სახელოვან მწვრთნელთა სახელობის

AutoSharing Option
ქართულ წყალბურთს მრავალი კორიფე აღუზრდია. და ეს არ იყო შემთხვევითი - მათ ხომ ღირსეული დამკვალიანებლები ჰყავდათ.

უპირველესად ვლადიმერ ბარნაბიშვილი გვინდა გამოვყოთ, მთელ ქალაქში პოპულარული პიროვნება, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებ გუნდებს წვრთნიდა. "ძია ვოვას" აღზრდილთა შორის არიან სახელოვანი ათლეტები - ვლადიმერ ისელიძე და ნოდარ კურტანიძე.

ქართული წყალბურთის წარმატებები დიდად არის დაკავშირებული როსტომ ჩაჩავას სახელთან. სწორედ ამ დიდბუნებოვანი ადამიანისა და მაღალკვალიფიციური სპეციალისტის ხელმძღვანელობით მოიპოვეს ჩვენმა სპორტსმენებმა საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადების ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები, თბილისის "დინამომ" საკავშირო ჩემპიონატში მე-3 ადგილი
დაიკავა, ჭაბუკთა ნაკრებმა კი ორჯერ მოსწავლეთა საკავშირო სპარტაკიადებში ოქროს მედლები მოიხვეჭა.

როსტომ ჩაჩავას შეგირდები - გივი ჩიქვანაია და ლერი გოგოლაძე წლების განმავლობაში გამოდიოდნენ საკავშირო ნაკრების შემადგენლობაში და 1960 წელს რომის ოლიმპიურ თამაშებში მეორე ადგილზე გავიდნენ.

სახელოვანი მწვრთნელების ღვაწლს საქართველოში არ ივიწყებენ. წყალბურთის ცნობილი სპეციალისტების - ზურაბ ჩაჩავას და ვლადიმერ გოიაშვილის ინიციატივით 2009 წელს "ლაგუნა ვერეზე" პირველად გაიმართა ვლადიმერ ბარნაბიშვილისა და როსტომ ჩაჩავას ხსოვნის ტურნირი მინიწყალბურთში.

წლეულს მსგავსი ღონისძიება მესამედ გაიმართება, რომელსაც მეცენატობას უწევს ამერიკაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე, ყოფილი წყალბურთელი, საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი ვახტანგ მებუკე, ასპარეზობის ორგანიზატორებს მან ამჟამადაც ოკეანისგაღმიდან გამოუგზავნა ტურნირის მთავარი პრიზი და ასლები.

შეჯიბრებაში, რომელსაც ისევ "ლაგუნა ვერე" უმასპინძლებს, დღეიდან 1995-1996 და 1997-1998 წლებში დაბადებულ წყალბურთელთა 7-7 გუნდი ჩაებმება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული