იტალია-საქართველო 14:5 - პირველი პერიოდი მოიგეს, მაგრამ...

AutoSharing Option
საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ნაკრები მსოფლიო ლიგის ევროპული ზონის გათამაშებაში მეორედ მონაწილეობს 11 საუკეთესო გუნდს შორის. ამჯერად C ჯგუფში ჩვენთან ერთად არიან იტალიელები და რუსები.

შარშან, შეჯიბრების დაწყებამდე ორი კვირით ადრე ტურნირში მონაწილეობაზე უარი თქვეს თურქებმა, რომლებიც ჩვენს ჯგუფში იყვნენ. ასპარეზობის სტარტზე საქართველოს ნაკრები შინ რუსეთის გუნდთან დამარცხდა - 13:14. მეორე ტურში ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების სამ-სამგზის გამარჯვებულმა იტალიელებმა ჩვენს ჩრდილოელ მეზობლებს სტუმრად 10:7 სძლიეს, მესამე ტურში კი საქართველოს უმასპინძლეს.

იტალია-საქართველო 14:5
1:2, 5:1, 3:1, 5:1
იტალია: მარკო დელ
ლუნგო, ფრანჩესკო დი ფულვიო (2), ნიკოლო გიტო (2), უმბერტო ესპოზიტო, ანდრეა ფონდელი (3), სანდრო ველოტო (2), ვინჩენცო დოლჩე (1), ვალენტინო გალო (2), ნიკოლას პრესკიუტი, მიხაელ ბოდეგასი (1), ჯაკომო კასასოლა, ჯაკომო ალესიანი (1), ჯანმარკო ნიკოსია, მწვრთნელი კამპანა.
საქართველო: ბექა კაპანაძე, ბექა ქავთარაძე, ნიკა შუშიაშვილი, რევაზ იმნაიშვილი, ანდრია ბითაძე (2), მარკო ელაჩა (2), გიორგი ხვედელიანი, მიხეილ ბაღათურია, ზურაბ რურუა, ლევან ჩიქვინიძე, ალექსანდრე რუსიშვილი, გიორგი მესხი (1), ირაკლი რაზმაძე, მწვრთნელი იოვან პოპოვიჩი.

იტალია-საქართველოს შეხვედრას 1500 გულშემატკივარი დაესწრო. მატჩი მასპინძელთა სწრაფი იერიშებით დაიწყო, მაგრამ მათ მიზანს ვერ მიაღწიეს, სამაგიეროდ, მესამე წუთზე სტუმართა მორიგი კონტრშეტევისას ფონდელის უხეში შეცდომის შემდეგ მარკო ელაჩამ ქართველები დააწინაურა - 1:0.

პირველი პერიოდის დასრულებამდე ორი წუთით ადრე საქართველოს ნაკრების ცენტრალურ თავდამსხმელ ანდრია ბითაძესთან უხეში თამაშისთვის გალო გააძევეს. სტუმრებმა რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენეს და ბითაძემ ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდა. რამდენიმე წამის შემდეგ გიტომ კაპანაძის კარში პირველი გოლი გაიტანა.

მეორე რვაწუთიანი მონაკვეთის დასაწყისშივე ისევ ელაჩამ იყოჩაღა - 3:1. ეტყობა, იტალიელები ამ გოლმა გამოაფხიზლა, რადგან პაექრობის სადავეები ხელთ იგდეს და პირველი ტაიმის ბოლომდე სამი ბურთით გავიდნენ წინ - 6:3.

დარჩენილ ორ პერიოდში ქართველებმა მხოლოდ ორი ბურთის გატანა (ბითაძე, მესხი) შეძლეს აპენინელთა რვა გოლის წილ და 5:14 დამარცხდნენ.

ამჟამად C ჯგუფში ასეთი სატურნირო მდგომარეობაა: იტალია - 6 (24:12), რუსეთი - 3 (24:20), საქართველო - 0 (18:28) ქულა. 14 თებერვალს საქართველო სტუმრად ითამაშებს რუსეთთან, 14 მარტს ჩვენი მეზობლები ეწვევიან რომს, ხოლო 11 აპრილს ქართველი წყალბურთელები თბილისში იტალიას უმასპინძლებენ.

A ჯგუფში მესამე ტურის შეხვედრების ძირითადი დრო ფრედ დასრულდა. გამარჯვებულები პენალტებმა გამოავლინა: გერმანიამ რუმინეთს აჯობა 14:13, ხოლო სერბეთმა სლოვაკეთს მოუგო 18:17. სერბეთი - 7, სლოვაკეთი - 4, რუმინეთი - 4, გერმანია - 1 ქულა.

B ჯგუფში ხორვატიამ სტუმრად ჰოლანდიას სძლია - 18:7, ხოლო საბერძნეთმა შინ საფრანგეთი დაამარცხა - 16:7. ხორვატია - 9, საბერძნეთი - 6, ჰოლანდია - 3, საფრანგეთი - 0 ქულა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული