სინქრონული ცურვა - მივიწყებული დაგვიბრუნდება

AutoSharing Option
ოცდათხუთმეტი წლის წინათ, როცა საწყლოსნო კომპლექსი "ლაგუნა ვერე" გაიხსნა, მისი გენერალური დირექტორის, ყოფილი წყალბურთელის, ვლადიმერ გოიაშვილის ინიციატივით იქ სინქრონული ცურვის სექციაც გაიხსნა, რომელსაც ანა ივანოვა ჩაუდგა სათავეში.

ორი წლის შემდეგ ჩამოყალიბდა საქართველოს ნაკრები, რომელსაც კონსტანტინე მაისურაძე ხელმძღვანელობდა, მთავარ მწვრთნელად კი ლარისა მარგუნენკო დაინიშნა.

იმ დროს სპორტის ეს ულამაზესი სახეობა ახალი ხილი იყო და მომეცადინეებიც მრავლად იყვნენ როგორც თბილისში, ისე ქუთაისში. გამოჩნდა ნიჭიერი თაობა, რომელმაც მალე მთელი საბჭოეთი აალაპარაკა.

იმ გუნდის ღირსეული წევრი გახლდათ ნინო მაისურაძე, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი.

ახლა
იგი საქართველოში სინქრონული ცურვის აღორძინების საინიციატივო ჯგუფს უდგას სათავეში.

- თავიდან ცურვაზე დავდიოდი, მერე მშობლების ინიციატივით სინქრონულ ცურვაზე გადავინაცვლე მზია იაგორაშვილთან, - ბავშვობის წლები გაიხსენა ნინო მაისურაძემ, რომელსაც ამ რამდენიმე დღის წინათ "ოლიმპიკის" აუზზე შევხვდი სინქრონულ მოცურავეთა საქართველოს პირველობაზე. - მერე ახალგაზრდულ ნაკრებში მოვხვდი ლარისა მარგუნენკოსთან.

ერთბაშად წამოვიდა ნიჭიერი თაობა. მაშინ ჩემთან ერთად ნაკრებში ვარჯიშობდნენ ქრისტინა ფალასინიდი, ლელა მამიაური, ნინო გელაშვილი, ეკა არჯევანიძე, ელისო მარგველაშვილი, ოლგა დიაკოვა, ანჟელა ვოზნიუკი.

რომ ნახეს, ჩვენს ჯგუფს რეალური პერსპექტივა ჰქონდა, ვლადიმერ გოიაშვილის დახმარებით კოტე მაისურაძემ მოსკოვიდან ცნობილი სპეციალისტი ნატალია მაშჩუკი ჩამოიყვანა. მეორე მწვრთნელი იყო ტატიანა კოსტარევა. მათ დიდ დახმარებას უწევდა საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი ლიანა კაპცოვა.

- პირველ წარმატებას როდის მიაღწიეთ?
- 1985 წელს - ახალგაზრდულ საკავშირო თამაშებზე ჯგუფურში ბრინჯაოს მედლები მოვიპოვეთ. მომდევნო წელს კი კიევში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში მე-2 ადგილი დავიკავეთ...

* * *
ეს წარმატება მაშინდელ საბჭოეთში მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა. ჩვენი გოგონები მიღწეულით არ დაკმაყოფილებულან.

იმავე 1986 წელს ნინო მაისურაძემ და ელისო მარგველაშვილმა ახალგაზრდულ სპარტაკიადაზე დუეტში ვერცხლის მედალი დაიმსახურეს, ჯგუფურში საქართველოს ნაკრებმა მე-3 ადგილი დაიკავა.

მსგავს წარმატებას მიაღწიეს საბჭოთა კავშირის ხალხთა მე-9 სპარტაკიადაზეც. 1987 წელს ნინო გელაშვილმა და ლელა მამიაურმა საბჭოთა კავშირის თასი მოიგეს, ჯგუფურში საქართველოს ნაკრები აქაც მესამე იყო.

1988 წელს საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულმა ნაკრებმა, რომლის შემადგენლობაშიც ნინო მაისურაძეც გამოდიოდა, ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა.

მქონდა ბედნიერება, ჩვენი სინქრონული მოცურავეების წარმატებული ასპარეზობისთვის თვალი მედევნებინა 1989 წელს დონეცკში, მე-4 საკავშირო ახალგაზრდულ თამაშებზე.

მაშინ ქრისტინა ფალასინიდიმ სოლოში, ქრისტინამ და ნინო მაისურაძემ დუეტში ოქროს მედლებით დაიმშვენეს მკერდი, ხოლო ჯგუფურში ფალასინიდი, მაისურაძე, ელისო მარგველაშვილი, მანანა ჩანქსელიანი, ეკა ასათიანი, ნინო ლომოური, ტატიანა გუტიაკულოვა, ირინე ტარუაშვილი და მაია მელაძე მეორე ადგილზე გავიდნენ.

- 1989 წელი ქრისტინასთვის განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა, - განაგრძო თხრობა ნინო მაისურაძემ. - სეულის მეშვიდეადგილოსანი ევროპის აბსოლუტური ჩემპიონი გახდა - სოლოში, დუეტსა და ჯგუფურში დაიმსახურა ოქროს მედლები. მომდევნო წელს მანანა ჩანქსელიანმა საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში ჯგუფურში მოიპოვა ევროპის პირველობა.

- მერე საბჭოთა კავშირი დაიშალა და...
- სანამ ეს მოხდებოდა, მე და ქრისტინამ საკავშირო ნაკრებთან ერთად იტალიის და გერმანიის ღია ჩემპიონატები მოვიგეთ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩვენთან სინქრონული ცურვის განვითარების არავითარი პირობა არ ჩანდა არეული პოლიტიკურ-ეკონომიკური სიტუაციის გამო - სპორტისთვის არავის ეცალა.

ქრისტინა ფალასინიდიმ და ნატალია მაშჩუკმა საბერძნეთს მიაშურეს. 1991 წელს აქტიურ სპორტს ჩამოვშორდი. 1998-დან 2004 წლამდე ახალგაზრდებს ვავარჯიშებდი, მერე მწვრთნელობას თავი დავანებე.

- და ისევ დაუბრუნდით სინქრონულ ცურვას?
- ყოფილმა თანაგუნდელებმა გადავწყვიტეთ, საქართველოში სპორტის ეს სახეობა ავაღორძინოთ. საამისოდ ახლა მეტი საშუალებაა.

აუზებიც მომრავლდა. მით უმეტეს, რომ ჩემი თაობის სპორტსმენები რამდენიმე წელიწადია, მუშაობენ ახალგაზრდებთან. აი, ხომ ხედავთ, 10-წლიანი შესვენების შემდეგ საქართველოს პირველობაც ჩავატარეთ.

საბერძნეთში მუშაობს ნინო ლომოური-ბოჭორიშვილი, რომელიც იქაურ სპორტსმენებთან ერთად თავის ქალიშვილ ქრისტინესაც ავარჯიშებს. ნიჭიერი გოგოა.

რამდენიმე წელიწადია, საქართველოს სახელით გამოდის საერთაშორისო სარბიელზე. 2011 წელს ლუქსემბურგში ევროპის მეგობრული ტურნირი მოიგო თანატოლებში, 18-წლამდელთა ევროპის პირველობაზე მე-10 ადგილი დაიკავა. საქართველოშიც გვყავს ბევრი პერსპექტიული გოგონა. ასე რომ, თამამად შემიძლია ვთქვა - სინქრონულ ცურვას ჩვენში მომავალი აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოგესალმებიით მაინტერესეებ სად შემიძლია ბავშვი ვატარო სინქრონულ ცურვაზეეე?
ანა
11:46 23-05-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული