12:00 13-06-2017
დაბრუნება ოქროთი - წყალბურთის კლუბი "დინამო" საქართველოს ჩემპიონია!
AutoSharing Option
რეგულარული შეჯიბრება წრიული სისტემით გაიმართა. ასპარეზობა 6-6 ქულით (2-2 მოგება და თითო მარცხი) დაასრულეს შარშანდელმა ჩემპიონმა "ლოკომოტივმა", "თბილისმა" და "დინამომ" (ვეტერანთა კლუბმა "ზვიგენებმა" სამივე ორთაბრძოლა დათმო).
ნახევარფინალში "დინამო" ლოკომოტიველებს დაუპირისპირდა. შეხვედრა დაძაბული გამოდგა. პირველ რვაწუთიან მონაკვეთში უპირატესობას ვერცერთმა მხარემ ვერ მიაღწია - 2:2. მეორე პერიოდში დინამოელები ერთი ბურთით დაწინაურდნენ - 2:1. დიდი შესვენების შემდეგ "დინამოს" უპირატესობა უფრო შესამჩნევი გახდა და მან გაიმარჯვა კიდეც - 12:8 (2:2, 2:1, 3:2, 5:3).
მეორე ნახევარფინალში "თბილისმა" იოლად სძლია "ზვიგენებს" - 24:6 (6:2, 4:1, 6:1, 8:2). ეს არც არის გასაკვირი, რადგან საქართველოს ეროვნული და 19-წლამდელთა ნაკრები გუნდების წევრთა ერთი ნაწილი სწორედ აქ თამაშობს.
ოქროს მედლებისთვის გადამწყვეტ პაექრობაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
დინამო-თბილისი 11:10 (5:2, 3:3, 2:1, 1:4)
დინამო: ნამორაძე, ჩიკვაიძე, ცრეპულია (3), იმნაიშვილი (1), ლაითაძე (1), ბითაძე (1), თევდორაშვილი, დვალი, რურუა (2), ყაზახიშვილი (1), მაგრაქველიძე (2), ქართველიშვილი, შავდათუაშვილი.
თბილისი: კაპანაძე, ცხაკაია, დიასამიძე (1), სამყურაშვილი, კუჭუაშვილი (2), ქათამაძე (1), ხვედელიანი (3), ბაღათურია, ჯახაია, შუშიაშვილი, მესხი (1), რაზმაძე, ბაბუნაშვილი (2).
ფავორიტად დინამოელებს მიიჩნევდნენ, რადგან ამ კლუბში, როგორც აღვნიშნეთ, მოთამაშეთა უმრავლესობა უცხოურ გუნდებში გამოდის და წარმატებითაც. მაგალითად, რევაზ იმნაიშვილმა და გიორგი მაგრაქველიძემ წლეულს "ნოვაკის" შემადგენლობაში სლოვაკეთის პირველობაზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ნაკრების კაპიტანი ზურაბ რურუა რუმინეთის ჩემპიონატში ბრაშოვის "სპორტულის" ღირსებას იცავდა. ანდრია ბითაძემ რომის "ვის ნოვასთან" ერთად იტალიის ჩემპიონატის სერია A-ში იასპარეზა, დამირ ცრეპულია ("ჰელიაპოლისი") ეგვიპტის ჩემპიონია, ხოლო გიორგი ყაზახიშვილი გერმანიის ბუნდესლიგაში თამაშობდა.
მატჩი თბილისელთა იერიშებით დაიწყო და პირველსავე წუთზე ხვედელიანმა ანგარიში გახსნა. პერიოდის ბოლომდე დინამოელებმა კაპანაძის კარში ხუთი ბურთი გაიტანეს, რასაც მეტოქემ ერთი გოლით უპასუხა. ორთაბრძოლის ამგვარი დასაწყისის შემდეგ ყველას ეგონა, რომ "დინამო" იოლად გაიმარჯვებდა, მაგრამ სხვაგვარად ფიქრობდნენ "თბილისის" წყალბურთელები, რომლებმაც მეორე რვაწუთიან მონაკვეთში არაფერი დაუთმეს მეტოქეს - 3:3.
დიდი შესვენების შემდეგ დინამოელებმა ანგარიშში სხვაობა ოთხ ბურთამდე აიყვანეს და, ეტყობა, საქმე მომთავრებულად მიიჩნიეს, რისთვისაც კინაღამ დაისაჯნენ - მეოთხე პერიოდი "თბილისმა" 4:1 მოიგო, მაგრამ საერთო გამარჯვებამდე ეს არ ეყო - 10:11 დამარცხდა.
"დინამომ" ეროვნულ ჩემპიონატში დაბრუნება ოქროს მედლებით აღნიშნა. მეორე ადგილზე "თბილისი" გავიდა. ბრინჯაოსთვის პაექრობაში "ლოკომოტივმა" "ზვიგენებს" 23:2 (7:0, 7:0, 3:2, 6:0) აჯობა.
"დინამოს" დაბრუნებამ ეროვნული ჩემპიონატი გამოაცოცხლა, - გვითხრა საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა დავით რურუამ. - პაექრობები დაძაბული და საინტერესო გახდა. ჩემპიონობაც ღირსეულმა მოიპოვა.
ახლა საქართველოს ნაკრების წევრები, რომლებიც მედალოსანი გუნდების შემადგენლობაში თამაშობენ, იოან პოპოვიჩისა და ვლადიმერ ისელიძის ხელმძღვანელობით საერთაშორისო ტურნირისთვის მოემზადებიან - "ოლიმპიკის" აუზში 16-18 ივნისს ისინი "თბილისის თასზე" რუმინეთს, ყაზახეთსა და იაპონიას დაუპირისპირდებიან.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული