შესარჩევ ტურნირს 24 მაისიდან სტამბული უმასპინძლებს. იქ თურქები, ქართველები, მოლდოველები, ბელარუსები და კვიპროსელები ფინალური ეტაპის ორი საგზურისთვის იბრძოლებენ. ჩვენი ბიჭები სტარტზე სწორედ მასპინძლებს დაუპირისპირდებიან, 25-ში მოლდოველებს გაუწევენ მეტოქეობას, 20 მაისს ორ მატჩს გამართავენ - დილით ბელარუსთან, საღამოს - კვიპროსთან.
აქ მნიშვნელოვანი ტურნირისთვის ინტენსიური მზადება საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ეროვნულ ჩემპიონატში ("ივერიის" სახელით) მონაწილეობით დაიწყო. ორი მნიშვნელოვანი მატჩიც მოიგო - შარშანდელ ვიცე-ჩემპიონ "თბილისთან" და "ზვიგენებთან".
2 მაისს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები პოლონეთში "სლავიანკას თასის" გათამაშებაში ჩაებმება. იქ ჩვენებურთა მეტოქეები იქნებიან უკრაინა (3 მაისი), დიდი ბრიტანეთი (4 მაისი), პოლონეთი, ისრაელი (ორივე შეხვედრა 5 მაისსაა დანიშნული) და ბელარუსი (6 მაისი).
რევაზ ჩომახიძის შეგირდები დასკვნით შეკრებას თბილისში საწყლოსნო კომპლექს "ოლიმპიკის" აუზში გამართავენ, სადაც 10 მაისს რუსეთის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე კირიშის გუნდს უმასპინძლებენ და შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში სტუმრებთან ერთად ივარჯიშებენ.
ასე რომ, ჩვენი ბიჭები ევროპის პირველობის შესარჩევ ტურნირს ყოველმხრივ მომზადებულები შეხვდებიან და სტამბულში ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად იბრძოლებენ, რომელიც აგვისტოს ბოლოსა და სექტემბრის დასაწყისში საფრანგეთში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ორი წლის წინათ, ამ ბიჭებმა 17-წლამდელთა ევროპის პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ასევე ჩომახიძის ხელმძღვანელობით, სძლიეს დიდბრიტანელებს, პოლონელებს, ფრედ დაამთავრეს შეხვედრა ბელარუსებთან და კონტინენტის 16 საუკეთესო გუნდს შორის დაიმკვიდრეს ადგილი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"