წყალბურთელთა საქართველოს ჩემპიონატი: მედალოსნები ქულებს აგროვებენ

AutoSharing Option
შარშან წყალბურთელთა საქართველოს ჩემპიონატში პირველი-მესამე ადგილები "ლიგამუსმა", "თბილისმა" და "ივერიამ" დაიკავეს.

ისინი წლევანდელ მსგავს შეჯიბრებაშიც ერთმანეთის უმთავრეს კონკურენტებად და მედლების უპირველეს კანდიდატებად რჩებიან, რაშიც ქვეყნის პირველობის მეორე ტურმაც დაგვარწმუნა.

"ლიგამუსი" - "ბათუმი" 28:2 (9:0, 8:0, 5:0, 6:2)
"ლიგამუსი": ჭუმბურიძე, თუხარელი, მანძულაშვილი, იმნაიშვილი, ბაქრაძე (1), ხვედელიანი (9), რუსიშვილი (2), გიორგიძე (7), გეგელაშვილი (8), ნიკოლეიშვილი(1), გაბადაძე, შენგელია, რურუა, ბაღათურია. მწვრთნელი ისელიძე.
"ბათუმი": დადიანი, მელუა, ბარამიძე, ქათამაძე (1), ბერიძე, ხუხუნაშვილი, ხოზრევანიძე (1), ფანცხავა, გამყრელიძე, ჩაგუნავა, საბაშვილი, ზოიძე, მჟავანაძე, ძნელაძე, პეტრიძე. მწვრთნელი კაზიევი.

როგორც
ვთქვით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის "ლიგამუსი" მოქმედი ჩემპიონია. უმთავრესად, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებითაა დაკომპლექტებული. ამდენად, მას ტურნირის დებიუტანტ "ბათუმთან", რომელშიც ახალგაზრდა, გამოუცდელი წყალბურთელები თამაშობენ, იოლი გამარჯვება (28:2) არ გასჭირვებია. ლიგამუსელმა ხვედელიანმა ამ მატჩში 9 გოლი გაიტანა, თანაგუნდელი გეგელაშვილი ერთი ბურთით ჩამორჩა.

ზღვისპირელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ სამი პერიოდის შემდეგ ისინი შეხვედრას 22:0-ს აგებდნენ, მაგრამ ბოლო რვაწუთიან მონაკვეთში ბოლომდე იბრძოლეს, რათა წყლიდან "მშრალად" არ ამოსულიყვნენ და მიზანსაც მიაღწიეს.

"ივერია" - "ზვიგენები" 17:9 (5:1, 2:4, 7:2, 5:2)
"ივერია": ფავლენიშვილი, ჩიქვინიძე, ქარჩილაძე, ჯახაია (1), ცანკაშვილი (6), სხილაძე (3), ქართველიშვილი (1), გელაშვილი (3), ბუღაძე, სულაძე (2), ყაზახიშვილი(1), კახეთელიძე, კაპანაძე. მწვრთნელები - ჩომახიძე, ჩხარტიშვილი.
"ზვიგენები": ციხელაშვილი, ალავიძე (1), ალხაზოვი, ჩოდრიშვილი, ბერიშვილი, თოდრია, გოგელია (1), ცაგარელი (4), ბრეგვაძე, დოლიძე (1), მოსეშვილი (1), ჩიხლაძე, ქოიავა (1), ჩუბინიძე, დაუშვილი. მწვრთნელები - მაისურაძე, დოლიძე.

შარშანდელი ბრინჯაოს პრიზიორი "ივერიის" ღირსებას 1992-94 წლებში დაბადებულ წყალბურთელთა საქართველოს ნაკრების წევრები იცავენ, რომლებსაც მაისში თანატოლებს შორის ევროპის პირველობის შესარჩევი ტურნირი ელით. ამიტომ ეროვნულ ჩემპიონატს ამ შეჯიბრებისთვის უკეთ მოსამზადებლად და სათამაშო პრაქტიკის მისაღებად იყენებენ.

ახალგაზრდებს ვეტერანთა გუნდის წინააღმდეგ ურიგოდ არ უთამაშიათ, მაგრამ დაცვაში ხშირად ისეთ შეცდომებს უშვებდნენ, რომლებსაც საერთაშორისო ტურნირებში არავინ გაპატიებს. "ზვიგენებმა" უმთავრესად ამ ხარვეზების ხარჯზე შეძლეს მეორე პერიოდის მოგება - 4:2.

მეოთხეშიც შეეძლოთ უკეთესი შედეგის მიღწევა, მაგრამ ხელსაყრელი მომენტები ვერ გამოიყენეს. საბოლოოდ "ივერიამ" 17:9 გაიმარჯვა.

ჭაბუკთა ნაკრები - "თბილისი" 6:9 (0:1, 0:2, 3:4, 3:2)
ჭაბუკთა ნაკრები: ინწკირველი, ჩიკვაიძე (1), რევია, იმნაიშვილი, გაბადაძე, ბითაძე, ჯახაია, ჩერქეზიშვილი, კახეთელიძე, ყაზახიშვილი (2), ჩომახაშვილი (3), კაკულია, შენგელია. მწვრთნელები - პოპოვიჩი, ბაქრაძე.
"თბილისი": ნამორაძე, ქენქაძე (2), კოტარია (2), ბაბუნაშვილი (1), ლაითაძე (1), ყავლაშვილი (2), ქავთარაძე (1), ტუკვაძე, რაფავა, ჩერქეზიშვილი, ჩომახაშვილი, ალიბეგაშვილი, ლომიძე, მანძულაშვილი. მწვრთნელი კინწურაშვილი.

საქართველოს ვიცე-ჩემპიონს აშკარად გაუჭირდა ამ მატჩის მოგება, იმის მიუხედავად, რომ მეტოქედ 15-16 წლის წყალბურთელები ჰყავდა.

სერბეთში წრთობაგამოვლილმა ჭაბუკებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს "თბილისს", განსაკუთრებით - შესვენების შემდეგ. ეს ორმაგად სასიხარულოა, რადგან 6-8 აპრილს ისინი სახელოვანი წყალბურთელის - ნოდარ გვახარიას თასის მე-2 გათამაშებაში ჩაებმებიან და უცხოელ თანატოლებთან მოუწევთ გაჯიბრება. იმედია, პარასკევამდე დარჩენილ დროში ეროვნული ჩემპიონატის ორი მატჩის გაანალიზებას, ხარვეზების აღმოფხვრასა და ტაქტიკური მონახაზის დახვეწას მოასწრებენ.

ეროვნული ჩემპიონატის მომდევნო ტური 18 აპრილს უნდა გამართულიყო, მაგრამ ახალგაზრდული ნაკრების ევროპის პირველობაში მონაწილეობასთან დაკავშირებით იგი გადავადდება. აქვე გაუწყებთ ორი ტურის ჯამში საუკეთესო ბომბარდირთა ვინაობას: გეგელაშვილი, გიორგაძე - 11-11, ხვედელიანი (სამივე - "ლიგამუსი") - 10, ცანკაშვილი ("ივერია") - 9, ცაგარელი ("ზვიგენები") - 6 ბურთი.

მეორე ტურის დამთავრების შემდეგ საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ ალექსანდრე ბითაძეს გავესაუბრეთ:

- "ოლიმპიკის" აუზში ორი დღის განმავლობაში საინტერესო პაექრობები ვიხილეთ. ყველაზე მეტად მაინც ის მახარებს, რომ ჩემპიონატში მონაწილე გუნდების რაოდენობა და წყალბურთის გეოგრაფია გაიზარდა. დიდი მადლობა ბათუმელებს. მართალია, ზღვისპირელებმა ორივე შეხვედრა დათმეს, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ გუნდი ახალგაზრდა, გამოუცდელი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული.

არც მეეჭვება, რომ გაისად ისინი უფრო ძლიერი შემადგენლობით დაუპირისპირდებიან მეტოქეებს. ბათუმს ხომ წყალბურთში შესანიშნავი ტრადიციები აქვს.

ჩემპიონატში ჭაბუკთა ნაკრების ჩართვა იმით არის განპირობებული, რომ 2013-14 წლებში ჩვენს ბიჭებს ევროპის პირველობის შესარჩევი ეტაპი ელით. აი, ახლა - 6-8 აპრილს კი, საერთაშორისო ტურნირში ჩაებმებიან ოლიმიური თამაშების პრიზიორ ნოდარ გვახარიას თასზე. პარასკევს ყაზახებს დაუპირისპირდებიან, შაბათს - ბელარუსებს, კვირას კი - თურქებს. ყაზახეთის გუნდს არ ვიცნობთ, მაგრამ ამ ქვეყანაში ხომ წყალბურთი პრიორიტეტულია. თანაც ის ფაქტი, რომ შუააზიელთა ეროვნული ნაკრები კონტინენტის ბოლო ორი წლის ჩემპიონია, ბევრ რამეზე მეტყველებს.

ბელარუსები ახალგაზრდული ნაკრებით ჩამოვლენ, ანუ ტურნირის სხვა მონაწილეებზე 3-4 წლით უფროს ბიჭებს ჩამოიყვანენ. გვთხოვეს, ასეთი გამონაკლისი დაგვეშვა, რადგან სლავების გუნდი ევროპის პირველობისთვის ემზადება და საერთაშორისო ტურნირებში თამაშის გამოცდილება სჭირდება.

რაც შეეხებათ თურქებს, ამ ქვეყანაში 20 წელიწადია, წყალბურთს უდიდესი ყურადღება ექცევა. თავად განსაჯეთ: მათმა ეროვნულმა ნაკრებმა ზედიზედ ორჯერ იასპარეზა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, აპრილში კი კანადის სალიცენზიო ტურნირზე ითამაშებს ლონდონის ოლიმპიადის საგზურის მოსაპოვებლად. ყოველივეს მიუხედავად, ვეცდებით მთავარი პრიზი შევინარჩუნოთ.

- ეროვნული ჩემპიონატის მესამე ტური როდის გაიმართება?
- 1993-94 წლებში დაბადებულ წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი 24-27 მაისს სტამბულში გაიმართება.

შეჯიბრებისთვის ჩვენი ახალგაზრდული ნაკრებიც ემზადება. არადა, ამ ბიჭებითაა დაკომპლექტებული ეროვნული ჩემპიონატის პრიზიორი "ივერია". ისინი 15-21 აპრილს სერბეთში გაივლიან საწვრთნელ შეკრებას და იქაურებთან ტესტმატჩებსაც გამართავენ. ასე რომ, ნაკრებს ხელი უნდა შევუწყოთ, ტურის გადაწევა მოგვიწევს. ვფიქრობ, ამით არავინ დაზარალდება.

ალექსანდრე კოტორაშვილის ფოტო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული