ზუკას თასი მეექვსედ გათამაშდა

AutoSharing Option
საწყლოსნო კომპლექს "ლაგუნა ვერეს" საცურაო აუზში ორ დღეს გრძელდებოდა ახალგაზრდა წყალბურთელის, ზურაბ სახელაშვილის ხსოვნის ტურნირი მინი-წყალბურთში.

შეჯიბრება სპორტის სამინისტროს და თბილისის მერიის თანადგომით მეექვსედ ჩატარდა. პირველობისთვის რვა გუნდი იბრძოდა, მათ შორის - ერთი ბელარუსიდან.

ქვეჯგუფებში წრიული სისტემით გამართული პაექრობების შემდეგ ნახევარფინალში საუკეთესო ოთხეული გავიდა. საქართველოს ჩემპიონმა, ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის "ლიგამუსმა" დაძაბულ პაექრობაში 2:1 (6:3, 1:6, 6:2) აჯობა ქვეყნის ვიცე-ჩემპიონ "თბილისს" და ფინალში გავიდა, სადაც "ზვიგენების" მძლეველ (6:2, 6:2) "CEO-73"-ს დაუპირისპირდა.

ეს უკანასკნელი ვეტერანი წყალბურთელებით იყო დაკომპლექტებული (ნიკოლოზ შუბლაძე, გიორგი
გოგუაძე, ნოდარ ჩხარტიშვილი, ზურაბ ალავიძე, გალაქტიონ ლაითაძე, რევაზ ჩომახიძე, ავთანდილ მაღლაკელიძე, გიორგი ბურდული, ნიკოლოზ გიორგაძე), რომელთაგან ოთხს (ალავიძეს, ლაითაძეს, ჩომახიძეს, მაღლაკელიძეს) საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ნაკრებში უთამაშია.

რევაზ ჩომახიძე 2002-04 წლებში სულაც ევროპის საუკეთესო წყალბურთელი გახლდათ და ოლიმპიურ თამაშებში ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები აქვს მოპოვებული.

"ლიგამუსმა", რომლის შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების წევრები გამოდიან (კონსტანტინე გეგელაშვილი, კოკა გიორგაძე, ზურაბ ჭუმბურიძე, გიორგი ხვედელიანი, ტატო ნიკოლეიშვილი, სანდრო რუსიშვილი, ლევან როსტოშვილი), სწორედ ჩომახიძე-ლაითაძის ტანდემის განეიტრალება ვერ მოახერხა და პირველი პერიოდი მშრალი ანგარიშით - 0:6 წააგო.

ილიაუნელებმა მეორე პერიოდი 3:6 დათმეს და მეორე ადგილს დასჯერდნენ. მთავარი პრიზი "CEO-73"-მა მოიპოვა. მესამე ადგილისთვის პაექრობაში "თბილისმა" "ზვიგენებს" სძლია - 6:2, 6:2.

ტურნირის საუკეთესო მეკარედ სანდრო ნამორაძე ("თბილისი") სცნეს, საუკეთესო მოთამაშედ გალაქტიონ ლაითაძე ("გეო-73") დაასახელეს. 29 გატანილი ბურთით ბომბარდირი გახდა ბექა ქენქაძე ("თბილისი").

გამარჯვებულები და პრიზიორები მედლებითა და თასებით დააჯილდოვეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული