წყალბურთი. ლეგიონი: ქართველთა სლოვაკური ოქრო

AutoSharing Option
სლოვაკეთის წყალბურთელ ვაჟთა 2016-17 წლების ეროვნულ ჩემპიონატში, რომელიც შარშან სექტემბერში დაიწყო, რვა გუნდი მონაწილეობდა. ორწრიანი რეგულარული პირველობის შემდეგ პლეი ოფში ოთხი გუნდი გავიდა, მათ შორის - ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელი "ნოვაკი". ამ გუნდის შემადგენლობაში საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ნაკრების ორი წევრი თამაშობს - რევაზ იმნაიშვილი და გიორგი მაგრაქველიძე.

ფინალურ ოთხეულში გუნდები ორ-ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს: "ნოვაკმა" ბრატისლავის "სლავიას" შინ 10:7 მოუგო, სტუმრად ფრეს (10:10) დასჯერდა, მთავარ კონკურენტ ჰორნეტის "კოშიცესაც" ერთ მატჩში სძლია - 13:10, მეორეში კი დაუზავდა - 5:5.

ჩემპიონობის ბედი
ბოლო ორ შეხვედრაზე იყო დამოკიდებული: ნოვაკელებმა "მადრი კოშიცე", რომელიც ფინალურ კვარტეტში ყველაზე სუსტი გუნდი იყო, სტუმრად 15:5 (4:2, 2:0, 5:3, 4:0) დაამარცხეს, ხოლო შინ 17:6 (4:0, 4:1, 6:3, 3:2) მოუგეს და ჩემპიონები გახდნენ.

სლოვაკური ოქროს მედლები ქართველ წყალბურთელებსაც ერგოთ. ბოლო ორ პაექრობაში მაგრაქველიძე 3, იმნაიშვილი კი 2 გოლით შეეწია თანაგუნდელებს.

* * *
იტალიის წყალბურთელ ვაჟთა სერია-A-ს დასრულებამდე ექვსი ტური დარჩა. მე-20 ტურში მარკო ელაჩას გუნდმა "სპორტმენეჯმენტმა" სტუმრად "ორტიჯიას" სძლია - 11:5 (3:2, 3:1, 2:2, 3:0), ხოლო ანდრია ბითაძის რომის "ვის ნოვა" "ბრეშასთან" 9:16 (1:2, 2:5, 3:5, 3:4) დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების წყალბურთელებს ამ მატჩებში გოლები არ გაუტანიათ.

ჩემპიონატში 60 ქულით "პრო რეკო" მეწინავეობს - ის ხუთი ქულით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ "ბრეშას". 49 ქულით მესამე ადგილზეა "სპოტმენეჯმენტი", რომელსაც უახლოესი კონკურენტი "ნაპოლი" 10 ქულით ჩამორჩება. 20 ქულით "ვის ნოვა" მე-9 ადგილზეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული