უმცროსებში "ლიგამუსი" დაწინაურდა

AutoSharing Option
გუშინ "ლაგუნა ვერეს" აუზში დაიწყო 1995-1996 და 1997-1998 წლებში დაბადებულ წყალბურთელთა ტურნირი, რომელიც სახელოვანი ქართველი მწვრთნელების - ვლადიმერ ბარნაბიშვილისა და როსტომ ჩაჩავას ხსოვნას ეძღვნება.

ასპარეზობის ინიციატორები არიან ზურაბ ჩაჩავა და ვლადიმერ გოიაშვილი. თითოეულ ასაკში 7-7 გუნდი იბრძვის საპრიზო ადგილებისთვის, მათ შორის - ორი ქუთაისიდან (ბათუმელებმა შეჯიბრებაზე ჩამოსვლა ვერ მოახერხეს).

მინიწყალბურთელთა ტურნირის პირველ დღეს უმცროს ასაკში (1997-1998 წ.წ.) ორი ტურის შეხვედრები (თითოეული პერიოდი 4 ბურთამდე გრძელდება) გაიმართა. წარმატებით იასპარეზა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის "ლიგამუსმა". სოსო მაისურაძის შეგირდებმა ჯერ "იმედს" სძლიეს იოლად -
2:0 (4:0, 4:0), შემდეგ - "ივერია-2"-ს - 2:0 (4:0, 4:0) და ორი მოგებით დაწინაურდნენ. დანარჩენი პაექრობები ასე დამთავრდა: "დიღომი"-"ივერია (1)" 0:2 (0:4, 0:4), "ივერია (2)"-ქუთაისი 2:1 (2:4, 4:0, 4:3), "ლისი"-"დიღომი" 2:0 (4:0, 4:1), ქუთაისი - "იმედი" 2:0 (4:0, 4:0).

უფროს ასაკში მხოლოდ ერთი ტურის გამართვა მოესწრო: "ლიგამუსი"-"იმედი" 2:0 (4:1, 4:3), პირველი ექსპერიმენტული სკოლა-ქუთაისი 0:2 (2:4, 3:4), "თბილისი"-"ივერია" 0:2 (2:4, 1:4). ქვეჯგუფებში ორთაბრძოლები დღეს დამთავრდება, ხვალ კი ნახევარფინალური და ფინალური პაექრობები ჩატარდება.

ჭაბუკ სპორტსმენთა მატჩებს თვალს ადევნებდა სახელოვანი წყალბურთელი ზურაბ ჩაჩავა. აი, რა გვითხრა მან:

"მტკვრის სანაპიროზე არსებულ საცურაო აუზში ვისწავლე წყალბურთის თამაში ვლადიმერ ბარნაბიშვილის ხელმძღვანელობით, რომელიც ყმაწვილთა უანგარო დამრიგებელი და თბილისის კოლორიტული პიროვნება გახლდათ. მუდამ პრინციპულს ყველასთან თბილი ურთიერთობა ჰქონდა, ერუდიციით ხიბლავდა გარშემომყოფთ. ჩემი ძმა როსტომ ჩაჩავა უფრო რთული ხასიათით გამოირჩეოდა. თუმცა, შეუდარებელი მწვრთნელი იყო. სხვა შედეგებზე რომ არაფერი ვთქვათ, მისმა დამოძღვრილმა ქართველებმა ორჯერ მოსწავლეთა საკავშირო პირველობა მოვიგეთ.

როსტომი უპირველესად აღზრდის პროცესს, არაფრისგან სახეების შექმნას აქცევდა ყურადღებას. სწორედ ამ თვისების გამო არცთუ იშვიათად კონფლიქტური სიტუაციები ჰქონდა ვარსკვლავებთან, რომლებსაც ხარვეზების გამოსასწორებლად მუშაობა არ უყვარდათ. ეტყობა, ამიტომაც ბარნაბიშვილი და ჩემი ძმაც უფრო ახალგაზრდებთან საქმიანობას ამჯობინებდნენ.

ჩვენც გადავწყვიტეთ, მათი ხსოვნის ტურნირი სწორედ ჭაბუკების მონაწილეობით გაგვემართა, თანაც მინი წყალბურთში. მოკლე წყალზე სპორტსმენებს მეტი იმპროვიზაციისა და ფანტაზიის გამოვლენის საშუალება აქვთ. სწრაფ თამაშში სპორტსმენის აზროვნების უნარიც კარგად ჩანს, ნათლად ვლინდება მისი ნიჭიერება...

დიდი მადლობა შეჯიბრების ორგანიზატორებსა და "ლაგუნა ვერეს" ხელმძღვანელობას, რომლებმაც ჭაბუკ წყალბურთელებს ასეთი ზეიმი აჩუქეს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული