაისს ბორჯომში ჯომარდობაში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება

AutoSharing Option
22-28 მაისს, ბორჯომის ხეობაში, სოფელ ჩითახევში, მდინარე მტკვარზე ჯომარდობაში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება.

შეჯიბრი ჩატარდება 6-კაციანი ნავებით - რაფტებით 4 ასაკობრივ კატეგორიაში ქალებსა და მამაკაცებში.

კატეგორიები - 19 წლამდე, 23 წლამდე, ღია, ანუ პროფესიონალები და მასტერსი, ანუ ვეტერანები.

ჩემპიონატი ტარდება მსოფლიო ფედერაციის ოფიციალური წესების და კრიტერიუმების დაცვით 4 დისციპლინაში - სწრაფდაშვება (სპრინტი), პირისპირ დაშვება (ჰედთუჰედი), სლალომი, დაშვება გრძელ მონაკვეთზე (დაუნრივერი).

სამსაჯო კოლეგია სრულად დაკოპლექტებულია მსოფლიო ფედერაციის წარმომადგენლებით. ასევე, წყალზე უსაფრთხოების უზრუნველყოფას მოახდენს პროფესიონალ კაიაკერთა და უსაფრთხოების სპეციალისტთა ჯგუფი.

ევროპის ჩემპიონატს სტუმრად
ეწვევა მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი, ბატონი ჯო ვილის ჯონსი. (ჩილე), შეჯიბრისას იგი პირადად უხელმძღვანელებს უსაფრთხოების ჯგუფის მუშაობას.
გუნდები საშეჯიბრო მონაკვეთზე გეგმიურ ვარჯიშებს 22 მაისს დაიწყებენ.

ღონისძიების ოფიციალური გახსნა დაგეგმილია 23 მაისს, 20:00 საათზე, ქ. ბორჯომში, სილამაზის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე.

საშეჯიბრო დღეებია: 24, 25, 26 და 27 მაისი.

ჩემპიონატის პირდაპირი ტრანსლირება მოხდება ინტერნეტით საქართველოს ჯომარდობის ფედერაციის youtube.com-ის არხზე, ასევე, ინტერნეტტელევიზია Gogatv-ის მეშვეობით.

შეგახსენებთ, რომ შარშან, 25-29 მაისს იმავე ადგილას ჩატარებული ევროპის თასს მსოფლიო ფედერაციამ უმაღლესი შეფასება მისცა.

ამის შემდეგ მიიღო, განიხილა და გადაწყვიტა, 2017-ში უფრო მაღალი კატეგორიის ტურნირის - ევროპის ჩემპიონატის ჩატარების ადგილად სწორედ საქართველო დაესახელებინა.

განაცხადი გააკეთა თერთმეტმა ქვეყანამ: საქართველო, რუმინეთი, ჩეხეთი, რუსეთი, სლოვაკეთი, ლატვია, უნგრეთი, იტალია, თურქეთი, დანია და დიდი ბრიტანეთი. ამ ქვეყნებიდან მსოფლიოს ფედერაციამ სწორედ საქართველო აირჩია ტურნირის მასპინძლად.

ჯომარდობის ევროპის ჩემპიონატი ტარდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით.

ევროპის ჩამპიონატი ჯომარდობაში იმ 13 სპორტული ღონისძიების რიცხვშია, რომელიც გაერთიანებულია პროექტში "Check in Georgia Sport".

ღონისძიების საპატიო სტუმრების და სამსაჯო კოლეგიის შიდა გადაყვანას უზრუნველყოფს გენერალური სპონსორი - ტურისტული კომპანია "ჯეოვაილდექსი".

ღონისძიების ყველა სტუმარი შეჯიბრის პერიოდში დაზღვეული იქნება საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია "კამარას" მიერ.

სპონსორები: "აი დი ეს ბორჯომი", "ზედაზენი", myreklama.ge, rafting.ge, "ორენჯ ფიტნესი", გიფერი, racia.ge, "ენერგო პრო" და "ნაციონალური დელიკატესი".

სპეციალური მადლობა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს.

მედიაპარტნიორები: რუსთავი 2, Gogatv , რადიო "ჯაკო", რადიო "იმედი", ambebi.ge, sportall.ge,
ჟურნალი "ჯორჯიან დეი".

გამარჯვებულების დაჯილდოება და ჩემპიონატის დახურვა გაიმართება 27 მაისს, ბორჯომის რაიონის სოფ. ჩათახევში, საჯომარდო ბანაკში "ჯომარდია".

28 მაისს სპორტსმენები და ღონისძიების უცხოელი სტუმრები დატოვებენ საქართველოს.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული